ლიბერტადორესის თასი: "სანტა ფე" ცალი ფეხით ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასზე პირველი მეოთხედფინალები გაიმართა და ორი წყვილიდან ერთში გამარჯვებულის ვინაობა თითქმის გაირკვა. პერუს ქალაქ კუსკოში, რომელიც ზღვის დონიდან 3 400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, "რეალ გარსილასომ" "სანტა ფეს" უმასპინძლა და ისეთი ანგარიშით წააგო, რომ საპასუხო შეხვედრამ ფორმალური ხასიათი შეიძინა.

კოლუმბიელებმა მასპინძელთა მცველების შეცდომებით ისარგებლეს და 54-ე წუთისთვის სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს.

"ჩვენი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. კუსკოშიც მოსაგებად ჩამოვედით და საბედნიეროდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ვიცოდით, რომ მასპინძლები ორმატჩიანი დუელის ბედის გადაწყვეტას აქ ეცდებოდნენ და ჩვენ სივრცეებს დაგვიტოვებდნენ. კონტრშეტევებზე ძალიან კარგად
ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ,"
- განაცხადა კარლოს ვალდესმა, "სანტა ფეს" და კოლუმბიის ნაკრების მცველმა.

კოლუმბიის 7-გზის ჩემპიონთა მხრიდან გოლები ფრანსისკო მესამ, ვილდერ მედინამ და ჯეფერსონ კუერომ გაიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მესამე გოლი, როდესაც კუეროს საგოლე პასი "გარსილასოს" პარაგვაელმა მცველმა როლანდო ბოგადომ გაუკეთა და კოლუმბიელთა შემტევი ცარიელ კართან დატოვა.

მასპინძლებმა "სანტა ფეს" ცვლილებაზე შემოსული ალფრედო რამუას ულამაზესი გოლით უპასუხეს, მაგრამ ამ ბურთს დიდი არაფერი შეუცვლია. აღსანიშნავია, რომ 26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, პერუელებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ 11-მეტრიანი ფაბიო რამოსმა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, "რეალ გარსილასო", რომელიც 2007 წელს დაარსდა და ტურნირის დებიუტანტია, უშანსოდ დამარცხდა, ხოლო "სანტა ფემ" ნახევარფინალში ერთი ფეხი შედგა. ამ ეტაპზე კოლუმბიის 2012 წლის აპერტურას ჩემპიონი ისტორიაში ერთხელ, 1961 წელს არის გასული.

მეორე მეოთხედფინალში "ფლუმინენსემ" "ოლიმპიას " უმასპინძლა და ლიბერტადორესის თასის 3-გზის მფლობელს გოლი ვერ გაუტანა, თუმცა არც საკუთარ კარში გაუშვა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ზუსტი დარტყმის განხორციელებას ვერაფრით ახერხებდნენ.

მატჩის 82-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ედუარო არანდამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ "ფლუს" ესეც ვერ დაეხმარა.

გოლების გატანა შეეძლოთ ფრედს, ველინგტონ ნემს და ცვლილებაზე გამოსულ რაფაელ სობისს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრაზილიელებს არ გაუმართლათ და გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ამ წყვილში ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

საპასუხო მატჩები ერთი კვირის შემდეგ, ბოგოტაში და ასუნსიონში გაიმართება.

ლიბერტადორესის თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩები

რეალ გარსილასო-სანტა ფე 1:3
გოლები: 0:1 მესა (20), 0:2 მედინა (23), 0:3 კუერო (54), 1:3 რამუა (64).
რეალ გარსილასო (3-4-1-2): კარანსა - გუადალუპე (46. უერტა), ლოხასი, ბოგადო - ჯ. ერერა, რეტამოსო, ო. გამარა (58. რამუა), სანტილიანი (74. ე. აკოსტა) - ფ. რამოსი - მონტესი, ვ. ფერეირა
სანტე ფე (4-3-1-2): კ. ვარგასი - ანჩიკო, კ. ვალდესი, მესა, მ. გარსია - დ. ტორესი, ბედოია, ჯ. ვალენსია - ო. პერესი (90. კინონესი) - კუერო (57. მარტინეს ბორხა), მედინა (77. ე. მოლინა).

ფლუმინენსე-ოლიმპია 0:0
ფლუმინენსე (4-3-2-1): დიეგო კავალიერი - ბრუნო (73. რაფაელ სობისი), დიგაო, ლეანდრო ეუსებიო, კარლინიოსი - ედინიო (85. სამუელ როსა), ჟეანი, რაინერი - ვაგნერი (77. ფელიპე), ველინგტონ ნემი - ფრედი.
ოლიმპია (3-5-2): მ. სილვა - მანსური, ე. მირანდა, კანდია - ხორხე ბაესი (56. არიოსა), ა. ხიმენესი (66. ე. პერესი), არანდა, რ. სალინასი, რ. ორტისი - ბარეირო, სალგეირო (46. კასტორინო).
გაძევება: არანდა (82. ოლიმპია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "გრემიოც" გავარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული