ბრაზილია. სერია A. XXXII ტური: "ატლეტიკომ" სხვაობა შეამცირა

AutoSharing Option
ინტრიგა ცოცხალია
ლიდერების, "ფლუმინენსესა" და "ატლეტიკო მინეიროს" მატჩმა ბოლომდე გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. შეხვედრა ძალიან სანახაობრივი, დაძაბული, უხვგოლიანი და რაც მთავარია, დრამატული გამოდგა - ზუსტად ისეთი, როგორიც ლიდერების შეხვედრა უნდა ყოფილიყო.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს რონალდინიომ და ფრედმა. "გაუჩომ" ორი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო "ფლუს" ფორვარდმა გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ორივე გუნდი იდეალური შემადგენლობით იყო გამოსული, დანაკლისი პრაქტიკულად არც ერთს ჰქონდა და არც მეორეს. შეხვედრის პირველ ტაიმში "ატლეტიკო" უპირატესობას ფლობ
და, მომენტებსაც უხვად ქმნიდა, მაგრამ ვერ იყენებდა.

"ფლუს" მხრიდან დეკუ და ტიაგო ნევეში აქტიურობდნენ, თუმცა სტუმრებს მეტოქის ნახევარზე ხეირიანად გადასვლა უჭირდათ.

ამ ყველაფრის ფონზე, მეორე ტაიმის დასაწყისში ველინგტონ ნემის გოლი ძალიან ალოგიკური იყო. 20 წლის ფორვარდმა ფრედის გადაცემა მიიღო და 56-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა.

აქამდეც არაერთხელ მომხდარა, რომ "ფლუ" მეტოქეს ვერაფრით სჯობდა, მაგრამ მატჩებს იგებდა. როგორც ადრე ბევრჯერ აღვნიშნეთ, ეს თვისება საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდებს ახასიათებთ...

ამჯერად აბელ ბრაგას გუნდს აღარ გაუმართლა, რადგან გაშვებულმა გოლმა მასპინძლებზე კარგად იმოქმედა. 69-ე წუთზე რონალდინიომ შესანიშნავი რეიდი წამოიწყო და დასარტყმელ პოზიციაზე ერთბაშად ორი პარტნიორი დატოვა. მასპინძელთა საბედნიეროდ, ჟომ და ბერნარდმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალეს, ახალგაზრდა ფორვარდმა გამოცდილს დაუთმო და არც უნანია - ანგარიში გათანაბრდა, 1:1.

ზუსტად 13 წუთში კი ბერნარდმა უკვე საგოლე პასი გაუკეთა ჟოს, რომელმაც მიმდინარე სერია ა-ში თავისი მე-10 გოლი გაიტანა.

"ატლეტიკო" მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდა და დამსახურებულად დაწინაურების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ უპირატესობა დაეთმო, მაგრამ "ფლუს" ჰყავს ფრედი... 30 წლის თავდამსხმელმა, შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ჩემპიონატში მე-16 გოლი გაიტანა და პირველობის ინტრიგა საფრთხის ქვეშ დააყენა.

მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გუნდებს შორის სხვაობა ისევ 9 ქულა იქნებოდა, ხოლო ტურნირის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე ამხელა უპირატესობის გამნიავებელი "ფლუ", რა თქმა უნდა, არ იქნებოდა.

"ატლეტიკომ" საჩემპიონო ინტრიგა 93-ე წუთზე, ბოლო შეტევით გააცოცხლა: რონალდინიომ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ტანმაღალმა მცველმა ლეონარდო სილვამ აჯობა და თავით პირდაპირ "ცხრიანში" გაიტანა.

"ინდეპენდენსია" კინაღამ დაინგრა, "ატლეტიკოს" ბედნიერი ქომაგები კი სიხარულისგან ტიროდნენ - 3:2 და გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულა გახდა.

აბელ ბრაგა საკუთარი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილი იყო:
"პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ და ძალიან გაგვიმართლა. მეორე ნახევარში კი შედარებით უკეთ ავთამაშდით და გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ კი რაღაც დაგვემართა. არადა, ჯერ კიდევ 0:1-ზე მეორე ბურთის გატანა და შეხვედრის დასრულება შეგვეძლო.

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო წამებზე, რონალდინიოს გენიის წყალობით, დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან ისევ ლიდერები ვართ და სათამაშო კიდევ 6 ტურია".


ბრაგასგან განსხვავებით, ძალიან ბედნიერი იყო "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი კუკა:
"შესანიშნავი მატჩი გამოდგა, რომელიც საჩემპიონო შეხვედრის ყველა ინგრედიენტს შეიცავდა. ჩვენ უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, გასაკუთრებით, პირველ ტაიმში.

ვფიქრობ, რომ ეს ამ სეზონში "ატლეტიკოს" საუკეთესო თამაში იყო. წინ კიდევ ექვსი რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილნი და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ".


აქვე ვთქვათ ისიც, რომ რბოლას საბოლოოდ ჩამოშორდა "გრემიო", რომელმაც სახლში "კორიტიბას" ვერ მოუგო. არადა, ეს უკანასკნელი, მთელი ბრაზილიის მასშტაბით, სტუმრად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია.

წინა ტურში, "ფლუსთან" ნათამაშები ფრის შემდეგ, ვანდერლეი ლუშემბურგომ მეტოქეს ჩემპიონობა წინასწარ მიულოცა და როგორც ჩანს, მწვრთნელის ეს განცხადება "გრემიოს" ფეხბურთელთა განწყობაზეც აისახა, რადგან მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ინერტულნი იყვნენ და მოედანზე, უბრალოდ, დადიოდნენ.

პალმეირასის ზედიზედ მეორე
32-ე ტური შაბათს, ბრაზილიური ფეხბურთის ორი გრანდის, "პალმეირასის" და "კრუზეიროს" მატჩით გაიხსნა. "პალმეირასმა" წინა ტურში კონკურენტი "ბაია" დაამარცხა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვა.

იმისთვის, რომ ეს შანსი მიზერული არ გამხდარიყო, ჟილსონ კლეინას ბიჭებს "კრუზეირო" უნდა დაემარცხებინათ. საბოლოოდ ორი "პალესტრა იტალიის" (დაარსებისას ორივე გუნდს ეს სახელი ერქვა) ჯახში მოიგო იმან, ვისაც ქულები უფრო მეტად სჭირდებოდა.

შეხვედრის გმირი ერნან ბარკოსი გახდა, რომელიც სან პაულოს გუნდს არგენტინის ნაკრებში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ დაუბრუნდა და უმალ დუბლი გაიფორმა. ახლა ბარკოსის ანგარიშზე 11 გოლია და ის ბომბარდირთა დავაში ვაგნერ ლავს წამოეწია, რომელმაც ამ ტურში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მისმა "ფლამენგომ" ამის გარეშეც მოიგო...

"ფლას" მეტოქე შესანიშნავ ფორმაში მყოფი "სან პაულო" იყო. ნეი ფრანკოს შეგირდებს ზედიზედ 4 მოგება ჰქონდათ და თავს 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით იწონებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდა, ფავორიტი სწორედ "სან პაულო" გახლდათ და 30-ე წუთზე სტუმრებმა გოლის გატანის შესანიშნავი შანსიც მიიღეს, თუმცა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ლუიშ ფაბიანომ პენალტი ვერ გამოიყენა.

"სან პაულო" ამის გამო მეორე ტაიმში დაისაჯა: "ფლას" ჩილელმა ცენტრალურმა მცველმა მარკოს გონსალესმა, 17 წლის ადრიანის პასით ისარგებლა და ბრაზილიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან ამ მოგების წყალობით მისმა გუნდმა 40 ქულა მოაგროვა და "სპორტ რესიფე"-"პალმეირასის" დუეტს მიახლოების საშუალება არ მისცა.

ბრაზილია. სერია A. XXXII ტური
პალმეირასი-კრუზეირო 2:0
გოლები: 1:0 ბარკოსი (67), 2:0 ბარკოსი (77).

კორინთიანსი-ბაია 1:1
გოლები: 1:0 დუგლასი (12-პენ), 1:1 ფაელი (33).

გრემიო-კორიტიბა 0:0

ფლამენგო-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 მარკოს გონსალესი (71).

ატლ. მინეირო-ფლუმინენსე 3:2
გოლები: 0:1 ველინგტონ ნემი (56), 1:1 ჟო (69), 2:1 ჟო (82), 2:2 ფრედი (85), 3:2 ლეონარდო სილვა (90).

ნაუტიკო-პორტუგეზა 0:0

პონტე პრეტა-სანტოსი 1:0
გოლი: 1:0 ლუანი (13).

ატლ. გოიან.-სპორტ რესიფე 0:1
გოლი: 0:1 უგო (49).

ვასკო-ინტერნასიონალი 24.10.
ფიგეირენსე-ბოტაფოგო 24.10

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 32 20 9 3 53-24 69
2. ატლ. მინეირო 32 18 9 5 54-28 63
3. გრემიო 32 17 8 7 46-27 59
4. სან პაულო 32 17 4 11 48-30 55
5. ვასკო და გამა 31 14 8 9 38-34 50
6. ინტერნასიონალი 31 11 12 8 40-30 45
7. ბოტაფოგო 31 12 8 11 45-41 44
8. კორინთიანსი 32 11 11 10 39-34 44
9. კრუზეირო 32 12 7 13 38-41 43
10. კორიტიბა 32 12 6 14 45-49 42
11. სანტოსი 32 10 12 10 39-40 42
12. ნაუტიკო 32 12 5 15 38-47 41
13. პონტე პრეტა 32 10 10 12 35-42 40
14. ფლამენგო 32 10 10 12 32-41 40
15. პორტუგეზა 32 9 12 11 35-35 39
16. ბაია 32 8 12 12 31-36 36
17. სპორტი 32 8 9 15 30-49 33
18. პალმეირასი 32 9 5 18 31-41 32
19. ფიგეირენსე 31 7 7 17 36-59 28
20. ატლ. გოიანიენ. 32 5 8 19 31-56 23

ბომბარდირები
16 - ფრედი (ფლუმინენსე); 15 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 14 - ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 12 - ალოიზიო (ფიგეირენსე), კიეზა (ნაუტიკო); 11 - ბარკოსი (პალმეირასი), ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 10 - ჟო (ატლეტიკო მინეირო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული