მომავლის კოპა ამერიკა

AutoSharing Option
10 იანვარს, თბილისის დროით დილის საათებში, არგენტინაში 20-წლამდელთა კოპა ამერიკა დაიწყო.

გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ეს ტურნირი ასევე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპიც გახლავთ. ზაფხულში თურქეთში გასამართი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურს სამხრეთ ამერიკის 4 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

ისტორია
სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 26-ედ გაიმართება. პირველი გათამაშება 1954 წელს ვენესუელაში გაიმართა და ის ურუგვაის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ბრაზილიის ნაკრები გახლავთ, რომელიც 11-გზის ჩემპიონია; მეორე ადგილზე 7 საჩემპიონო ტიტულით ურუგვაია; მეს
ამე კი - არგენტინა, რომელიც კონტინენტის საუკეთესო გუნდი 4-ჯერ გახდა.

გარდა ამ სამი გრანდისა, ტიტული მოგებული აქვთ კოლუმბიას (2-ჯერ) და პარაგვაის (ერთხელ). ტურნირში მონაწილე დანარჩენ ხუთ ნაკრებს (ჩილე, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია) მთავარი ჯილდო არასდროს მოუგია.

ბოლო სამი ტურნირი ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. 2011 წელს, აქამდე გამართულ ბოლო ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიელებმა მხოლოდ არგენტინასთან წააგეს და ზედიზედ მესამე ტიტულს დაეუფლნენ. იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 9 გატანილი გოლით, ნეიმარი გახდა, გუნდს კი “სან პაულოს” ამჟამინდელი დამრიგებელი ნეი ფრანკო წვრთნიდა, რომელმაც იმავე წლის ზაფხულში “სელესაოს” 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიც მოაგებინა.

ამ ტურნირზე ყოველთვის უამრავი ამომავალი ვარსკვლავი თამაშობს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, წინა ტურნირების რამდენიმე ბომბარდირს გადავხედოთ: ენცო ფრანჩესკოლი (1981 წელს), რომარიო (1985 წელს), ადრიანო (2001 წელს), ფერნანდო კავენაგი (2003 წელს), უგო როდალეგა (2005 წელს), ედინსონ კავანი (2007 წელს), ნეიმარი (2011 წელს)...

არგენტინაში ახალგაზრდული კოპა ამერიკა მესამედ გაიმართება. 1988 წელს მასპინძლებმა მესამე ადგილი დაიკავეს, ტიტული კი ბრაზილიას დაუთმეს. აი, 1999 წელს კი გამარჯვება “ალბისელესტემ” მოიპოვა. 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი ლუსიანო გალეტი გახდა, ნაკრებში კი გალეტის გარდა, გაბრიელ მილიტო, ესტებან კამბიასო, ალდო დუშერი, ერნესტო ფარიასი და პაბლო აიმარი თამაშობდნენ.

რეგლამენტი
10 ნაკრები ორ ჯგუფშია განაწილებული. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გადის. ეს 6 გუნდი ფინალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც გაარკვევს კიდეც გამარჯვებულის ვინაობას.

კენჭისყრის შედეგად, გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, კოლუმბია და პარაგვაი.
B ჯგუფი: ბრაზილია, ურუგვაი, ეკვადორი, პერუ და ვენესუელა.

პირველი ჯგუფური ეტაპი 10-დან 19-იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ფინალური ეტაპი 21 იანვარს დაიწყება და ბოლო ტური 3 თებერვალს გაიმართება.

შემადგენლობები
ალბათ, ბევრს გაინტერესებთ, რომელი ფეხბურთელები დაიცავენ არგენტინის და ბრაზილიის ნაკრების ღირსებას. აი, ვინ გამოიძახეს მარსელო ტრობიანიმ (არგენტინა) და ემერსონ ავილამ (ბრაზილია).

არგენტინის ნაკრები:
მეკარეები
: ვალტერ ბენიტესი (კილმესი), ანდრეს მერინგი (კოლონი), ხუან მუსო (რასინგი).
მცველები: ლისანდრო მაგალიანი (ბოკა ხუნიორსი), კარლოს რუისი (რივერ პლეიტი), ალან აგირე (ბოკა ხუნიორსი), ხონათან ვალე (ნიუელსი), ლაუტარო ჯანეტი (ველეს სარსფილდი), ლუკას როდრიგესი (არხენტინოს ხუნიორსი), ეროს მედალია (ველეს სარსფილდი).
ნახევარმცველები: ლუკას რომერო (ველეს სარსფილდი), ალან რუისი (სან ლორენსო), ადრიან სენტურიონი (რასინგი), აგუსტინ ალიონე (ველეს სარსფილდი), მარკოს ფერნანდესი (კოლონი), მანუელ ლანსინი (რივერ პლეიტი), ფედერიკო კარტაბია (ვალენსია), ხუან იგნასიო კავალიარო (უნიონი).
თავდამსხმელები: ხუან მანუელ იტურბე (რივერ პლეიტი), ლუსიანო ვიეტო (რასინგი), ლუკას მელანო (ბელგრანო).

ბრაზილიის ნაკრები:
მეკარეები
: მატეუსი (კორინთიანსი), ლუის გუსტავო (ვიტორია).
მცველები: უოლასი (ფლუმინენსე), დორია (ბოტაფოგო), ანტონიო კარლოსი (კორინთიანსი), დუგლას სანტოსი (ნაუტიკო), იგორ ჟულიაო (ფლუმინენსე), სამირი (ფლამენგო), მანსური (ვიტორია), ლუანი (ვასკო და გამა).
ნახევარმცველები: ჟადსონი (ბოტაფოგო), ფელიპე ანდერსონი (სანტოსი), რაფაელ ალკანტარა (ბარსელონა), მისაელი (გრემიო), ლუკას კანდიდო (ატლეტიკო მინეირო), მატეუს ოლივერია (ფლამენგო), ფრედი (ინტერნასიონალი), ადრიანი (ფლამენგო).
თავდამსხმელები: მარკოს ჟუნიორი (ფლუმინენსე), ადემილსონი (სან პაულო), ბრუნო მენდეში (ბოტაფოგო), ლეანდრო (გრემიო).

იმის გამო, რომ ტურნირი იანვარში იმართება, ორივე ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს, რადგან მწვრთნელებმა ევროპაში მოთამაშე უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ გამოიძახეს. მიუხედავად ამისა, ორივე გუნდში ძალიან ბევრი საინტერესო მოთამაშეა – არგენტინელებს შეტევაში ოთხი უნიჭიერესი ახალგაზრდა: მანუელ ლანსინი, ლუსიანო ვიეტო, ხუან მანუელ იტურბე და ადრიან სენტურიონი ჰყავთ. ბრაზილიელთა მხრიდან კი, შესაბამისად, “ჩელსიში” და “იუვენტუსში” გადასასვლელად გამზადებული უოლასი და დორია უნდა გამოვყოთ.

გარდა ამისა, სერია ა-ში საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცეს ჟადსონმა, ფელიპე ანდერსონმა და ბრუნო მენდეშმა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, რა თქმა უნდა, რაფაელ ალკანტარა მიიქცევს, რომელმაც, ძმისგან განსხვავებით, მამის სამშობლოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა.

ასევე იხილეთ:
ვინ მოიგებს კოლუმბიაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული