არგენტინის ნაკრები წაგებას გადაურჩა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს ეწვია და ფრანკ რაიკარდის გაწვრთნილ გუნდს ვერაფერი დააკლო.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს, პირველ რიგში, საუდის არაბეთი იყო.

არგენტინელებმა შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყეს და პირველი მომენტი 45-ე წუთზე შექმნეს; ისიც არა რომელიმე შემტევის, არამედ პაბლო საბალეტას წყალობით.

მასპინძლებს კი პირველ ტაიმში სამი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ორჯერ ძალიან კარგად ითამაშა სერხიო რომერომ; ერთ ეპიზოდში კი მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და "ალბისელესტე" სირცხვილისგან იხსნა.

მეორე
ტაიმის დასაწყისში ალეხანდრო საბელიამ თამაშში აუგუსტო ფერნანდესი და ფრანკო დი სანტო ჩართო.

ამ უკანასკნელისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო და "უიგანის" ფორვარდს გოლის გატანის შანსიც მიეცა, მაგრამ მის დარტყმულს მასპინძელთა მცველი მანსურ ალ ჰარბი გადაეღობა, რომელსაც ამ მატჩის ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა - "ალ აჰლის" ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ სერხიო რომერო უძლური იყო, მაგრამ საკუთარი გუნდი ფაბრისიო კოლოჩინიმ გადაარჩინა და ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

თუ დააკვირდით, აქამდე საერთოდ არ გვიხსენებია ლეო მესი, რომელმაც საკუთარი ოსტატობა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე გვიჩვენა და ანხელ დი მარიასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ საუდელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვალიდ აბდულა "ბარსას" ლიდერს წინ აღუდგა და პირად დუელში აჯობა.

"დღეს კარგად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. მთავარია, რომ არ დავმარცხდით. ცუდი შედეგის მიუხედავად, ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდი სწავლობს და იზრდება" - განაცხადა მატჩის შემდეგ სერხიო აგუერომ. 

საუდის არაბეთი-არგენტინა 0:0

არგენტინა (4-4-2): რომერო - საბალეტა, კოლოჩინი, ფ. ფერნანდესი, როხო - მასკერანო, ტინო კოსტა (ა. ფერნანდესი 46), სალვიო (დი სანტო 46), დი მარია - აგუერო, მესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული