ბრაზილია. სერია A. XIII ტური: მხიარული დერბი და მოსაწყენი ტური

AutoSharing Option
* რიოს 309-ე დერბიში მენეზეშმა ლუშემბურგო დაამარცხა

* "კორინთიანსი" შესანიშნავ ფორმაშია

* თუ ასე გაგრძელდა, "სან პაულო" სერია B-ში გავარდება

* "ატლეტიკო მინეიროს" რონალდინიოც ვერ შველის

ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგი, მე-13 ტური ცოტათი მოსაწყენი კი გამოდგა, სამაგიეროდ, კვირას ისეთი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ყველა დანარჩენი მატჩი დაჩრდილა.

გაგრძელდა ტრადიცია და ლიდერმა ქულები დაკარგა, თუმცა ამჯერად პირველი ადგილის ახალი მფლობელი არ გვყავს, რადგან "კრუზეიროს" "ბოტაფოგომ" და "კორიტიბამაც" მიბაძეს...

ფლა-ფლუ
უფრო სწორად, "ფლუ"-"ფლა", რადგან ნომინალურ მასპინძლად სწორედ ბრაზილიის მოქმედი ჩემპიონი ითვლებოდა. რიო დე ჟანეიროს
309-ე დერბი "მარაკანაზე" გაიმართა და ბრაზილიის ნაკრების ორი ყოფილი მთავარი მწვრთნელის დუელი მანო მენეზეშის გამარჯვებით დასრულდა. ვანდერლეი ლუშემბურგო ჯერჯერობით ვერ ამართლებს.

მართალია, მან თავისი პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ მას შემდეგ "ფლუმ" ზედიზედ ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, ამჯერად კი სულაც წააგო.

მასპინძელთა რიგებში რაფაელ სობისი გამოირჩეოდა - "ბეტისის" ყოფილმა ფორვარდმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი "ფლამენგოს" 27 წლის ფორვარდი ერნანი გახდა, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. სწორედ ერნანის გადაცემით გაათანაბრა ანგარიში ელიასმა, ვინც ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა.

"ფლამენგომ" "ფლუსთან" 110-ე გამარჯვება მოიპოვა, დარჩენილი 199 მატჩიდან 100 "ფლუმ" მოიგო, 99 კი ფრედ დასრულდა. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა მხოლოდ ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით, სადაც უპირატესობას "ფლუმინენსე" ფლობს (19 მოგება, 14 ფრე და 17 წაგება).

ტიმაო შესანიშნავ ფორმაშია
წაუგებელი მატჩების სერია 6-მდე გაზარდა "კორინთიანსმა" და გულშემატკივრები მორიგი გამარჯვებით გაახარა. ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა რალფმა, მეორე ბურთი კი ალეშანდრე პატოს ანგარიშზეა - "მილანის" ყოფილმა ფორვარდმა პენალტი გამოიყენა.

მასპინძელთა ეს გამარჯვება გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რადგან "ვიტორიას" სახელოვან მეტოქესთან უკვე 15 მატჩია არ მოუგია და აქედან 12 წააგო, სან პაულოში კი სალვადორელებს საერთოდ არ უმარჯვიათ და საოცრად ცუდი სტატისტიკა აქვთ: 4 ფრე და 13 წაგება.

2012 წლის ლიბერტადორესის თასის მფლობელმა წლევანდელი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და პირველ ხუთ ტურში მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა, მაგრამ ბოლო პერიოდში ტიტეს შეგირდებმა მკვეთრად მოუმატეს და შედარებისთვის, ბოლო 5 შეხვედრაში 11 ქულა მოაგროვეს. ამ წარმატებული სერიის გამო "ტიმაო" უკვე მეოთხე ადგილზეა და ლიდერთა დუეტს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ლიდერებმა ქულები დაკარგეს
"კრუზეირომ" და "ბოტაფოგომ" თითო ქულა აიღეს, "კორიტიბა" კი სულაც დამარცხდა. ამ სამეულის თამაშებიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა რიოში დაფიქსირდა, სადაც "ბოტაფოგომ" "გოიასი" ვერ დაამარცხა და შინ პირველი ქულები დაკარგა - ამ მატჩამდე ოსვალდო დე ოლივეირას შეგირდებს ხუთივე საშინაო მატჩი მოგებული ჰქონდათ.

მორიგი გოლი შეაგდო რაფაელ მარკეშმა - 30 წლის ბრაზილიელისთვის ეს უკვე მე-6 ბურთი იყო და ის ბომბარდირთა დავაში გაერია. მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულმა ანდრე ბაიამ (წლების მანძილზე "ფეიენოორდში" თამაშობდა) საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიშიც გათანაბრდა.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა, რაც, რა თქმა უნდა, მოულოდნელობა იყო, მაგრამ თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას გადავხედავთ, შესაძლოა, ასე აღარ ვიფიქროთ. თავად განსაჯეთ: რიოში ჩატარებული 17 მატჩიდან "ფოგომ" მეტოქეს 8-ჯერ მოუგო, "გოიასმა" კი 6-ჯერ იმარჯვა; სულ კი უპირატესობა სწორედ ქალაქ გოიანიას წარმომადგენელთა მხარეზეა: 15 მოგება 11-ის წინააღმდეგ.

ასევე შინ ვერ მოიგო "კრუზეირომ", თუმცა მას "სანტოსის" სახით გაცილებით სერიოზული მეტოქე ჰყავდა. მასპინძლები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ უამრავი სახიფათო მომენტიდან ერთიც კი ვერ გამოიყენეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. "სანტოსს" "კრუზეიროსთან" უკვე 7 მატჩია არ წაუგია.

პირველი პოზიციის დაბრუნების შანსი "კორიტიბას" გაუჩნდა, მაგრამ კურიტიბელებმა ჩემპიონატში პირველი საშინაო მარცხი განიცადეს და მესამე ადგილზე დარჩნენ.

"ვასკო და გამამ" პედრო კენის მიერ მეხუთე წუთზე გატანილის წყალობით მოიგო. საინტერესოა, რომ 26 წლის ბრაზილიელი კურიტიბაშია დაბადებული და საფეხბურთო კარიერაც "კორიტიბაში" აქვს დაწყებული, სადაც სამი წელი გაატარა და 92 შეხვედრაში 8 გოლიც გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ პედრო კენი "კორიტიბას" კონკურენტ "კრუზეიროს" ეკუთვნის და "ვასკო და გამაში" იჯარით თამაშობს.

კატასტროფული მდგომარეობა
"ატლეტიკო მინეირო" და "სან პაულო" ღრმა კრიზისში არიან. პირველს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მეორეს კი უკვე 10 მატჩია არ უმარჯვია და პოტენციურად, "სან პაულო" ჩემპიონატის ბოლოადგილოსანია.

როგორც ჩანს, კუკა და მისი შეგირდები ჯერ კიდევ ლიბერტადორესის თასზე მოპოვებული გამარჯვებით ტკბებიან. ფაქტია, რომ "ატლეტიკოს" მოუგებელი სერია სწორედ "ოლიმპიასთან" გამართული საპასუხო ფინალური მატჩის შემდეგ დაიწყო. ამჯერად, ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონმა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ "ნაუტიკოს" კარს გასაღები ვერც ჟომ მოარგო, ვერც რონალდინიომ და ვერც რიჩარლისონმა, რომელიც მოგვიანებით მისმა ძმამ, ალეკსანდრომ შეცვალა, თუმცა თავის გამოჩენა მანაც ვერ მოახერხა.

"სან პაულომ" ბოლო 7 შეხვედრაში მე-6 მარცხი განიცადა (1 ფრე). პაულო აუტუორის მოსვლამ გუნდს ჯერჯერობით ვერაფრით არგო. მისი ხელმძღვანელობით "სან პაულომ" 5 მატჩი ჩაატარა, 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

ერთადერთი დადებითი, რაც ბოლო ტურში გუნდისთვის მოხდა, ლუკას ევანგელისტას გოლი იყო. 18 წლის ფეხბურთელმა თავი კარიერის მეორე შეხვედრაში გამოიჩინა, თუმცა მისი ძალისხმევა თუნდაც ქულის ასაღებად საკმარისი არ იყო. "პორტუგეზას" რიგებში გაიბრწყინა "ოლიმპიაკოსის" ყოფილმა ფორვარდმა დიოგომ და თანაქალაქელს ორჯერ გაუტანა.

საინტერესოა, რომ ამ შედეგის შემდეგ (2:1) გუნდების ურთიერთშეხვედრების ბალანსი (ბრაზილიის ჩემპიონატში) აბსოლუტურად თანაბარი გახდა: +13 =7 -13, ბურთები: 37-37).

თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, "სან პაულო" გახდება კიდევ ერთი გრანდი, რომელიც ბრაზილიის სერია A-დან გავარდება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ "პალმეირასი" სერია B-ში შესანიშნავად თამაშობს და თუ სასწაული არ მოხდა, უმაღლეს დივიზიონს მომავალ სეზონშივე დაუბრუნდება. 14 ტურის შემდეგ "მწვანეებს" 34 ქულა აქვთ და მეხუთეზე მყოფ (სერია A-ს საგზურს ოთხი გუნდი იღებს) "გოას" 11 ქულით უსწრებს.

XIII ტური

ბოტაფოგო-გოიასი 1:1
გოლები: 1:0 რაფაელ მარკეში (52), 1:1 ანდრე ბაია (68-საკ. კარში)
გაძევება: უგო (87. გოიასი)

ფლუმინენსე-ფლამენგო 2:3
გოლები: 1:0 რაფაელ სობისი (17), 1:1 ელიასი (26), 1:2 ერნანი (32), 1:3 ერნანი (80), 2:3 რაფაელ სობისი (90)

კორინთიანსი-ვიტორია 2:0
გოლები: 1:0 რალფი (7), 2:0 პატო (52-პენ)

კორიტიბა-ვასკო 0:1
გოლი: 0:1 პედრო კენი (5)

ბაია-გრემიო 0:3
გოლები: 0:1 რივეროსი (68), 0:2 მაქსიმილიანო როდრიგესი (78), 0:3 გილერმე ბიტეკო (90)
გაძევება: ტიტი (74. ბაია)

ინტერნასიონ.-ატლ. პარანაენსე 2:2
გოლები: 0:1 ჟოაო პაულო (1), 1:1 ჟუანი (14), 1:2 ედერსონი (75), 2:2 ოტავინიო (88)

პონტე პრეტა-კრისიუმა 3:1
გოლები: 1:0 ვილიამი (7), 2:0 არტური (29), 2:1 ლინსი (56), 3:1 ევერტონ სანტოსი (62)

პორტუგეზა-სან პაულო 2:1
გოლები: 1:0 დიოგო (38), 1:1 ლუკას ევანგელისტა (46), 2:1 დიოგო (79)

ნაუტიკო-ატლ. მინეირო 0:0

კრუზეირო-სანტოსი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 9 - ვილიამი (პონტე პრეტა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია); 7 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 6 - ალექსი (კორიტიბა), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XI ტური: "ბოტაფოგო" ერთპიროვნულად გალიდერდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული