ბრაზილიის ნაკრებში ჟომ დამიაო შეცვალა

AutoSharing Option
საფრანგეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, ბრაზილიის ნაკრებში ერთი ცვლილება მოხდა. ტრავმირებული ლეანდრო დამიაოს ნაცვლად, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ "ატლეტიკო მინეორის" ფორვარდ ჟოს უხმო.

დამიაომ ტრავმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და სკოლარის მისი შეცვლა დასჭირდა. ბრაზილიის ნაკრების საფრანგეთს 9 ივნისს, პორტუ ალეგრიში დაუპირისპირდება.

"მინდა, ბრაზილიურ კლუბებს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით "ატლეტიკო მინეიროს", დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ კარგად იციან ეროვნული ნაკრების ფასი და გამოძახებულ ფეხბურთელებს არ აფერხებენ," - განაცხადა სკოლარიმ.

"ატლეტიკო მინეირო" ბრაზილიის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ჟოს გამოკლება გუნდს ნამდვილად დაეტყობა. მოგეხსენებათ,
მიუხედავად სანაკრებო მატჩებისა, სერია A არ შეჩერებულა და მატჩები ყოველდღე იმართება.

26 წლის ჟოს, რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს, "სელესაოს" რიგებში სულ სამი მატჩი აქვს გამართული, რომელშიც გოლი არ გაუტანია. ბოლოს, ფორვარდმა ნაკრების მაისური 2008 წლის 16 ოქტომბერს მოირგო - იმ დღეს, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბრაზილიამ კოლუმბიას უმასპინძლა და გატანილი გოლის გარეშე დაშორდა.

რაც შეეხება დამიაოს: "ინტერნასიონალის" ფორვარდი კონფედერაციის თასის განაცხადში დარჩება, თუმცა თუ დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა, მაშინ "დიდ ფილს" მისი შეცვლა მოუწევს და თუ ჟომ საფრანგეთთან თავი გამოიჩინა, შესაძლოა ნაკრებში დიდი ხნითაც დაიმკვიდროს თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ინგლისი 2:2 - შანსი 29 წლის შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული