ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. IX ტური: არგენტინამ ურუგვაი გაანადგურა

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ეტაპის პირველი წრე დასრულდა. ამ მომენტისთვის აშკარად გამოიკვეთა სამი გუნდის უპირატესობა და აქ საქმე მხოლოდ ქულებში არ არის, ეს გუნდები თამაშის ხარისხითაც სხვებზე მაღლა დგანან.

ასევე გამოჩნდა, თუ რომელ გუნდებს არ შესწევთ საგზურისთვის ბრძოლა და თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, თავადაც მიხვდებით, რომელ სამ ნაკრებზეა საუბარი.

დამაჯერებელი გამარჯვება კლასიკოში

არგენტინის და ურუგვაის მატჩს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. ქომაგებს დაძაბული და სანახაობრივი თამაშის ხილვის იმედი ჰქონდათ და ყველა არგენტინელთა დიდი ოთხეულის (დი მარია, აგუერი, იგუაინი, მესი), ურუგვაელთა დიდ სამეულთან
(სუარესი, კავანი, ფორლანი) დაპირისპირებაზე საუბრობდა, მაგრამ სტუმრებმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესია.

სამწუხაროა, რომ მის შეცდომაზე საუბარი კიდევ ერთხელ გვიწევს. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიასთან ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაში ტაბარესმა თამაში 3 ცენტრალური მცველით დაიწყო, რომელთაგანაც ორს (ლუგანო და ვიქტორინო) საერთოდ არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა - შედეგად ურუგვაიმ 0:4 წააგო.

ამას ეკვადორთან საშინაო მატჩი მოჰყვა, რომელშიც "სელესტეს" მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ყველა შემტევი ფეხბურთელი დააყენა. შესაბამისად, ეს მოთამაშეები ერთმანეთს ხელს უფრო უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ და გარდა ამისა, ტაბარესს სკამზე ფიზიკურად აღარ ჰყავდა მოთამაშე, რომლითაც გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერება შეეძლო - შედეგად ფრე 1:1.

მენდოსაში ურუგვაელთა დამრიგებელმა მეორე ნომრად თამაში გადაწყვიტა, უპირატესობა არგენტინელებს დაუთმო და საკუთარი გუნდის თამაში კონტრშეტევაზე ააწყო.

ურუგვაელთა განლაგება 4-3-3-ად კი გვაქვს მოხსენიებული, მაგრამ რეალურად გუნდი 4-4-2-ით თამაშობდა, რადგან ედინსონ კავანი ფორვარდის გარდა, ყველაფერი იყო. "ნაპოლის" თავდამსხმელს მარცხენა ფლანგის კონტროლი ევალებოდა. ამის გამო ის ხშირად მარტინ კასერესზე უკანაც კი იხევდა.

პირველ ტაიმში გუნდებს რეალური მომენტი არ შეუქმნიათ, რაც დაცვაში ურუგვაის მწყობრი თამაშით იყო განპირობებული. თავად "სელესტე" მეტოქის ნახევარზე ძალზედ იშვიათად გადადიოდა და მთელი 45 წუთის განმავლობაში კარისკენ სულ ორჯერ დაარტყა - პირველ შემთხვევაში კავანის დარტყმა იმდენად უზუსტო იყო, რომ ლამის აუტზე გადავიდა, ხოლი სუარესის მცდელობას რომერო უპრობლემოდ გაუმკლავდა.

შეხვედრის მეორე ტაიმი გაცილებით სანახაობრივი გამოვიდა და ეს, პირველ რიგში, არგენტინელთა დამსახურებაა. მასპინძლებმა უდიდესი სათამაშო უპირატესობა 66-ე წუთზე გატანილ გოლში ასახეს.

კომბინაცია ძალიან ლამაზი გამოვიდა: მესიმ მარცხნივ დი მარიას გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი დარტყმის მაგივრად ისევ პასი გააკეთა, ბურთი მაქსი პერეირას ფეხებს შორის გაუძვრა და მიუვიდა მესის, რომელმაც თავის მხრივ, ფეხებს შორის უკვე მუსლერას გაუტარა - "გოლასო", სწორედ ასე ეძახიან სამხრეთ ამერიკაში ლამაზ გოლს.

მეორე "გოლასო" ცხრა წუთში ვიხილეთ - ისევ მესი-დი მარიას კომბინაცია და სერხიო აგუეროს დარტყმა ცარიელ კარში - 2:0.

ამ გოლის შემდეგ სტუმრები გაიხსნენ და არგენტინელებს მომენტი მომენტზე ექმნებოდათ, თუმცა გატანა საბოლოოდ სტანდარტულიდან შეძლეს. მესიმ რონალდინიოს და პირლოს მიბაძა და ბურთი ცოცხალი კედლის ქვეშ გააძვრინა.

თამაშის შემდეგ "ბარსას" ლიდერი საკუთარი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი იყო:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ არგენტინელი ხალხი გავახარეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ურუგვაი ბოლო კოპა ამერიკას გამარჯვებულია. ჩვენ წინაშე ძალიან ძლიერი მეტოქე იყო და ჩვენ ის დამაჯერებლად დავამარცხეთ.

გუნდი ყოველდღიურად ვითარდება და თანდათან, უფრო და უფრო უკეთ თამაშობს. ახლა ჩილეშიც უნდა მოვიგოთ და მუნდიალის საგზურთან ძალიან ახლოს ვიქნებით".

"მესი უნიკალურია, საოცარი. ძნელიც კი არის მისთვის ზუსტი ეპითეტის მოძებნა. საკმაოდ კარგ კონდიციებში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩილესთანაც ანალოგიურად ვითამაშებთ" - ეს უკვე სერხიო აგუეროს სიტყვებია.

ისევ მესი: "რონალდინიოს და პირლოს ჯარიმები ვნახე და გადავწყვიტე, რომ მეც ასე დამერტყა. დარწმუნებული ვარ, მუსლერამ იცის, რომ ჯარიმებიდან კარისკენ მაღალ ბურთს ვგზავნი. ამიტომ მისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება ძალზედ მოულოდნელი იყო".

მორიგი საშინაო გამარჯვება

ეკვადორის ნაკრებმა შინ მეხუთე თამაში ჩაატარა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. რეინალდო რუედას ბიჭების მსხვერპლი ამჯერად ჩილეს ძალიან ძლიერი ნაკრები იყო. კვლავ გაიბრწყინა ფელიპე კაისედომ, რომელსაც საკუთარი გუნდის გოლების 45 პროცენტი აქვს გატანილი.

ჩილეს ნაკრებმა კი, წაგებასთან ერთად, არტურო ვიდალი და პაბლო კონტრერასი დაკარგა - ამ მოთამაშეებმა წითელი ბარათი მიიღეს და კლაუდიო ბორგის არგენტინასთან შეხვედრაში მათი იმედი ვერ ექნება.

მორიგი მატჩი მოიგო კოლუმბიამაც და რა გასაკვირია, რომ მასპინძელთა მხრიდან გოლები რადამელ ფალკაომ გაიტანა.

"ატლეტიკოს" ფორვარდმა ბოლო 3 შესარჩევ შეხვედრაში 6-ჯერ გამოიჩინა თავი. კოლუმბია პარაგვაისთან შეხვედრაში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გახსნა.

ამ მოგების წყალობით ხოსე პეკერმანის შეგირდები მეორე ადგილზე არიან და ლიდერ არგენტინას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება პარაგვაის, ამ გუნდს ხერარდო მარტინოს წასვლის შემდეგ აშკარა ჩავარდნა აქვს: 8 შეხვედრაში 4 ქულა მართლაც კატასტროფული შედეგია გუნდისთვის, რომელიც ბოლო წლებში მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მუდმივად მონაწილეობდა და იქაც გარკვეულ წარმატებას აღწევდა.

ბოლივიაში კი პერუმ, პრაქტიკულად, მეორე გუნდი ჩაიყვანა, რადგან სერხიო მარქარიანმა წამყვანი ფეხბურთელები პარაგვაისთვის შემოინახა.

ის მოთამაშეები, რომლებმაც ლა პასში ითამაშეს, გაიშვიათებული ჰაერის პირობებში დატვირთვებს მიჩვეულნი იყვნენ და საბოლოოდ ეს შედეგზეც აისახა - ფრე ბოლივიაში ბევრი წამყვანი ნაკრებისთვის ყოფილა სანატრელი. თუნდაც არგენტინელთა ბოლო ვიზიტი გავიხსენოთ, როდესაც დიეგო მარადონას გაწვრთნილებმა იქ 1:6 წააგეს.

მომდევნო, მეათე ტური 16 ოქტომბერს გაიმართება და ცენტრალური მატჩი აქაც არგენტინის მონაწილეობით შედგება: "ალბისელესტე" სანტიაგოს ეწვევა, ურუგვაის ნაკრები კი ბოლივიაში მიემგზავრება და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მთებიდან დაშვება უქულოდ მოუწიოს...

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. IX ტური
ბოლივია-პერუ 1:1
ბოლივია (3-5-2): უ. სუარესი - ლ. მენდესი, ვალვერდე, რალდესი - კ. ვარგასი (რ. სეგოვია 46), ვ. ფლორესი, კამპოსი, ჩუმაკერო, რ. კარდოსო - არსე (მ. სუარესი 75), პენია (მ. მორენო 46).
პერუ (4-5-1): კარვალიო - ერერა, აკასიეტე, რ. ფარფანი, კ. რამოსი - ხ. სანჩესი, მარინიო (კუევა 79), კომინგესი (ამპუერო 60), ჩიროკე, რეტამოსო - ავილა (ვ. აგირე 61).
გოლები: 0:1 მარინიო (22), 1:1 ჩუმაკერო (51).
გაფრთხილება: რ. კარდოსო, ვ. ფლორესი, ვალვერდე, მ. მორენო - რ. ფარფანი, აკასიეტე, ხ. სანჩესი.

კოლუმბია-პარაგვაი 2:0
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, კ. ვალდესი, იეპესი, არმერო - ა. რამირესი (კუადრადო 45), მ. ტორესი (კ. სანჩესი 74), ე. ვალენსია (ე. სოტო 84), ჯ. როდრიგესი - ტ. გუტიერესი, ფალკაო
პარაგვაი (4-4-2): ბარეტო - პირისი, პ. აგილარი, პაულო და სილვა, რ. ორტისი - ვ. აიალა, ვ. კასერესი, რივეროსი, ესტიგარიბია (ე. ბენიტესი 66) - ხ. ნუნიესი (ფაბრო 79), ნ. ვალდესი (ლ. კაბალიერო 62).
გოლები: 1:0 ფალკაო (52), 2:0 ფალკაო (89).
გაფრთხილება: ე. ვალენსია - რივეროსი, ესტიგარიბია, ვ. კასერესი.

ეკვადორი-ჩილე 3:1
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - ერასო, ხ. პარედესი, აჩილიერი, ვ. აიოვი - ს. კასტილიო, იბარა (ჯეფერსონ მონტერო 78), როხასი (ნობოა 74), სარიტამა - კ. ბენიტესი, ფ. კაისედო (ხ. აიოვი 68).
ჩილე (3-5-1-1): პინტო - კონტრერასი, ო. გონსალესი, გ. ხარა - ისლა, სეიმური (მარკ გონსალესი 68), ვიდალი, მ. დიასი, ბოსეჟური (ე. ვარგასი 78) - მატი ფერნანდესი (ხუნიორ ფერნანდესი 60) - ა. სანჩესი.
გოლები: 0:1 ხ. პარედესი (25-საკ. კარში), 1:1 ფ. კაისედო (33), 2:1 ფ. კაისედო (57), 3:1 ს. კასტილიო (90).
გაფრთხილება: ფ. კაისედო, სარიტამა - კონტრერასი, ო. გონსალესი.
გაძევება: - კონტრერასი (54), ვიდალი (86).

არგენტინა-ურუგვაი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, ფ. ფერნანდესი, გარაი, როხო (კამპანიარო 66) - მასკერანო, გაგო, დი მარია - აგუერო (გინიასუ 78), იგუაინი (ბარკოსი 82), მესი.
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, გოდინი, ლუგანო (სკოტი 64), მ. კასერესი - გარგანო, არევალო რიოსი, ა. გონსალესი (კ. როდრიგესი 67) - კავანი, სუარესი, ფორლანი.
გოლები: 1:0 მესი (66), 2:0 აგუერო (75), 3:0 მესი (80).
გაფრთხილება: - მ. კასერესი, ლუგანო, გოდინი, მაქსი პერეირა.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 8 5 2 1 18-6 17
2. კოლუმბია 8 5 1 2 14-6 16
3. ეკვადორი 8 5 1 2 11-8 16
4. ურუგვაი 8 3 3 2 15-14 12
5. ჩილე 8 4 0 4 13-16 12
6. ვენესუელა 8 3 2 3 7-8 11
7. პერუ 8 2 2 4 10-14 8
8. ბოლივია 8 1 2 5 8-13 5
9. პარაგვაი 8 1 1 6 5-16 4

ბომბარდირები
6 - იგუაინი (არგენტინა), მესი (არგენტინა); 5 - ფალკაო (კოლუმბია), სუარესი (ურუგვაი), 4 - ფ. კაისედო (ეკვადორი).

მომდევნო ტური (16 ოქტომბერი)
ბოლივია-ურუგვაი, ვენესუელა-ეკვადორი, პარაგვაი-პერუ, ჩილე-არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული