არტურო ვიდალი: დღეს ჩილეს ნაკრებს საუკეთესო თაობა ჰყავს

AutoSharing Option
არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფეხბურთელია.

ტურინში შარშან ლევერკუზენის "ბაიერიდან" გადასული ვიდალი ახალ გუნდს მალე შეეწყო და "იუვეს" წაუგებლად გაჩემპიონებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

"ბებერმა ქალბატონმა" ეს სეზონიც მშვენივრად დაიწყო და ჯერაც დაუმარცხებელია, თუმცა 25 წლის ვიდალს ახლა სხვა საფიქრალი აქვს - ჩილეს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევის ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ამ და სხვა საკითხებზე ფეხბურთელს ფიფას ოფიციალური საიტი გაესაუბრა.

- ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ეს თაობა საუკეთესოა
ჩილეს ისტორია
ში?
- დიახ! წინა წლებში ჩილეს გამორჩეული ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ ამდენი ერთად არასდროს.

ახლა ერთბაშად რამდენიმე ჩილელი ფეხბურთელი თამაშობს კარგად, როგორც ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში, ასევე ჩილეს ნაკრებში. ეს კი ჩვენთვის სიახლეა. მე ვამაყობ, რომ ამ პროცესების მონაწილე ვარ.

- ჩილემ 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 12-წლიანი პაუზის შემდეგ გააღწია, ამას კი 2011 წლის კოპა ამერიკაზე აშკარა ჩავარდნა მოჰყვა. რა არის თქვენი შემდეგი მიზანი?
- რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება, ხოლო უკვე ბრაზილიაში ჩვენ დიდი მიზნები გვექნება. დიდ მიზნებში ტიტულისთვის ბრძოლას ვგულისხმობ.

2010 წლის მუნდიალი ჩვენთვის პირველი იყო და ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღეთ. აი, ბრაზილიაში კი სულ სხვა განწყობით ჩავალთ.

- ისე საუბრობთ, თითქოს საგზურის მოპოვებაში დარწმუნებული ბრძანდებით...
- მე ვიცი, რომ ამისთვის საკმარისად კარგი გუნდი გვყავს. კოლუმბიასთან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ (1:3), მაგრამ ამ წაგებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ცოტა ხნის წინ საკვალიფიკაციო ჯგუფში ვლიდერობდით. ახლა ჩვენი მიზანი სამეულში დაბრუნება და იქ დარჩენაა.

- ჩილეს ეროვნულ გუნდში უამრავ პოზიციაზე მოგიწიათ თამაში: ცენტრალურ ნახევარმცველად, ფლანგის ნახევარმცველად, გამთამაშებლად, დაცვის ფლანგზე და დაცვის ცენტრშიც კი. სად გრძნობთ თავს ყველაზე უკეთ?
- საიდუმლო არავისთვის არის, რომ თამაში ყველაზე მეტად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მირჩევნია.

მიყვარს, როდესაც მოვლენების ეპიცენტრში ვარ, მოედნის მთლიან პანორამას ვხედავ და მაქვს საშუალება, დაცვა და თავდასხმა შევაკავშირო; თუმცა სხვა პოზიციებზე თამაშის პრობლემა არასდროს მქონია. მე მზად ვარ, ვითამაშო იქ, სადაც ეროვნულ გუნდს თუ კლუბს დასჭირდება.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი გაქვთ?
- ალბათ, ასეა. გერმანიაშიც ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ ახლა მე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნდის ფეხბურთელი ვარ; თან შარშან ჩემპიონები ისე გავხდით, რომ თამაში არ წაგვიგია. ვფიქრობ, როგორც ჩემი, ასევე კლუბის ხელმძღვანელთა იმედები გავამართლე.

- გიკვირთ
"იუვენტუსის" ასეთი კარგი თამაში?
- ვიცოდი, რომ გუნდს ბოლო წლებში კარგი შედეგები არ ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ევროპის ერთ-ერთ გრანდში გადავდიოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვეძლო, მაგრამ ტურნირის წაუგებლად დასრულებას ნამდვილად არ ველოდი. იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთული პირველობაა და ამის გამო ჩვენი მიღწევა ორმაგად დასაფასებელია.

- მოახერხებს
"იუვენტუსი" ჩემპიონობის შენარჩუნებას, თუ გუნდი წელს აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებს?
- ახალწვეულებმა გაგვაძლიერეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სკუდეტოც მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგაშიც კარგად ვითამაშოთ... ნება მომეცით, შევასწორო, კარგად კი არ ვითამაშოთ, არამედ მოვიგოთ, რადგან "იუვე" ყველა იმ ტურნირის მოსაგებად იბრძვის, რომელშიც თამაშობს.

- ინგლისში ან ესპანეთში თამაშზე თუ გიფიქრიათ?
- კი, მიფიქრია, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ მე აქ ბედნიერი ვარ და კარიერის ბოლომდე ტურინში დარჩენა მსურს.

- და ბოლოს, ფეხბურთის თამაში ისევ გიხარიათ?
- რა თქმა უნდა! იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება. ფეხბურთის თამაშისგან ყოველდღე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული