ბრაზილიელთა დამაჯერებელი სტარტი

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასის 55-ე გათამაშება ბრაზილიურ-არგენტინული დუელით გაიხსნა, რომლის ბედიც არგენტინელმა გადაწყვიტა, ოღონდ გამარჯვება არა მის თანამემამულეებს, არამედ ბრაზილიელებს დარჩათ. დიახ, "ბოტაფოგო"-"სან ლორენსოს" შეხვედრაში ანგარიში ხუან ფერეირამ გახსნა.

"ნიუელს ოლდ ბოისის" და "ოლ ბოისის" ყოფილმა ფორვარდმა, რომელმაც შარშან პარაგვაის "ოლიმპიას" ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა, თავი 30-ე წუთზე გამოიჩინა. მეორე ნახევრის დებიუტში "ფოგოს" კიდევ ერთმა ახალწვეულმა ვალისონმაც იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

გაუჭირდა მეორე ბრაზილიურ კლუბს, ლიბერტადორესის თასის მოქმედ ჩემპიონ "ატლეტიკო მინეიროს", რომელმაც ვენესუელური "სამორას" დამარცხება ჟოს მიერ 88-ე
წუთზე გატანილი ბურთით შეძლო. ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს საგოლე გადაცემა რონალდინიომ გაუკეთა.

"სან ლორენსოს" მსგავსად, დამარცხდა სარანდის "არსენალი". გუსტავო ალფაროს შეგირდებმა ფარ-ხმალი მექსიკურ "სანტოს ლაგუნასთან" დაყარეს, რომელსაც ორიბე პერალტამ მოაგებინა.

ექტორ კანტეროსის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა "ველეს სარსფილდმა", შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალისტმა "სანტა ფემ" კი საკუთარ მოედანზე ასუნსიონის "ნასიონალს" 3:1 მოუგო. მასპინძელთა რიგებში მესამე გოლის ავტორად სწორედ "ველესიდან" იჯარით დაბრუნებული ფორვარდი ხონათან კოპეტე მოგვევლინა, ვინც არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა!

I ჯგუფი
უნივერსიტარიო-ველესი 0:1
გოლი: 0:1 კანტეროსი (81)

II ჯგუფი
ბოტაფოგო-სან ლორენსო 2:0
გოლები: 1:0 ხ. ფერეირა (30), 2:0 ვალისონი (52)

IV ჯგუფი
სამორა-ატლ. მინეირო 0:1
გოლი: 0:1 ჟო (88)

სანტა ფე-ნასიონალი (პარ) 3:1
გოლები: 1:0 ე. მენდესი (58), 2:0 დ. ტორესი (59), 2:1 ნ. მარტინესი (78-პენ), 3:1 კოპეტე (81)

VIII ჯგუფი
სანტოს ლაგუნა-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ო. პერალტა (19)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული