პირველი შეხვედრის ორბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ, "ნიუელს ოლდ ბოისი" წყვილის ფავორიტად იქცა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ბრაზილიაში არგენტინელებს ურთულესი მატჩი ელოდათ.
პროგნოზები საწყის წუთებზე გამართლდა და უკვე მატჩის დებიუტში, მესამე წუთზე, "ატლეტიკომ" ანგარიში გახსნა. საკმაოდ ლამაზი და დინამიკური კომბინაცია რონალდინიოს საგოლე გადაცემით და ბერნარდის უზადო დარტყმით დასრულდა - 1:0.
ამ გაშვებული გოლის გამო არგენტინელები თავიდანვე წნეხში მოექცნენ. ზოგადად, ხერარდო მარტინო ძალიან კარგი და ჭკვიანი სპეციალისტია, რომელმაც
შეხვედრის ბოლოსკენ, ერთ-ერთ ტრიბუნაზე განათების სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მატჩი დაახლოებით 10 წუთით შეწყდა. ამ პაუზას, თითქოს, მასპინძლებზე ცუდად უნდა ემოქმედა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
განათების ჩართვის შემდეგ "ატლეტიკომ" კიდევ უფრო აქტიურად შეუტია, კუკა კი ვა-ბანკზე წავიდა და მოედანზე ჯერ ლუანი, შემდეგ კი გილერმე შეიყვანა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მეორე და გადამწყვეტი გოლის ავტორი, როდესაც საჯარიმოს გარედან გუსმანს ახლო კუთხეში გაუტანა.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიეგო მატეოს ძალიან ცუდი თამაში - არგენტინელთა გამოცდილმა საყრდენმა ბურთი ძალიან ცუდად, პირდაპირ გილერმესკენ მოიგერია, შემდეგ კი გუსმანს დარტყმის მომენტში გადაეფარა და მეკარესაც ხელი შეუშალა. არადა, იმ სიტუაციაში ბურთის მოგერიება აუცილებელი სულაც არ იყო და მატეოს ბურთის მშვიდად გატარება შეეძლო. სტუმართა მეხუთე ნომრის ეს ერთი შეცდომა "ნიუელსს" ძვირად დაუჯდა.
ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო პენალტების სერია გახდა (ლიბერტადორესის თასზე დამატებითი დრო არ ინიშნება).
პირველი ოთხი პენალტი გუნდებმა ზუსტად დაარტყეს, რის შემდეგაც ბურთთან ჟო მივიდა და ბრაზილიის ნაკრების წევრმა კარს ააცილა. არგენტინელებმა ეს გაფუჭებული 11-მეტრიანი ისე აღნიშნეს, თითქოს უკვე მოეგოთ, არადა, წინ კიდევ 5 დარტყმა იყო.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, სტუმრებმა დარჩენილი სამი დარტყმიდან ერთიც ვერ გაიტანეს. ჟოს შემდეგ მილტონ კასკოს ჯერი დადგა, რომელმაც ხარიხას გაარტყა, თუმცა "ნიუელსს" კიდევ ერთი შანსი რიჩარლისონმა მისცა - ძმისგან განსხვავებით (რიჩარლისონი ალეკსანდროს ძმა გახლავთ), გამოცდილმა ფეხბურთელმა პენალტი საშინლად შეასრულა და კარს დიდი მანძილით ააცილა.
ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ამჯერად მეტოქის უზუსტობა შედარებით მოკრძალებულად აღნიშნეს, მაგრამ ხეირი მაინც ვერ ნახეს.
გამეორდა "ბოკა ხუნიორსთან" 1/4-ფინალში, პენალტების სერიისას შექმნილი სიტუაცია, როდესაც "ნიუელსს" გამარჯვების მოსაპოვებლად ერთი პენალტის გატანა სჭირდებოდა, მაგრამ "ძველმა ბიჭებმა" "ბოკას" მიერ ორჯერ ბოძებული შანსი ხელიდან გაუშვეს.
ამჯერად უზუსტოდ რინალდო კრუსადომ დაარტყა და რიჩარლისონის მსგავსად, კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის მერე ორი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, რონალდინიოს და მაქსი როდრიგესის ჯერი დადგა. გაუჩომ პენალტი უზადოდ შეასრულა, მაქსის კი ვიქტორმა აუღო და საკუთარ გუნდს ფინალის საგზური მოუტანა, სადაც "ატლეტიკო" პარაგვაის "ოლიმპიას" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 17 ივლისს, ასუნსიონში გაიმართება, საპასუხო კი 24 ივლისს ბელუ ორიზონტეში.
აქვე გეტყვით, რომ "ატლეტიკო" ლიბერტადორესის თასის ფინალში პირველად გავიდა, "ოლიმპიასთვის" კი ეს მეშვიდე ფინალი (3 მოგება და 3 წაგება) იქნება.
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
ატლ. მინეირო-ნიუელსი 2:0 პენ. 3:2 (0:2)
გოლები: 1:0 ბერნარდი (3), 2:0 გილერმე (84)
პენალტების სერია: 1:0 ალეკსანდრო, 1:1 სკოკო, 2:1 გილერმე, 2:2 ვერხინი, 2:2 ჟო (ააცილა), 2:2 კასკო (ხარიხა), 2:2 რიჩარლისონი (ააცილა), 2:2 კრუსადო (ააცილა), 3:2 რონალდინიო, 3:2 მაქსი როდრიგესი (მეკარე)
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა, ლეონარდო სილვა, ჟილბერტო სილვა, რიჩარლისონი - პიერი (77. ლუანი), ჟოსუე - დიეგო ტარდელი (90. ალეკსანდრო), რონალდინიო, ბერნარდი (82. გილერმე) - ჟო
ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი (89. ორსანი), ვერხინი, ჰაინცე (26. ვ. ლოპესი), კასკო - ლუკას ბერნარდი, მატეო, კრუსადო - ვ. ფიგეროა (73. ტონსო), მაქსი როდრიგესი - სკოკო
გაფრთხილება: პიერი, ბერნარდი - მ. კასერესი, კასკო, ტონსო
მაყურებელი: 23 000
ბომბარდირები: 6 - იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - ფრედი ბარეირო (ოლიმპია), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრაიან როდრიგესი (უაჩიპატო), ხუან მანუელ სალგეირო (ოლიმპია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი: "ოლიმპია" მეოთხე ტიტულისთვის