ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" თითქმის ფინალშია

AutoSharing Option
ასუნსიონის "ოლიმპიამ" ლიბერტადორესის თასის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. პარაგვაელებმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "სანტა ფეს" 2:0 მოუგეს და საპასუხო მატჩის წინ სერიოზული ჰანდიკაპი შეიქმნეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი 44 წუთი მოსაწყენიც კი იყო, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე სტადიონზე შეკრებილი 32 ათასი მაყურებელი ხუან მანუელ სალგეირომ და ხერალდო ბედოიამ გაახალისეს - ფეხბურთელებმა ერთმანეთში ხელჩართული ჩხუბი გამართეს, რის გამოც ბრაზილიელმა არბიტრმა ებერ რობერტო ლოპეშმა ორივე მინდვრიდან მიაბრძანა.

როგორც ჩანს, გამოცდილი ნახევარმცველის გაგდებამ "სანტა ფეზე" უფრო მეტად იმოქმედა, ვიდრე ერთ-ერთი
საუკეთესო ბომბარდირის გამოკლებამ "ოლიმპიაზე". ფაქტია, მეორე ნახევარში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ეს უპირატესობა ორ გატანილ გოლში ასახეს.

ანგარიში 66-ე წუთზე გაიხსნა - ცვლილებაზე შემოსული ალეხანდრო სილვა საჯარიმოში კამილო ვარგასმა წააქცია, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი "ოლიმპიას" მცველმა ერმინიო მირანდამ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა.

ალეხანდრო სილვამ მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო. ურუგვაელმა კიდევ ერთი ცვლილებაზე გამოსული მოთამაშე, ხუან ფერეირა შესანიშნავი გადაცემით მოამარაგა და არგენტინელმაც პარტნიორს იმედი არ გაუცრუა - 2:0.

ფერეირას გოლამდე თავის გამოჩენა ფრედი ბარეიროსაც შეეძლო, მაგრამ პარაგვაელთა საუკეთესო ბომბარდირს მიზანმა უმტყუნა. საბოლოოდ, 2:0 და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც ერთი კვირის შემდეგ ბოგოტაში უნდა გაიმართოს, "ოლიმპია" წყვილის აშკარა ფავორიტად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე შემორჩენილი ოთხი გუნდიდან "ოლიმპია" არის ერთადერთი, რომელსაც ლიბერტადორესის თასი მოგებული აქვს. პარაგვაის 39-გზის ჩემპიონმა სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სამჯერ (1979, 1990, 2002) მოიგო. "სანტე ფე" კი 1/2-ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა (პირველად 1961 წელს) და იმის შანსი, რომ საუკეთესო მიღწევა გააუმჯობესოს, პირველი შეხვედრის შემდეგ ძალიან მცირეა.

ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი

ოლიმპია-სანტა ფე 2:0
გოლები: 1:0 ე. მირანდა (66-პენ), 2:0 ხ. ფერეირა (81)
ოლიმპია (3-5-2): მ. სილვა - მანსური, ე. მირანდა, კანდია - პიტონი (46. ხ. ფერეირა, 84. პრონო), მასაკოტე (46. ა. სილვა), ე. არანდა, ნ. ბენიტესი, მ. ხიმენესი - სალგეირო, ბარეირო
სანტა ფე (4-3-1-2): კ. ვარგასი - ანჩიკო, კ. ვალდესი, მესა, მ. გარსია - დ. ტორესი, ბედოია, ჯ. ვალენსია (74. ხ. როა) - ო. პერესი - მედინა, კუერო (85. მარტინეს ბორხა)
გაფრთხილება: ხ. ფერეირა, ნ. ბენიტესი - ბედოია, კ. ვარგასი, დ. ტორესი
გაძევება: სალგეირო (45. ოლიმპია), ბედოია (45. სანტა ფე)
მაყურებელი: 32 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: 11 მეტრი ნახევარფინალამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული