არგენტინა. ტორნეო ინისიალი. III ტური: მოულოდნელი ლიდერები

AutoSharing Option
ტურის სენსაცია
ორი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდი, რომელსაც 6 ქულა ჰქონდა, "სან ლორენსო" იყო. მესამე სათამაშო დღეს ლიდერთან სტუმრად პრიმერადან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატი, "არგენტინოს ხუნიორსი" ჩავიდა და მასპინძელი სასტიკად შეარცხვინა.

"სან ლორენსო" არა მარტო ამ შეხვედრის, არამედ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნევა. შესაბამისად, ხუან ანტონიო პიცის შეგირდების ასეთი რბევა უდიდეს სენსაციად მოინათლა. გოლები 33 წლის მცველმა ხულიო ბარასამ, 20 წლის როდრიგო გომესმა და 33 წლის ერნან ბოიერომ გაიტანეს.

საინტერესოა, რომ ტორნეო ინისიალში სამივე ფეხბურთელის ანგარიშზე 2-2 გოლია, "არგენტინოსი" კი ჩემპიონატის მოულოდნელი
ლიდერია.

მეორე ადგილზე "ხიმნასია ლა პლატაა", თანაც, ლიგის დებიუტანტს ერთი მატჩი თადარიგში აქვს და პირველობის პოტენციური ლიდერიც სწორედ ისაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის გამოტოვებული მატჩი ლაპლატელებს "ნიუელს ოლდ ბოისთან", თანაც სტუმრად ელით...

აღნიშნულ ტურში კი "ხიმნასიელებმა" კიდევ ერთ დებიუტანტ "როსარიოს" უმასპინძლეს და ზედმეტი პრობლემის გარეშე, 3:1 მოუგეს.

მატჩის ანტიგმირი გამოცდილი პაულო ფერარი გახდა, რომელმაც პირველივე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა.

სეგუნდა დივიზიონის მატჩების ჩათვლით, "ხიმნასიას" უკვე 8 მატჩია, არ წაუგია და აქედან შვიდი მოგებული აქვს.

კურიოზი და შედევრი
"ბოკამ" მეორე გამარჯვება მოიპოვა და სამი გუნდის მსგავსად, მანაც 6 ქულა მოაგროვა. "ატლეტიკო რაფაელასთან" გამართული შეხვედრა საკმაოდ უღიმღამო გამოდგა და მას დიდ ყურადღებას არც დავუთმობდით, რომ არა იმ გოლების განსაკუთრებულობა, რომლებიც მასპინძლებმა გაიტანეს.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა მცველმა ალექსის ნისმა ძალიან ცუდად ითამაშა და მეკარეს ბურთი ისე დაუბრუნა, რომ ესტებან კონდე იძულებული იყო, ხელით ეთამაშა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთი თავზე გადააფრინდებოდა და გოლი გავიდოდა.

საბოლოოდ, სტუმრები მაინც ვერ გადარჩნენ, რადგან კარიდან 5 მეტრში დანიშნული თავისუფალი დარტყმიდან ხუან რომან რიკელმემ იხეირა. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოს" 11-ივე ფეხბურთელი კარის ხაზზე იდგა, ვეტერანმა მაინც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

"ბოკას" მეორე გოლი კი მართლაც შედევრი იყო. სწრაფი და ულამაზესი კომბინაცია ემანუელ ინსუას ზუსტი დარტყმით დასრულდა. სიტყვებით ამ შეტევის გადმოცემა შეუძლებელია; უბრალოდ გეტყვით, რომ იერიშში პაბლო ლედესმა, რიკელმე, ბლანდი და მარტინესი მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ინსუამ პრიმერაში თავისი მეორე გოლი გაიტანა და ამჯერადაც "ატლეტიკო რაფაელა" დაამწუხრა. კარიერაში პირველი გოლი მარცხენა მცველმა შარშან შეაგდო, როდესაც "რაფაელას" "გოდოი კრუსის" მაისურით გაუტანა.

ჩემპიონებმა ქულები დაკარგეს
არგენტინის ორმა (!) მოქმედმა ჩემპიონმა ქულები დაკარგა. სეზონის გამარჯვებულმა "ველეს სარსფილდმა" "ოლ ბოისს" ვერ მოუგო, ტორნეო ფინალის მომგებმა "ნიუელსმა" კი "ბელგრანო" ვერ დაამარცხა.

"ნიუელსის" რიგებში დებიუტი ჰქონდა დავიდ ტრეზეგეს, მაგრამ სტუმართა კარის აღება მანაც ვერ შეძლო. "ძველმა ბიჭებმა" პირველი ქულები გაანიავეს და პოტენციური ლიდერის სტატუსი დაკარგეს.

"ველესი" კი მაქსიმილიანო პელეგრინომ იხსნა - "ოლ ბოისის" ვეტერანმა მცველმა საკუთარი კარი დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა. მისი ძმის, მაურისიო პელეგრინოს "ესტუდიანტესი" კი "ლანუსს" დაუზავდა, რომლის რიგებშიც თავი ლაუტარო აკოსტამ გამოიჩინა. ამ შეხვედრაში გოლები პირველ 10 წუთში გავიდა - ანგარიში გვიდო კარილიომ გახსნა, აკოსტას გოლზე კი უკვე მოგახსენეთ.

"ბოკას" ყოფილი ფეხბურთელებით (სანტიაგო სილვა, აკოსტა, სომოსა, "პოჩი" ჩავესი) გაძლიერებული "ლანუსი" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ისევე, როგორც "ესტუდიანტესი", ვინც სეზონის წინ საკმაოდ საინტერესო მოთამაშეებით შეივსო: ფეხბურთში დაბრუნებული ხუან სებასტიან ვერონის გარდა, "სტუდენტების" რიგებში სანტიაგო ვერხინი (ნიუელსიდან), მატიას აგირეგარაი (პენიაროლიდან), ისრაელ დამონტე (ნასიონალი), მარიანო გონსალესი (არსენალი) და ფრანკო ხარა ("ბენფიკადან", იჯარა) გადავიდნენ.

ამ ფეხბურთელების გარდა, არგენტინაში დაბრუნდა პატიტო როდრიგესი, რომელმაც "სანტოსში" ფეხი ვერაფრით მოიკიდა. ნიჭიერი არგენტინელი "ესტუდიანტესში" სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. III ტური
არსენალი-ოლიმპო 3:1
გოლები: 1:0 კარერა (37), 2:0 ფურჩი (41), 2:1 მარკონე (81-საკ. კარში), 3:1 დ. პერესი (90)

კოლონი-კილმესი 1:0
გოლი: 1:0 რ. რამირესი (80-პენ)

ხიმნასია-როსარიო 3:1
გოლები: 1:0 პ. ფერარი (1-საკ. კარში), 2:0 რასიჩი (19), 2:1 ნილი (38), 3:1 ი. ფერნანდესი (84)

სან ლორენსო-არ. ხუნიორსი 0:3
გოლები: 0:1 ბარასა (11), 0:2 ბოიერო (54), 0:3 რ. გომესი (65)

ტიგრე-რასინგი 3:1
გოლები: 1:0 არაუხო (18), 2:0 არაუხო (54), 3:0 სანდი (60), 3:1 დე პაული (71)
გაძევება: მილიონიკო (65. რასინგი)

ბოკა-ატლ. რაფაელა 2:1
გოლები: 1:0 რიკელმე (30), 1:1 ალბერტენგო (41), 2:1 ე. ინსუა (68)

ოლ ბოისი-ველესი 1:1
გოლები: 1:0 კამპორა (19), 1:1 პელეგრინო (58-საკ. კარში)

ლანუსი-ესტუდიანტესი 1:1
გოლები: 0:1 კარილიო (2), 1:1 აკოსტა (10)

ნიუელსი-ბელგრანო 0:0

გოდოი-რივერი 0:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არ. ხუნიორსი 3 2 0 1 6-3 6
2. ხიმნასია 2 2 0 0 4-1 6
3. ბოკა 3 2 0 1 6-5 6
4. სან ლორენსო 3 2 0 1 5-4 6
5. არსენალი 3 1 2 0 4-2 5
6. ველესი 3 1 2 0 3-2 5
6. ესტუდიანტესი 3 1 2 0 3-2 5
8. ლანუსი 3 1 1 1 5-3 4
9. ტიგრე 3 1 1 1 4-3 4
10. ნიუელსი 2 1 1 0 3-2 4
10. გოდოი კრუსი 3 1 1 1 3-2 4
12. ატლ. რაფაელა 3 1 1 1 4-4 4
13. რივერი 3 1 1 1 1-1 4
14. კოლონი 3 1 1 1 2-3 4
15. როსარიო 3 1 0 2 3-4 3
16. კილმესი 3 1 0 2 1-3 3
17. ოლ ბოისი 3 0 2 1 2-3 2
18. ოლიმპო 3 0 1 2 2-5 1
19. ბელგრანო 3 0 1 2 1-5 1
20. რასინგი 3 0 1 2 2-7 1

ბომბარდირები: 3 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), ს. სილვა (ლანუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული