ურაკანი-ნიუელსი 1:1
გოლები: 1:0 სარატე (19), 1:1 სპერდუტი (49)
ლანუსი-ბანფილდი 0:0
ტიგრე-კილმესი 3:0
გოლები: 1:0 ეჩევერია (9), 2:0 მორალესი (79), 3:0 სტრაკუალურსი (80)
კოლონი-გოდოი კრუსი 1:3
გოლები: 1:0 დიასი (30), 1:1 კასტილიო (68), 1:2 რამირესი (71), 1:3 სალინასი (76)
სან ლორენსო-ოლ ბოისი 3:1
გოლები: 1:0 მენსეგესი (54), 2:0 პერეირა (67), 2:1 მატოსი (პენ. 69), 3:1 ტულა (82)
ინდეპენდიენტე-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 სენა (60), 0:2 გონსალესი (77), 1:2 გალეანო (89)
არხენტინოსი-რივერი 0:0
ბოკა-ველესი 2:1
გოლები: 1:0 ბატალია (36), 2:0 ვიატრი (66), 2:1 სილვა (85)
ოლიმპო-რასინგი 1:0
გოლი: 1:0
ესტუდიანტესი-ხიმნასია გადაიდო
ტური "ესტადიო ტომას ადოლფო დუკოზე" გაიხსნა, სადაც "ურაკანმა" "ნიუელსს" უმასპინძლა. თანაბარი ბრძოლა ლოგიკური ფრით დასრულდა. გუნდებმა თითო ტაიმი მოიგეს და გოლებიც ერთი და იმავე ფრთიდან წამოწყებული იერიშების შედეგად გაიტანეს. ჯერ "გლობოელებმა" შეუტიეს მარჯვნიდან და კიროგა-მარტინესი- მონტილიოს სწრაფი კომბინაციის შემდეგ, ცარიელი კარის წინ როლანდო სარატე დარჩა. ცნობილი საფეხბურთო დინასტიის (5 ძმა. უფროსი - სერხიო 90-იან წლებში "ფრაიბურგსა" და "ჰამბურგში" ბრწყინავდა, უმცროსი - მაურო დღესაც " ლაციოს" ლიდერია) შუათანა წევრს ბურთისთვის ფეხის წაკვრაღა რჩებოდა - 1:0. სტუმრებმა პასუხი მეორე ტაიმის დებიუტში გასცეს. მაურო ფორმიკა მარჯვნიდან "პულგა" როდრიგესს აწვდიდა, მცველის მოგერიებულს კი მაურისიო სპერდუტიმ დაამატა - 1:1.
სამი სასტარტო მარცხის შემდეგ, "ტიგრემ" ჯავრი "კილმესზე" იყარა. მე-9 წუთზე მარჯვენა ფრთიდან მოწოდებულ კუთხურს შორეულ ძელთან მარიანო ეჩევერია დახვდა - 1:0. მეორე გოლამდე "ხოსე დელაჯოვანაზე" შეკრებილ ინჩადას 70 წუთის მოცდა მოუწია, მაგრამ დიეგო მორალესის რეიდი ამად ღირდა! 23 წლის ვინგერმა მარცხენა ფლანგზე მოატყუა ორი მცველი, საჯარიმოში კიდევ სამს გასცდა და მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა - 2:0. დემორალიზებულმა სტუმრებმა ცენტრიდან დაწყებისთანავე დაკარგეს ბურთი, რომან მარტინესმა გარღვევაზე გაიყვანა დენის სტრაკუალურსი და - 3:0.
სანტა ფეს "ხენერალ ესტანისლაო ლოპესზე", "ტიგრეს" მსგავსად, "კოლონიც" მზად იყო პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ანტონიო მოამედის გუნდს მასსავით "ელ ტურკოს" მეტსახელით ცნობილი ომარ ასადის "გოდოი კრუსის" სახით ძლიერი მეტოქე ჰყავდა. ამას დაემატა არბიტრ ხუან პაბლო პომპეის საკამათო გადაწყვეტილებები და საქმე კრახით დასრულდა. არადა, პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ის, რომ შესვენებამდე დანიელ დიასის გოლი ერთადერთი გამოდგა, "კოლონის" ფეხბურთელთა უპასუხისმგებლობით აიხსნება - ძალიან ბევრ მომენტს ფლანგავდნენ. 37-ე წუთიდან პომპეიმ. ჯერ კრისტიან ლედესმა გააძევა, მეორე ტაიმის სტარტზე კი, მაურო ბელონე.
9 კაცით "კოლონმა" 21 წუთი გაძლო. 68-ე წუთზე (ამ დროისთვის სტუმრებსაც გაუძევეს ხორხე კურბელო) გადაღლილმა დაცვამ 33 წელს მიტანებულ კოლუმბიელ ხაირო კასტილიოს აცალა მაღალ ნახტომში გამოზომილი თავურის შესრულება, კიდევ 3 წუთში დავიდ რამირესი დატოვეს უმეთვალყუროდ, 76-ე წუთზე კი როდრიგო სალინასს დაასრულებინეს მასპინძელთა რბევა ცხრიანში დარტყმულით - 1:3. ასადის შეგირდები წელსაც სოლიდურად თამაშობენ და, თუ ასე გააგრძელეს, წინა ტურნირის ბრინჯაოს შენარჩუნება სულაც არ იქნება გასაკვირი.
2-2 მოთამაშე მსაჯებმა კიდევ 2 გუნდს გაუძევეს. ხორხე ბალინიომ "ოლ ბოისს" ფერნანდო სანჩესი და კარლოს სოტო გაუგდო, რითაც "სან ლორენსოს" მნიშვნელოვნად გაუადვილა ზედიზედ მეორედ მოგება. მასპინძლები ვერაფერს ახერხებდნენ და 54-ე წუთზე ანგარიშიც მხოლოდ ხუან მენსეგესის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გახსნეს, მაგრამ სანჩესის გაძევებამ მათ ხელ-ფეხი გაუხსნა. 67-ე წუთზე ლეანდრო რომანიოლიმ ბურთი თავზე დაასვა გილერმო პერეირას - 2:0. დებიუტანტმა პენალტით მალევე აღადგინა სტატუს-ქვო (მაურო მატოსი), მაგრამ მე-80 წუთზე ბალინიომ სოტო გააძევა, რომანიოლიმ კი ამავე ჯარიმიდან ახლა კრისტიან ტულას გაატანინა თავური - 3:1.
"რასინგისტები" ბაია ბლანკაში მარცხს დიეგო აბალს აბრალებენ - მატიას კაჰაისი და პატრისიო ტორანსო უსამართლოდ გააძევაო. ავიწყდებათ, რომ "ოლიმპომ" ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა, როცა ნესტორ ბარეირომ სწორედ კაჰაისთან ორთაბრძოლაში მიიღო მარსელო მოსეტის შორეული პასი და რობერტო ფერნანდესს "3-ქულიანი" დაურტყა.
ისევ წააგო "ინდეპენდიენტემ". ამჯერად, თავის ფარმკლუბ "არსენალთან", რომელიც ამ გამარჯვებით ლიდერთა მარაქაში გაერია. მე-60 წუთზე ლუსიანო ლეგისამონმა მარცხნიდან აიკლო მასპინძელთა დაცვა, მისი მაღალი პასი კი შორეულ ძელთან თავურით დააფასა სერხიო სენამ - 0:1. ხოლო ის, რაც 77-ე წუთზე მოიმოქმედა ურუგვაელმა გონსალო "ჩოი" გონსალესმა ცალკე აღწერის ღირსია. გონსალესმა აუტიდან ბურთი პირით ხაზთან მიიღო, კენწვლით გადაავლო თავზე ორ მცველს, შევიდა საჯარიმოში და თითქმის ნულოვანი კუთხიდან ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო მეკარე ადრიან გაბარინის - 0:2. 89-ე წუთზე "ჩოის" მიერ შერცხვენილმა ლეონელ გალეანომ თავურით დააგვირგვინა პატო როდრიგესის ფლანგური ჩაწოდება - 1:2.
არ გაამართლა იმედები სამხრეთ ბუენოს-აირესის დერბიმ. წინა გასვლითი მატჩი "ბანფილდმა" "ბომბონერაზე" გამარჯვებით დაასრულა, რამაც ჩემი მეგობარი გილერმო ბორენსტაინი ექსტაზში ჩააგდო და "ფეისბუქში" ტრიბუნაზე "ისტორიული" ბილეთით ხელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნებინა. სტუმრები ამჯერადაც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყვნენ "მტრის ბუდეში" მიღწეული უგოლო ფრით. თუმცა, თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.
ანალოგიური შეფასება უნდა მიეცეს "არხენტინოსისა" და "რივერის" მატჩს "ესტადიო დიეგო მარადონაზე". სუსტად მოასპარეზე ჩემპიონს აღარ სურდა კიდევ ერთხელ დამარცხება, გაჯეჯილებული ლიდერი კი ქულის წაღებაზე ყაბულს იყო. ჰოდა, ორივენი კმაყოფილნი დარჩნენ - 0:0.
იგივეს თქმა გაგვიჭირდება "რივერის" თანალიდერ "ველეს სარსფილდზე", რომელმაც "ბოკას" 3 ქულა ააღებინა, კლაუდიო ბორხი თანამდებობაზე დატოვა ("ბოკას" თავკაცმა დაიქადნა, თუ ვერ მოვიგეთ, კონტრაქტს ჩემით გავწყვეტო), თვითონ კი ვერანაირი ხეირი ვერ ნახა. არადა, სტუმრები ახლაც მშვენივრად თამაშობდნენ და ცოტაც რომ გამართლებოდათ, ქულას მოიპოვებდნენ.
მატჩის გმირად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მასპინძელთა 25 წლის ნახევარმცველი მატიას ხიმენესი. სწორედ მის მიერ ჩაწოდებულ ორ საჯარიმოს მოყვა "ბოკას" გოლები. პირველ შემთხვევაში ხიმენესის პასს ლუკას ვიატრის ურთულესი თავური (ფორვარდმა უკან აკრობატულ ვარდნაში დაარტყა) მოყვა, რომელიც მეკარე ხერმან მონტოიამ ცხრიანიდან "გამიოღო", მაგრამ სებასტიან ბატალიას დამატებულს ვეღარ მიუსწრო. აღსანიშნავია, რომ ერთი წუთით ადრე ამავე შემსრულებელთა დუელში მეკარემ ურთულესი სეივი შეასრულა.
მეორე გოლი მეორე ტაიმში იმავე პოზიციიდან ჩაწოდებულს მოყვა. ადრესატი ამჯერადაც ვიატრი გახლდათ. მისი პირველი თავური მცველს მოხვდა, რიკოშეტს კი ფორვარდმა კვლავ თავი შეაგება - 0:2. სტუმართათვის ერთადერთ ნუგეშად ემილიანო პაპას გარღვევა და ურუგვაელი სნაიპერის, სანტიაგო სილვას ეფექტური თავური იქცა. ფორვარდს, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე აქტიურობდა, კრისტიან ლუკეტიმ 3 რთული დარტყმა აუღო, მაგრამ 85-ე წუთზე ისიც უძლური აღმოჩნდა - 1:2. ბოლოს კი "ბოკა" ავტოგოლს გადაურჩა, როდესაც მცველების დასახმარებლად ჩასულმა ვიატრიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ლუკეტის ფანტასტიკური რეაქციის გამოვლენა მოუხდა მის მოსაგერიებლად.
ლაპლატური დერბი "ესტუდიანტესი"-"ხიმნასია" გადაიდო 29 სექტემბრისთვის, ვინაიდან "სტუდენტებს" ამ კვირაში სამხრეთ ამერიკის სუპერთასის განმეორებითი მატჩი ელით ეკვადორის "ლდუ"-ს წინააღმდეგ (პირველი თამაში 1:2).
შემდეგ ტურში 2 ცენტრალური მატჩია. 4 სექტემბერს "კლასიკოა": "ბოკა"-"სან ლორენსო", კვირას კი ლიდერთა ჯახია: "ველესი"-"რივერი".
თ მ ფ წ ბ ქ
1. რივერ პლეიტი 4 3 1 0 5-2 10
2. არსენალი 4 3 0 1 7-4 9
3. ველესი 4 3 0 1 6-3 9
4. გოდოი კრუსი 4 2 2 0 7-4 8
5. სან ლორენსო 4 2 2 0 7-4 8
6. ბანფილდი 4 2 2 0 3-1 8
7. ესტუდიანტესი 3 2 1 0 3-0 7
8. ლანუსი 4 1 3 0 4-3 6
9. რასინგი 4 2 0 2 4-4 6
10. ოლიმპო 4 2 0 2 3-3 6
11. ნიუელსი 4 1 2 1 4-3 5
12. ბოკა 4 1 1 2 4-6 4
13. ურაკანი 4 1 1 2 3-5 4
14. ტიგრე 4 1 0 3 4-5 3
15. ოლ ბოისი 4 1 0 3 4-6 3
16. ხიმნასია 3 0 2 1 0-1 2
17. კოლონი 4 0 2 2 2-5 2
18. არხენტინოსი 4 0 2 2 2-5 2
19. კილმესი 4 0 2 2 2-7 2
20. ინდეპენდიენ. 4 0 1 3 4-7 1
ბიძინა ბარათაშვილი