29 წლის ალვეში, რომელსაც "ბარსასთან" ერთად ახალი ტიტულების მოგება სურს, ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია. "სელესაო" 2013 წლის ზაფხულში კონფედერაციის თასზე, ხოლო 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და ალვეშიც, ყველა ბრაზილიელის მსგავსად, ამ ტურნირებს მოუთმენლად ელის...
- ცოტა ხნის წინ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა წლის სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანეს. რა გრძნობაა, როდესაც შენი პროფესიის ადამიანები გაფასებენ?
- შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც
თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან ჩემმა კოლეგებმა დამაფასეს და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა იმათ, ვინც ჩათვალა, რომ 2012 წელს საუკეთესო მარჯვენა მცველი მე ვიყავი. ჩემს ადგილზე მოხვედრა ბევრ ფეხბურთელს შეეძლო, რადგან მსოფლიოში უამრავი კარგი მარჯვენა მცველია. ზოგადად, ინდივიდუალური პრიზების მოგება იოლია, როდესაც ძლიერი კლუბის წევრი ხარ და მე ამ მხრივაც გამიმართლა.
- თქვენთვის 2012 წელი, ტრავმების მხრივ, პრობლემური გამოდგა...
- კი, ნამდვილად ასე იყო. შარშან იმდენი ტრავმა მივიღე, რამდენიც კარიერის განმავლობაში არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, მაგ დროს ვცდილობ, ყველაფერს სხვანაირად შევხედო. იძულებითი უქმობის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე და ისეთი რაღაცეები დავაფასე, რასაც სხვა დროს ჯეროვან ყურადღებას ვერ ვუთმობდი. როდესაც პროფესიონალი ხარ და საქმეს მთელი გულით აკეთებ, მაშინ ყველაფერი უკანა პლანზე გადადის და სხვა საქმისთვის დრო თითქმის არ გრჩება. მიხარია, რომ ახალი წელს ჯანმრთელი შევხვდი და იმედი მაქვს, რომ მთელი წელი ასე გაგრძელდება.
- შარშან ბრაზილიის ნაკრებში მწვრთნელი შეიცვალა. თქვენი აზრით, რას შემატებს ნაკრებს ლუიშ ფელიპე სკოლარი?
- როდესაც რაღაც იცვლება, ადამიანი იმედოვნებს, რომ ახალი ძველზე უკეთესი იქნება. ახლა ჩვენთვის მთავარი სტაბილური გარემოს შექმნაა. ბრაზილიის ნაკრებმა მრისხანე გუნდის სტატუსი უნდა დაიბრუნოს და ამას, პირველ რიგში, წარსულის გენიალური მოთამაშეები გვავალდებულებენ.
სკოლარი არის უკანასკნელი მწვრთნელი, რომელმაც "სელესაოს" მუნდიალი მოაგებინა და ეს ფაქტი უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ტურნირის მოგება იოლი არ არის, მან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმარჯვა. წინ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის და ორივე ჩვენთან სახლში უნდა გაიმართოს. ჩვენ გვსურს, რომ ბრაზილიელ ხალხს ნაკრების იმედი ჰქონდეს და გვინდა, რომ მათ ეს შეგრძნება დავუბრუნოთ.
- ბევრი ადამიანის აზრით, ბრაზილია კონფედერაციის თასის და მუნდიალის ფავორიტია, რადგან ორივე ამ ტურნირს მასპინძლობს. სხვები ამტკიცებენ, რომ მასპინძელზე ზეწოლა ორმაგად დიდია და ეს შესაძლოა, გადაულახავი ბარიერი იყოს. თქვენი გუნდი ამისთვის მზად არის?
- თუ ვინმე მზად არ არის, მას საკუთარი თავის წესრიგში მოსაყვანად მხოლოდ 5 თვე დარჩა. სიმართლეა ის, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მაგრამ ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან და საკუთარ კლუბებში არაერთი ტიტულიც აქვთ მოგებული. პირადად ჩემთვის, საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ეს ფაქტი ყველა ნეგატიურ ფაქტორს ფარავს. მასპინძლობა ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნის, რადგან ტურნირის დაწყებას ყველანი მოუთმენლად ველით.
- ცოტა ხნის წინ რონალდომ განაცხადა, რომ ბრაზილია მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ნაკრებში არ შედის. ეთანხმებით მას?
- ამჟამად მეც დაახლოებით იმავე აზრზე ვარ. ბოლო წლებში ოფიციალური მატჩები არ გვითამაშია. გარდა ამისა, გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ისინი განვითარების ახალ ეტაპზე ახლა გადადიან. კონფედერაციის თასი გუნდის შესათამაშებლად და გამოცდილების მისაღებად უნდა გამოვიყენოთ.
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე წელიწად-ნახევარია დარჩენილი, რაც არც ისე ცოტაა, მაგრამ მოშვებაც არ შეიძლება, რადგან 2014 წლის ზაფხულიც მალე მოვა და ჩვენ არავინ დაგველოდება – ვიქნებით მზად თუ არა, ჩემპიონატი მაინც გაიმართება. ყველა ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ბრაზილიელ ხალხს იმედი გავუმართლოთ. "სელესაოს" ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის, რას ნიშნავს ბრაზილიის ნაკრებში თამაში და ვფიქრობ, საქმისადმი ასეთი მიდგომით ჩვენ საკმაოდ ძლიერ გუნდს ავაშენებთ.
- "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის დაწყების წინ ნეიმარს ესაუბრებოდით. "ბარსელონაში" გადასვლას ხომ არ სთავაზობდით?
- მე ამას უკვე წლებია, ვცდილობ (იცინის). როდესაც პირველად ითქვა, რომ ნეიმარი სათამაშოდ ევროპაში გადმოვიდოდა, უმალვე დავუკავშირდი და "ბარსელონაში" გადმოსვლა შევთავაზე, რადგან "ბარსა" კლუბზე მეტია. აქ შენ მოგხედავენ, მოგივლიან, მიხედავენ შენს ოჯახს. ამ კლუბს ისეთი ღირებულებები გააჩნია, რომელიც არც ერთ სხვა კლუბს არ აქვს.
ყველა ამბობს, რომ "ბარსელონას" დამარცხება შეუძლებელია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კლუბის სტრუქტურა და ფილოსოფიაა. ჩვენთან ახალგაზრდულ აკადემიას უდიდესი ყურადღება ექცევა და კლუბი მხოლოდ იმ ფეხბურთელს ყიდულობს, რომელიც მართლაც ესაჭიროება. მოთამაშეთა უმეტესობას გუნდის აღზრდილები შეადგენენ. "ოქროს ბურთისთვის" ჩვენი ორი თანაგუნდელი იბრძოდა, რაც ფეხბურთელთა უმაღლეს დონეზე მეტყველებს და ამ ყველაფერს "ბარსამ" ფეხბურთელებში ასტრონომიული თანხების დახარჯვის გარეშე მიაღწია.
- როდესაც "ბარსელონაში" გადახვედით, ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ?
- გამიკვირდა ის, რომ პოტენციური ახალწვეულების შერჩევისას ფეხბურთელის რეპუტაციას და პოპულარობას ყურადღებას არ აქცევდნენ. როდესაც "ბარსაში" ახალი მოთამაშე მიდის, მწვრთნელები გუნდში მის როლზე და იმ სამუშაოზე ფიქრობენ, რომელიც მან მოედანზე უნდა შეასრულოს. ასეთ პირობებში გუნდი აუცილებლად გაიზრდება, ოღონდ ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ ხდება, ამისთვის წლებია საჭირო.
ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ვთამაშობთ კლუბში, რომელიც მის წევრებს არამარტო საფეხბურთო, არამედ ცხოვრებისეულ ღირებულებებს ასწავლის. ორი აზრი არ არის: "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და საუკეთესო გუნდია.
ასევე იხილეთ:
დანი ალვეში: ესპანეთი რასიზმთან ბრძოლას აგებს!