ასე მაგალითად: თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის ოთხი გუნდი, რომელიც წლის ბოლოს ქვედა ლიგაში გადაინაცვლებს. ამავე დროს, ბევრი არც ჩემპიონის გარკვევამდე დარჩა, თუმცა აქ შედარებით დაძაბული სიტუაციაა, მით უმეტეს, რომ ოთხშაბათს "ფლუმინენსე”-"გრემიო” გველის...
რთული გამარჯვებები
"გრემიოსთან” თამაშამდე აბელ ბრაგას გუნდი სახლში "პონტე პრეტას” მასპინძლობდა და უკვე მე-2 წუთზე აგებდა.
მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რაც სტატისტიკაშიც აისახა (ბურთის ფლობა: 62:38, კარისკენ დარტყმა: 8:2, კარში დარტყმა: 12:2, კუთხური:
73-ე წუთზე სტუმრებს ვენდელი ("ბორდოს” ყოფილ ფეხბურთელში არ აგერიოთ) გაუძევეს, ხოლო მე-80 წუთზე მათ კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან, რა თქმა უნდა, ფრედი მივიდა და გაიტანა.
"ფლუს” ქულების დაკარგვის უფლება არ ჰქონდა და შეტევებს აგრძელებდა, რამაც შედეგი 89-ე წუთზე გამოიღო: ვაგნერის ჩაწოდებულ ბურთს თავი გუმმა დაუხვედრა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
"ფლუმინენსემ” ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და საერთოდ, ბოლო 18 თამაშში "ფლუს” 13 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება აქვს. ის ერთადერთი მატჩიც ლიდერმა შინ, ჩემპიონატის მთავარ აუტსაიდერთან წააგო, რომელმაც ამ ტურში კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
მოულოდნელი შედეგი ფიქსირდებოდა "ინდეპენდენსიაზეც”, მაგრამ მასპინძლები იქაც ბოლო წუთებზე გადარჩნენ. პირველობის ყოფილი ლიდერი, "ატლეტიკო მინეირო” ერთ-ერთ აუტსაიდერ, მე-17 ადგილზე მყოფ "სპორტ რესიფესთან” 76-ე წუთამდე აგებდა. მასპინძლების მხსნელი ცვლილებაზე შემოსული ლეონარდო გახდა.
"კორიტიბადან” სეზონის მსვლელობისას შეძენილმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს უკვე მეორე თამაში მოაგებინა - დაახლოებით ერთი თვის წინ მანვე გამარჯვების მომტანი გოლი "სან პაულოს” (1:0) გაუტანა. სულ ლეონარდოს ანგარიშზე უკვე 6 გოლია, 3-ის გატანა მან ყოფილ კლუბში მოასწრო.
ამ გამარჯვების წყალობით, "ატლეტიკომ” "ფლუსთან” 9-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, მაგრამ იმავეს გაკეთება "გრემიომ” ვერ შეძლო. ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდი შინ "ბოტაფოგოს” დაუზავდა და ახლა ლიდერს უკვე 11 ქულით ჩამორჩება. უკვე მოგახსენეთ, რომ მომდევნო ტურში პორტუ ალეგრის წარმომადგენელი სწორედ "ფლუს” სტუმრობს. ლუშემბურგო ამ მატჩის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი:
"ჩვენ რიოში მოგება შეგვიძლია. "ფლუმინენსეს” სულ ორი მარცხი აქვს და აქედან ერთი ჩვენთან. "გრემიოს” ყველა მატჩის მოგება სურს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მატჩი შინ იქნება თუ სტუმრად”. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "გრემიომ” ლიდერს 1:0 მოუგო (გოლი კლებერმა გაიტანა).
ჩვენ ჩემპიონობა კი გვსურს, მაგრამ მთავარი მიზანი ლიბერტადორესის თასის საგზურის მოპოვებაა. სეზონის დაწყების წინ მიზნად სწორედ ეს დავისახეთ და ჯერჯერობით აშკარად სწორ გზაზე ვართ” - დაამატა ვანდერლეი ლუშემბურგომ.
კიდევ ერთი ნაბიჯი უკან
ამ ტურში ლამის ყველა აუტსაიდერმა წააგო. "სპორტ რესიფეს” მარცხზე უკვე ვისაუბრეთ. წააგო "ფიგეირენსემაც”, რომელიც შესანიშნავ ფორმაში მყოფ "სან პაულოსთან” ვერაფერს გახდა.
"სან პაულოს” მხრიდან პირველი გოლი ლუიშ ფაბიანომ გაიტანა და "სევილიას” ყოფილი ფორვარდისთვის ეს მე-15 გოლი იყო მე-16 შეხვედრაში. 31 წლის ფორვარდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და გარდა ამისა, ბოლო 9 თამაშში 10 გოლი გაიტანა.
შედეგიან სერიებს რაც შეეხება: "კორიტიბამ” "ბაიას” 6-ქულიან მატჩში მოუგო. გამარჯვების მომტანი გოლი კი დეივიდმა გაიტანა. "კორიტიბას” რიგებში მის ანგარიშზე 6 თამაშში 5 გოლია, თანაც 5-ივე ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა. ამ 5 მატჩიდან "კორიტიბამ” 4 მოიგო და 4-ივე შემთხვევაში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი დეივიდი იყო!
მორიგი მარცხი განიცადა "პალმეირასმა”. "ნაუტიკოს” შინ ლამის ყველა გრანდი ჰყავს დამარცხებული და რა გასაკვირია, რომ ჟილსონ კლეინას გუნდსაც გაუსწორდა. ერთადერთი გოლი კიეზამ გაიტანა - ფორვარდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიჩინა თავი (სულ 5 გოლი ამ პერიოდში).
ზედიზედ მეორედ წააგო "ვასკო და გამამ” და მეოთხე პოზიციის დათმობაც მოუწია. ესეკილ მირალიესმა "სანტოსს” ნეიმარის არყოფნა არ დაატყო და დუბლი შეასრულა. კარგად ითამაშა ფელიპე ანდერსონმაც, რომელზეც ამბობენ, რომ ზამთარში შესაძლოა "მილანის” მაისური მოირგოსო.
ტურის მთავარი სენსაცია
დაპირებულ სენსაციას რაც შეეხება: "ატლეტიკო გოაინიენსემ” შინ "ინტერნასიონალს” მოუგო და ეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:1-ს აგებდა. "ატლეტიკოს” მდგომარეობა ძალიან ჰგავს შარშანდელ სეზონში "ამერიკა მინეიროს” მდგომარეობას - ამ გუნდმა შარშან მე-19 ადგილი დაიკავა, სულ 8 მატჩი მოიგო, მაგრამ ორივე შეხვედრაში მოუგო მესამეზე გასულ "ფლუმინენსეს”, დაამარცხა ჩემპიონი "კორინთიანსი” და ვიცე-ჩემპიონი "ვასკო და გამა”. გარდა ამისა, მოუგო "კორინთიანსს” და "ბოტაფოგოს”.
"ატლეტიკო გოიანიენსეს” ანგარიშზე სულ 5 მოგებაა, მაგრამ აუტსაიდერმა "სან პაულოს”, თითქმის ჩემპიონ "ფლუმინენსეს” და ახლა უკვე "ინტერნასიონალის” დამარცხება შეძლო. ვერაფერს იტყვი, ბრაზილიის ჩემპიონატი მართლაც ყველასგან გამორჩეული მოვლენაა...
ბრაზილია. სერია ა. XXX ტური.
ფლამენგო-კრუზეირო 1:1
გოლები: 1:0 ლიედსონი (11), 1:1 ევერტონი (19).
ატლ. გოიან.-ინტერნ. 3:1
გოლები: 0:1 ფრედი (15), 1:1 ადრიანო ლარა (55), 2:1 რიკარდო ბუენო (69), 3:1 ლუსიანო (75).
პორტუგეზა-კორინთიანსი 1:1
გოლები: 1:0 მარსელო კორდეირო (13), 1:1 დუგლასი (17).
სანტოსი-ვასკო 2:0
გოლები: 1:0 მირალიესი (9), 2:0 მირალიესი (47).
სან პაულო-ფიგეირენსე 2:0
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (14), 2:0 დუგლასი (21).
ატლ. მინეირო-სპ. რესიფე 2:1
გოლები: 0:1 უგო (16), 1:1 ლეონარდო (76), 2:1 ლეონარდო (90).
კორიტიბა-ბაია 2:1
გოლები: 1:0 ლუკას კლარო (11), 1:1 ალისონი (16), 2:1 დეივიდი (73).
ნაუტიკო-პალმეირასი 1:0
გოლები: 1:0 კიეზა (14).
ფლუმინენსე-პონტე პრეტა 2:1
გოლები: 0:1 ლუანი (2), 1:1 ფრედი (80-პენ), 2:1 გუმი (89).
გრემიო-ბოტაფოგო 1:1
გოლები: 1:0 ლეო გაგო (51), 1:1 ბრუნო მენდეში (90).
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 30 20 8 2 49-19 68
2. ატლ. მინეირო 30 17 8 5 49-24 59
3. გრემიო 30 17 6 7 44-25 57
4. სან პაულო 30 16 4 10 46-29 52
5. ვასკო და გამა 30 14 8 8 36-31 50
6. ინტერნასიონ. 30 11 12 7 38-27 45
7. კორინთიანსი 30 11 10 9 38-31 43
8. ბოტაფოგო 30 11 8 11 42-39 41
9. სანტოსი 30 10 11 9 37-37 41
10. ნაუტიკო 30 12 4 14 37-45 40
11. კრუზეირო 30 11 7 12 36-39 40
12. კორიტიბა 30 11 5 14 43-48 38
13. პორტუგეზა 30 9 10 11 35-35 37
14. პონტე პრეტა 30 9 10 11 33-39 37
15. ფლამენგო 30 9 9 12 31-41 36
16. ბაია 30 8 11 11 30-34 35
17. სპორტ რესიფე 30 6 9 15 26-48 27
18. პალმეირასი 30 7 5 18 28-41 26
19. ფიგეირენსე 30 6 7 17 33-57 25
20. ატლ. გოიან. 30 5 8 17 31-53 23
ბომბარდირები:
15 - ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 14 - ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 11 - კიეზა (ნაუტიკო), ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 10 - ალოიზიო (ფიგეირენსე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"