ფინალში დამარცხებულმა "ბოკა ხუნიორსმა", რომელიც წელს არგენტინის ჩემპიონატში საშინლად თამაშობს, მოქმედ ჩემპიონ "კორინთიანსს" უმასპინძლა და ნიკოლას ბლანდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, 1:0 მოუგო.
მასპინძლებს სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ. კარლოს ბიანკის ხუან რომან რიკელმე, ფრანკო სოსა, ემილიანო ალბინი, ნიკოლას კოლასო, რიბაირ როდრიგესი, გილერმო ფერნანდესი, ლეანდრო პარედესი და ლუკას ვიატრი აკლდა. მიუხედავად ამისა, არგენტინელებმა სტუმრებს არაფერი დაუთმეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარი "ბოკამ" უკეთ
შეხვედრის ბოლო წუთები მასპინძლებმა 10 კაცით ჩაატარეს, რადგან ცვლილებაზე შემოსულმა პაბლო ლედესმამ ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. აქედან პირველი ბარათი ფეხბურთელმა ძალიან უცნაურ ვითარებაში მიიღო - ლედესმამ გოლი გაიტანა და სიხარული მაისურის გახდით გამოხატა. გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, ნახევარმცველმა კი ყვითელი მიიღო.
ამ მომენტიდან ორ წუთში "კატანიას" ყოფილმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში რალფი წააქცია და არბიტრს მეორე ყვითელი დასტყუა. მიუხედავად ამისა, ბიანკის შეგირდებმა "კორინთიანსის" შემოტევებს გაუძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
"ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელიც ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე დეკემბერში იყო. ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ საუკეთესოებს შორის იყოს. მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს გოლი არ გაგვეშვა და საბედნიეროდ, კარის მშრალად შენახვა შევძელით," - განაცხადა კმაყოფილმა ბიანკიმ.
უკმაყოფილო იყო "კორინთიანსის" დამრიგებელი ტიტე, თუმცა ბრაზილიელი სპეციალისტი ოპტიმისტურად არის განწყობილი:
"ჩვენ უკეთ თამაშიც შეგვეძლო და ვალდებულნიც ვიყავით, უკეთ გვეთამაშა. შეხვედრის დიდმა ნაწილმა ორთაბრძოლებში ჩაიარა და "ბოკამ" ამით კარგად ისარგებლა. საკუთარ მოედანზე მოგების და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვექნება და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".
საპასუხო შეხვედრა 15 მაისს, სან პაულოში გაიმართება და წყვილში გამარჯვებულის ვინაობაც იქ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი 1/4-ფინალში "ველეს სარსფილდი"-"ნიუელსის" წყვილში უძლიერესს შეხვდება.
კიდევ ერთი მატჩი პორტუ ალეგრიში გაიმართა, სადაც ვანდერლეი ლუშემბურგოს გარეშე დარჩენილმა "გრემიომ" კოლუმბიურ "სანტა ფეს" უმასპინძლა და გაჭირვებით მოუგო. შეგახსენებთ, რომ ლუშემბურგომ კონმებოლისგან 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და საკუთარ გუნდს მხოლოდ ფინალში (თუ გავიდა) თუ უხელმძღვანელებს.
მასპინძლებს გაუჭირდათ, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი გამოცდილი ვეტერანის, კრისის გაძევება იყო. "ლიონის" ყოფილმა მცველმა მეორე ყვითელი ბარათი საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის მიიღო, რასაც მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნაც მოჰყვა, რომელიც სტუმართა არგენტინელმა ლეგიონერმა ომარ პერესმა გოლად აქცია.
ამ დროისთვის ანგარიში უკვე 1:0 იყო - ედუარდო ვარგასმა ალექს ტელეშის გადაცემით ისარგებლა და "გრემიო" დააწინაურა.
კაცნაკლულობის მიუხედავად, მასპინძლები დაცვაში არ ჩამდგარან და მეტოქეს აქტიურად შეუტიეს, რამაც შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო - 21 წლის ფერნანდომ, ვისაც არაერთი ევროპული გუნდი ეპატიჟება, საჯარიმოს გარედან გაისროლა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. აქაც, "ბოკა"-"კორინთიანსის" არ იყოს, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 16 მაისს, სანტა ფეში გაიმართება.
ბოკა-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 ბლანდი (59).
ბოკა ხუნიორსი (4-4-2): ორიონი - მარინი, კარუსო, გ. ბურდისო, კ. როდრიგესი - ერბესი (67. ბრავო), სომოსა, ერვიტი (63. პ. ლედესმა), სანჩეს მინიო - ხ. მარტინესი, ბლანდი (89. მაგალიანი).
კორინთიანსი (4-3-3): კასიო - ალესანდრო, პაულო ანდრე, ჟილი, ფაბიო სანტოსი - რალფი (88. დუგლასი), პაულინიო, დანილო (51. ჟორჟე ენრიკე) - რომარინიო (74. პატო), ემერსონ შეიკი, გერერო.
გაძევება: პ. ლედესმა (84. ბოკა ხუნიორსი).
გრემიო-სანტა ფე 2:1
გოლები: 1:0 ე. ვარგასი (28), 1:1 ო. პერესი (55-პენ), 2:1 ფერნანდო (81)
გრემიო (4-3-1-2): დიდა - პარა, ბრესანი, კრისი, ანდრე სანტოსი - სოუზა, ფერნანდო, ალექს ტელეში (73. გილერმო ბიტეკო) - ელანო (57. გაბრიელი) - ბარკოსი (87. კლებერი), ე. ვარგასი.
სანტე ფე (4-3-1-2): კ. ვარგასი - როა, კ. ვალდესი, მესა, მ. გარსია - ანჩიკო, დ. ტორესი, ბედოია (67. ჯ. ვალენსია) - ო. პერესი - ვ. მედინა, კუერო (63. მარტინეს ბორხა).
გაძევება: კრისი (53. გრემიო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: შანსი ყველას აქვს