რონალდო და ზიდანი სიღარიბის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ყოფილი თანაგუნდელები, რონალდო და ზიდანი, მეათედ გაუკეთებენ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩს, რომელიც გრემიოს სტადიონზე, დეკემბერში გაიმართება.

რონალდოც და ზიდანიც გაეროს კეთილი ნების ელჩები არიან და მოწინააღმდეგე გუნდებს სწორედ ისინი უკაპიტნებენ. წყვილმა "მატჩი სიღარიბის წინააღმდეგ" პირველად ათი წლის წინ ითამაშა და იქიდან მოყოლებული, ყოველ წელს მართავს.

რონალდომ განაცხადა: "სიღარიბესთან ბრძოლა თამაში არ არის, მაგრამ ჩვენ ამ თამაშს ვიყენებთ იმისთვის, რომ შევკრიბოთ გარკვეული თანხა და თან საზოგადოების ყურადღება გადავიტანოთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც საზოგადოების გაჭირვებული ფენა ვერ უმკლავდება. თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, სიღარიბეს აუცილებლად
დავამარცხებთ".

ზიდანი პირველად ითამაშებს ბრაზილიაში. ლეგენდარულმა ფრანგმა პრესას შემდეგი რამ უთხრა: "მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩია, მე მაინც მოუთმენლად ველი პორტუ ალეგრიში ჩემი ძველი მეგობრის წინააღმდეგ თამაშს".

შეხვედრაში მონაწილეობა კეთილი ნების სხვა ელჩებმაც უნდა მიიღონ. ბრაზილიაში დიდიე დროგბას, იკერ კასილიასს, კაკას და ლუიშ ფიგუს ელიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი კი პიერლუიჯი კოლინა იქნება, რომელიც გუნდებს მინდორზე მეცხრედ გაუძღვება.

წინა წლებში ეს საქველმოქმედო მატჩი 9 სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ეს ქალაქებია: ბაზელი, მადრიდი, დიუსელდორფი, მარსელი, მალაგა, ფეზი, ლისაბონი, ათენი და ჰამბურგი.

"შეგროვებული თანხით ამჯერად ბრაზილიაში მიმდინარე პროექტებს და ასევე, ერთ აფრიკულ პროექტს დავეხმარებით" - განაცხადა რონალდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული