კოპა ლიბერტადორესი: "ტიგრე" ჯგუფურ ეტაპზეა

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები დაიწყო. 30 იანვარს ჯგუფური ეტაპის ორი მინაწილე გაირკვა. არგენტინულმა "ტიგრემ" ვენესუელაში დიდი ანგარიშით იმარჯვა, "დეპორტეს იკიკემ" კი საპირისპიროდ, დაძაბულ ბრძოლაში აჯობა "ლეონს" და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი "დეპორტივო ანსოტეგი"-"ტიგრეს" მატჩში დაძაბულ 90 წუთს გვპირდებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ახალგაზრდა რუბენ ბოტამ დააწინაურა – 22 წლის ნახევარმცველმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე ლუკას ორბანისგან მიიღო, საჯარიმოში შევიდა და ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა – 1:0. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი
მომხდარა, მეორე ნახევარში კი სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 73-ე წუთზე თავი "ტულუზის" ყოფილმა ფორვარდმა ფედერიკო სანტანდერმა გამოიჩინა, ხოლო 88-ე წუთზე თავისი ბურთი ვეტერანმა ესეკილ მახიოლომაც გაიტანა. საბოლოოდ, 0:3 და "ტიგრე" მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პერუს "სპორტინგ კრისტალი", პარაგვაის "ლიბერტადი" და ბრაზილიის "პალმეირასი" იქნებიან. ვერაფერს იტყვი, საკმაოდ რთული ჯგუფია.

ჩილეში გამართული შეხვედრა გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის გმირად კი მასპინძელთა კიპერი, როდრიგო ნარანხო მოგვევლინა, რომელმაც პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. 11-მეტრიანების სერია კი იმიტომ დაინიშნა, რომ ძირითადი დრო პირველი შეხვედრის ანალოგიური ანგარიშით (1:1) დასრულდა.

პირველი გოლი მექსიკელებმა გაიტანეს – 47-ე წუთზე თავი იოვანი არეჩეამ გამოიჩინა, თუმცა "ლეონის" ფეხბურთელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად 11 წუთში მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად "იკიკეს" არგენტინელმა კაპიტანმა, როდრიგო დიასმა აქცია. შემდეგ კი საფეხბურთო ლატარიის ჯერი დადგა, სადაც ნარანხომ გაიბრწყინა.

"დეპორტეს იკიკე" მე-4 ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მეტოქეობას სამხრეთამერიკული ფეხბურთის სამი გრანდი გაუწევს. ეს გუნდებია: "ველეს სარსფილდი" (არგენტინა), "პენიაროლი" (ურუგვაი) და "ემელეკი" (ეკვადორი).

კოპა ლიბერტადორესი. საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები.

დეპორტივო ანსოტეგი-ტიგრე 0:3
(პირველი მატჩი: 1:2)
გოლები: 0:1 ბოტა (8), 0:2 ფ. სანტანდერი (73), 0:3 მახიოლო (88).
გაძევება: ე. ერნანდესი (87. დეპორტივო ანსოტეგი).

დეპორტეს იკიკე-ლეონი 1:1 პენ. 4:2
(პირველი მატჩი: 1:1)
გოლები: 0:1 არეჩეა (47), 1:1 რ. დიასი (58-პენ).
პენალტების სერია: 1:0 სენტენო, 1:0 ბურბანო (მეკარე), 2:0 ვილიალობოსი, 2:0 მონტესი (მეკარე), 3:0 ერეროსი, 3:1 ხ. ვასკესი, 3:1 გრაბინსკი (მეკარე), 3:2 არეჩეა, 4:2 რ. დიასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უინტერესო საღამო ლიბერტადორესის თასზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული