ლიბერტადორესის თასი: ჩხუბი პოლიციელებსა და ფეხბურთელებს შორის!

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის მორიგმა სათამაშო დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. სამაგიეროდ, კვლავ იყო სკანდალი, რომელმაც "დეჟა ვუს" შეგრძნება გაგვიჩინა...

ბრაზილიაში, კერძოდ, მინას ჟერაესის შტატის დედაქალაქ ბელო ორიზონტეში, სტუმრად სარანდის "არსენალი" ჩავიდა. ამ ტურის წინ "ატლეტიკო მინეიროს" ჯგუფიდან გასვლის საკითხი გადაწყვეტილი ჰქონდა, "არსენალს" კი ქულები ჰაერივით ესაჭიროებოდა. გარდა ამისა, არგენტინელები ალბათ რევანშზეც ფიქრობდნენ, რადგან ამ გუნდების პირველი მატჩი, რომელიც არგენტინაში გაიმართა, მასპინძელთა განადგურებით, 2:5 დასრულდა.

მატჩი სტუმრებისთვის კატასტროფულად დაიწყო
და მე-15 წუთზე უკვე 2:0 იყო. საბოლოოდ ეს შეხვედრა პირველი თამაშის ანალოგიური ანგარიშით დასრულდა და ბრაზილიელებმა ისევ 5:2 იმარჯვეს. შესანიშნავად ითამაშა რონალდინიომ, რომელმაც დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ორი საგოლე პასით გამოირჩა ჟო, თითო გოლი კი ვეტერანებმა დიეგო ტარდელიმ და ალეკსანდრომ და ახალგაზრდა ლუანმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელთა მხრიდან თავი გამოიჩინა დიეგო ბრაგიერიმ, ვინც პირველ შეხვედრაში რონალდინიოს კინაღამ ფეხი მოსტეხა, მაგრამ დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

ყველაზე საინტერესო რამ კი მატჩის შემდეგ მოხდა. საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილი არგენტინელებმა არბიტრებთან მისვლა სცადეს, რასაც წინ პოლიცია აღუდგა და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ მოედანზე გაიმართა. პოლიციას და სტუმარ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ შესვენებაზე დაწყებულა, თუმცა მაშინ ყველაფერი მოგვარდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელები ბრაზილიელ სამართალდამცავებს უპირისპირდებიან. დაახლოებით 4 თვის წინ, კოპა სუდამერიკანას ფინალის შესვენებაზე, "ტიგრეს" და სან პაულოს პოლიციას შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის გამოც არგენტინელები მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოვიდნენ.

არგენტინული პრესა ამ ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, სადაც სათამაშოდ არა რომელიმე კლუბი, არამედ არგენტინის ნაკრები ჩავა...

შეხვედრის შემდეგ მასპინძელთა დამრიგებელმა კუკამ სტუმარი ფეხბურთელები გააკრიტიკა: "ისინი აქ საჩხუბრად ჩამოვიდნენ. დავიღალე იმის ყურებით, თუ როგორ ურტყამდნენ ჩემს ფეხბურთელებს მაშინ, როდესაც მათ ბურთი არ ჰქონდათ. ჩემი შეგირდები შესვენებაზე გავაფრთხილე, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ, რადგან ჩხუბი და სიტუაციის დაძაბვა ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა," – განაცხადა "ატლეტიკო მინეიროს" დამრიგებელმა.

ბოკამ დაბადების დღე აღნიშნა
უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო "ბოკა ხუნიორსმა", რომელმაც ნიკოლას ბლანდის მიერ მე-9 წუთზე გატანილი გოლით ეკვადორის "ბარსელონას" სძლია და ჯგუფში დროებით გალიდერდა. კარლოს ბიანკის შეგირდებმა შინ პირველი მატჩი მოიგეს და იუბილე სათანადოდ აღნიშნეს. თამაშის დღეს (3 აპრილს) "ბოკას" 108 წელი შეუსრულდა და ამის გამო არგენტინელებს წარუმატებლად გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ.

მასპინძლებს გაცილებით დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ შესანიშნავად ირჯებოდა სტუმართა მეკარე მაქსიმო ბანგერა, ვინც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

ყველაფერი გაირკვა მე-5 ჯგუფში, საიდანაც ასპარეზობას "კორინთიანსი" და "ტიხუანა" გააგრძელებენ. კოპა ლიბერტადორესის მოქმედმა გამარჯვებულმა დანილოს გოლით "მილიონარიოსს" მოუგო, მექსიკის ჩემპიონმა კი ბოლივიიდან ქულა წამოიღო და მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა მე-8 ჯგუფში. აქ მეხუთე ტურის ერთი მატჩი გაიმართა, რომელმაც ჯგუფის ლიდერი შეცვალა. ბევრისთვის მოულოდნელად, "უაჩიპატომ" "კარაკასი" გაანადგურა და ბოლო ადგილიდან პირველზე გადავიდა. სტუმართა მხრიდან გამოირჩა ბრიან როდრიგესი, ვინც ჰეთ თრიქი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

I ჯგუფი. V ტური

ბოკა-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 ბლანდი (9).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 5 3 0 2 5-4 9
2. ნასიონალი 4 2 1 1 6-5 7
3. ტოლუკა 4 1 2 1 5-5 5
4. ბარსელონა 5 0 3 2 4-6 3

III ჯგუფი. V ტური

ატლ. მინეირო-არსენალი 5:2
გოლები: 1:0 დიეგო ტარდელი (11), 2:0 რონალდინიო (15-პენ), 2:1 ბრაგიერი (40), 3:1 ლუანი (47), 4:1 რონალდინიო (59), 4:2 ბენედეტო (85), 5:2 ალეკსანდრო (90).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 5 5 0 0 16-7 15
2. სან პაულო 4 1 1 2 5-6 4
3. არსენალი 5 1 1 3 8-14 4
4. სტრონგესტ 4 1 0 3 5-7 3

V ჯგუფი. V ტური

სან ხოსე-ტიხუანა 1:1
გოლები: 0:1 ფ. მარტინესი (65), 1:1 მ. გომესი (81).
გაძევება: ლ. პალასიოსი (88. სან ხოსე).

მილიონარიოსი-კორინთიანსი 0:1
გოლი: 0:1 დანილო (57).

თ მ ფ წ ბ ქ
1. კორინთიანსი 5 3 1 1 7-2 10
2. ტიხუანა 5 3 1 1 7-4 10
3. სან ხოსე 5 1 2 2 5-8 5
4. მილიონარიოსი 5 1 0 4 2-7 3

VIII ჯგუფი. V ტური

კარაკასი-უაჩიპატო 0:4
გოლები: 0:1 ბ. როდრიგესი (8), 0:2 ბ. როდრიგესი (36), 0:3 ბ. როდრიგესი (63), 0:4 ფალკონე (87).

თ მ ფ წ ბ ქ
1. უაჩიპატო 5 2 1 2 9-7 7
2. ფლუმინენსე 4 2 1 1 4-5 7
3. გრემიო 4 2 0 2 9-5 6
4. კარაკასი 5 2 0 3 6-11 6

ბომბარდირები: 5 – ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 – ბარეირო (ოლიმპია), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე); 3 – ავილა (სპორტინგ კრისტალი), ბენედეტო (არსენალი), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), გერერო (კორინთიანსი), ლაიხტვაისი (დეპორტეს ტოლიმა), ა. პენია (კარაკასი), საუსედო (სან ხოსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: არგენტინული "ველესი" მომდევნო ეტაპზეა
ფეხბურთელები მოედანზე პოლიციას ეჩხუბნენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული