ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი: დებიუტანტი რვა საუკეთესოშია

AutoSharing Option
"სან პაულოს" შემდეგ ლიბერტადორესის თასს კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი გამოეთიშა.

"პალმეირასმა" მექსიკურ "ტიხუანასთან" წააგო, რომელიც ამ ტურნირზე პირველად მონაწილეობს. მოგეხსენებათ, "ტიხუანა" 2007 წელს დაარსდა და შარშან მექსიკის უმაღლეს დივიზიონში პირველი სეზონი გაატარა, რომელიც კლუბის გაჩემპიონებით დასრულდა. აბსოლუტურად საპირისპირო სეზონი ჰქონდა "პალმეირასს" - 1999 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა ბრაზილიის თასი კი მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ძალიან ცუდად ითამაშა და სერია A-დან გავარდა. შესაბამისად, ამ წყვილში ლოგიკური შედეგი მივიღეთ: მექსიკის ჩემპიონმა ბრაზილიის მეორე დივიზიონის გუნდი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მექსიკაში გამართული პირველი
მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს. 27-ე წუთზე ანგარიში "ტიხუანას" კოლუმბიელმა ლეგიონერმა დუვიერ რიასკოსმა გახსნა და "პალმეირასი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ყველაფერი მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე გადაწყდა - ფერნანდო არსემ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და შეხვედრას ინტრიგა მოუკლა.

მართალია, 62-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა სოუზამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ჟილსონ კლეინას გუნდმა მეტი ვერაფერი მოახერხა და გავარდა.

"ტიხუანა" მეოთხედფინალში "ატლეტიკო მინეიროს" შეხვდება, რომელიც იმდენად კარგად თამაშობს, რომ ბევრი სპეციალისტის აზრით, ტურნირის მთავარი ფავორიტია, თუმცა "შოლოსმა" ("ტიხუანას" მეტსახელია, მექსიკური უთმო ძაღლის ჯიშია) ჯგუფშიც (მეტოქედ "კორინთიანსი" ჰყავდა) და პლეი ოფის ეტაპზეც უკვე დაამტკიცა, რომ ბრაზილიურ კლუბებთან თამაში კარგად ეხერხება.

გამთენიისას ლიბერტადორესის თასზე სამი ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც არგენტინული კლუბების ბედი წყდებოდა. "ოლიმპია"-"ტიგრეს", "ველესი"-"ნიუელსის" და "კორინთიანსი"-"ბოკა ხუნიორსის" შესახებ "ლელოს" 17 მაისის ნომერში ვისაუბრებთ.

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი

პალმეირასი-ტიხუანა 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 რიასკოსი (27), 0:2 არსე (51), 1:2 სოუზა (62-პენ).
პალმეირასი (4-4-2): ბრუნო - აირტონი, ენრიკე, მაურისიო რამოსი, მარსელო ოლივეირა (72. ჟუნინიო) - ტაიგო რეალი, ჩარლზი (54. მაიკონ ლეიტე), მარსიო არაუჟო, ვესლი (46. სოუზა) - კლებერი, ვინისიუსი
ტიხუანა (4-4-1-1): საუსედო - ხ. ნუნიესი, განდოლფი (73. ო. ორტისი), პ. აგილარი, ე. კასტილიო - რ. რუისი, პელერანო, არსე, ფ. მარტინესი (76. ა. გონსალესი) - ჯ. კორონა (67. მადუენია) - რიასკოსი.
გაძევება: პ. აგილარი (84. ტიხუანა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარცხი 110 წლით უმცროსთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული