ბუნდესნაკრებს კვლავ არ გამოუვიდა ორივე ტაიმის თანაბრად ჩატარება, თუმცა მაინც დამაჯერებლად იმარჯვა ცალკე მეტოქის არცთუ მაღალი კლასისა და ცალკე შეხვედრის არბიტრის, ვილმერ როლდანის მიღებული გადაწყვეტილების გამო.
პირველი ტაიმი გერმანიის ნაკრებს საერთოდ არ გამოუვიდა. ის კი არა, შეხვედრის პირველ წუთებში უკეთ კამერუნელები გამოიყურებოდნენ. ეს გასაკვირი არც იყო: გერმანიის ისედაც ექსპერიმენტული ნაკრები კიდევ უფრო ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო მინდორზე გასული.
ფეხბურთელებს უჭირდათ
ტაიმის ბოლო წუთზე უკვე კამერუნს მიეცა შესანიშნავი შანსი. ზამბო ანგისა შეტევაში ჩაერთო და კარში დაარტყა კიდეც, თუმცა ამ შემთხვევაში კარგად ითამაშა გერმანელთა კარის დარაჯმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში გერმანიას უნდა მოემატებინა და მოუმატა კიდეც. ტაიმი სულ სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ანგარიში გაიხსნა. იულიან დრაქსლერის შესანიშნავ პასს ქერემ დემირბაის დიდებული გასროლა მოჰყვა.
ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, თამაშის სადავეები თითქმის მთლიანად გერმანელებმა იგდეს ხელში. მალევე კიმიხს შეექმნა დიდებული შანსი, თუმცა დიდებულად ითამაშა ონდოამ.
ამას მოჰყვა ეპიზოდი, რომელიც შეხვედრის არბიტრს კარგად ვერ ახასიათებს. მან ჯერ შეცდომით გააფრთხილა სიანი, არადა, წესები მაბუკამ დაარღვია. მერე ვიდეოგამეორება ნახა და სიანი გააძევა. მერე ისევ მიმართა ვიდეორეფერის და სიანის წითელი ბარათი გაუუქმა, ის მაბუკას არგუნა. ამას კამერუნელთა დიდი პროტესტი მოჰყვა, მაგრამ რაღა შეიცვლებოდა...
ეს ეპიზოდი 64 - ე წუთზე მოხდა, ორ წუთში კი გერმანიამ გაიტანა. კიმიხის შესანიშნავი პასის შემდეგ ტიმო ვერნერმა ეშმაკური თავურით აიღო კამერუნელთა კარი და ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობაც საბოლოოდ გამოარკვია.
ამის შემდეგ გერმანია თავადაც თამაშობდა და კამერუნსაც აძლევდა თამაშის საშუალებას. ყველასათვის გასაკვირად, აფრიკელებმა მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა. შეცვლაზე შესული მუმი ნგამალუს გადაცემას კამერუნელთა თავდასხმის ლიდერი ვინსენტ აბუბაქარი გამოეხმაურა და კამერუნს ნამუსი მოწმინდა.
თამაში ისევ ტიმო ვერნერის გოლით დასრულდა. ზოგადად, ახალგაზრდა ფორვარდმა დაამტკიცა, რომ თავდამსხმელის პრობლემა ბუნდესნაკრებში არც ისე მძაფრად დგას, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ეგაა, ვერნერს მეტი ნდობა სჭირდება, თორემ მას ოსტატობა არ დაეწუნება.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა ვერნერი. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვისათვის ეს 150-ე მატჩში მეასე, საიუბილეო გამარჯვება იყო.
იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ჩვენ მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ. პირველ ნახევარში ვერ გამოვიყურებოდით კარგად, არ გვყოფნიდა აგრესია. რაც შეეხება მეორე ნახევარს, აქ იყო კარგი ეპიზოდები. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვაძლევთ თავის გამოჩენის შანსს ამ ტურნირზე.
მექსიკის სახით ნახევარფინალში ძლიერი მეტოქე გვყავს. მოვემზადებით მათთან სათამაშოდ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა".
ჰუგო ბროსი (კამერუნის ნაკრები): "მე არ მინდა მსაჯებზე საუბარი. ყველაფერი თავად ნახეთ. ჩვენ შეგვეძლო, უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ თავდადების მხრივ შეგირდებთან კითხვები არ მაქვს. ვფიქრობ, არცერთ შეხვედრაში არ დაგვიშვია დაბლა თამასა, გარდა დღევანდელი მატჩის ბოლო მონაკვეთისა, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები".
* * *
ჩილეს ფრეც აძლევდა ხელს ავსტრალიასთან პაექრობაში და საბოლოოდ, მიაღწია მიზანს, თუმცა უფრო რთულად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ავსტრალიელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს უფრო ძლიერ მეტოქეს, ფრეს გამორჩნენ და კინაღამ სენსაციაც გამოაცხვეს.თამაში ჩილელთა უპირატესობით დაიწყო - ჯერ კიდევ მე-7 წუთზე, სამხრეთამერიკელებს გატანის რეალური შანსი ჰქონდათ - არტურო ვიდალმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა უძლიერესად, თუმცა მეკარემ ივარგა და მოიგერია ბურთი. ტაიმის შუაწელს შეტევებისთვის ავსტრალიელებმაც მოიცალეს - შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლუონგო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ამ უკანასკნელს ვეღარ აჯობა.
პირველი ნახევრის მიწურულს, ავსტრალიელებმა გახსნეს ანგარიში - ქაოტური შეტევის შემდეგ ბურთი ტროისის მიუგორდა, რომელმაც ტექნიკური დარტყმით გადაუგდო ბურთი მეკარეს თავზე და ბადეში გაახვია - 0:1. ტაიმის მიწურულს, ჩილეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - არტურო ვიდალის თავური დარტყმის შემდეგ კარი ავსტრალიელთა მცველმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმში ჩილეს უპირატესობა გაიზარდა, თუმცა სამხრეთამერიკელებს უჭირდათ სახიფათო მომენტების შექმნა - ავსტრალიელებმა საიმედოდ გადაკეტეს თავისუფალი ზონები და სივრცეებს პრაქტიკულად არ ტოვებდნენ - თუმცა, 67-ე წუთზე ჩილემ მაინც შეძლო ნანატრი გოლის გატანა - გრძელი იერიშის შემდეგ მარტინ როდრიგესს მიუვიდა ბურთი და მანაც ვარდნაში, დასწრებაზე ითამაშა და გაათანაბრა ანგარიში - 1:1.
ავსტრალიელებს შეეძლოთ წინ გასვლა, ყველაზე რეალური მომენტი კი 71-ე წუთზე შეექმნათ - მაკლარენმა ბრწყინვალე პასი მიიღო და პრაქტიკულად, დაუცველ კარში გზავნიდა ბურთს, თუმცა მიზანს ააცილა. ამის შემდეგ ავსტრალიელებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა.
ჩილეს ნაკრებს პირველი ადგილის დაკავებაც შეეძლო, თუმცა ავსტრალიასთან შეხვედრის სცენარს თუ გავითვალისწინებთ, ჯგუფიდან გასვლით სამხრეთამერიკელები ძალიან კმაყოფილნი უნდა იყვნენ. ჩილეს ნაკრები ნახევარფინალშია და იქ პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ანგე პოსტეკოღლუ (ავსტრალია): "ჩვენ ვითამაშეთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. ჩემი პირადი აზრით, ჩილეს ნაკრები მსოფლიოს არც ერთ გუნდს არ ჩამორჩება. ჩვენ გავრისკეთ, შევუტიეთ და გვქონდა მოგების რეალური შანსი. ჩემი სურვილია, რომ მუდამ ასე ვთამაშობდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ გამოდის. რაც შეეხება კონფედერაციათა თასის გათამაშებას, საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე იყო - ჩვენ არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია".
ხუან ანტონიო პიცი (ჩილე): "ძალიან რთული შეხვედრა იყო და საბედნიეროდ, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც ყველაფერი არ გამოუვიდათ, მაგრამ თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ. რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, თუმცა შევძელით და გარდატეხა შევიტანეთ თამაშში. წინ ნახევარფინალური პაექრობაა და პორტუგალიასთან მოგვიწევს დაპირისპირება.
მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონია და საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. პორტუგალიის ნაკრებში ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია - თუმცა პორტუგალიის ნაკრები, პირველ რიგში, გუნდია და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არც ერთ ფეხბურთელს არ მივანიჭებთ".
გერმანია-კამერუნი 3:1
გოლები: 1:0 დემირბაი (48), 2:0 ვერნერი (66), 2:1 აბუბაქარი (78), 3:1 ვერნერი (81)
გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - გინტერი, ზულე, რუდიგერი - კიმიხი, რუდი (74. ჰენრიხსი), ჯანი, პლატენჰარდტი - დემირბაი (78. ბრანდტი), დრაქსლერი (80. იუნესი)- ვერნერი
კამერუნი (4-3-3): ონდოა - მაბუკა, ნგაჯიუ, ტიეკუ, ფაი - ჯუმი (58. ნგამალუ), სიანი, ანგისა - ბასოგოგი (82. ეკამბი), აბუბაქარი, მუკანჯო (70. გუოატა)
გაძევება: მაბუკა (64)
მაყურებელი: 30 230
ჩილე-ავსტრალია 1:1
გოლები: 0:1 ტროისი (42), 1:1 მ. როდრიგესი (67)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა, პ. დიასი, ხარა, მენა - არანგისი (46. პ. ერნანდესი), სილვა, ვიდალი - ფუენსალიდა (46. მ. როდრიგესი), ა. სანჩესი, ე. ვარგასი (82. მ. დიასი)
ავსტრალია (3-4-2-1): რაიანი - მილიგანი, საინსბარი (72. რაითი), მაკგროუნი - კრუზე, ირვინი, ლუონგო, ბეჰიჩი - კეჰილი (57. ლეკი), ტროისი - იურიჩი (62. მაკლარენი)
მაყურებელი: 33 639
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 3 2 1 0 7-4 7
2. ჩილე 3 1 2 0 4-2 5
3. ავსტრალია 3 0 2 1 4-5 2
4. კამერუნი 3 0 1 2 2-6 1
1/2-ფინალი
ოთხშაბათი. 28 ივნისი
პორტუგალია-ჩილე 22:00
ხუთშაბათი. 29 ივნისი
გერმანია-მექსიკა 22:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"