ბრაზილია. სერია A. XVIII ტური: პირველი წრე "კრუზეიროსია"

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე გაირკვა, რომ სეზონის პირველ ნაწილს "კრუზეირო" მოიგებს. ასევე, ამ ტურის შემდეგ თითქმის გადაწყდა "ნაუტიკოს" ამბავიც " ამ გადმოსახედიდან, წარმოუდგენელია, რომ რესიფელებმა ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხონ.

ბაპტიშტას მორიგი გოლი
სამშობლოში დაბრუნებულმა ჟულიო ბაპტიშტამ მეორე მატჩი ითამაშა და მეორე გოლიც შეაგდო. ამჯერად, "სევილიას", "რეალის", "რომას", "არსენალის" და "მალაგას" ყოფილმა ფეხბურთელმა უკანასკნელ წუთზე გაიტანა და "კრუზეიროს" ქომაგები დაამშვიდა. "მელიები" "ბაიას" 25-ე წუთიდან მოყოლებული უგებდნენ " სტუმრები ბორჟესმა დააწინაურა, რასაც მალე ევერტონ რიბეიროს გოლიც
მოჰყვა. მეორე ტაიმში, მასპინძლების მხრიდან თავი ფაელმა გამოიჩინა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, ბოლოს კი ბაპტიშტას ჯერი დადგა.

"კრუზეირომ" ბრაზილიის 2-გზის ჩემპიონს ზედიზედ მესამედ მოუგო, სულ კი ამ კლუბთან "მელიებს" უკვე 19 წელია არ წაუგიათ. ამ ხნის განმავლობაში გამართული 14 მატჩიდან, "კრუზეირომ" 12-ში იმარჯვა და მხოლოდ ორი დაასრულა ფრედ.

ვალტერის ორი გასროლა
მეორე ადგილზე მყოფმა "გრემიომ" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და "გოაიასთან" დამარცხდა. სტუმრებს რამდენიმე ლიდერი არ ჰყავდათ, მაგრამ წაგება მაინც მოულოდნელი იყო.

შეხვედრის გმირი გახდა "პორტუს" ყოფილი ფორვარდი ვალტერი, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიც კი გაერია. 24 წლის ფორვარდმა სერია A-ში თავისი მე-7 და მე-8 გოლები გაიტანა, გარდა ამისა, ვალტერმა გოიასის შტატის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, თასზე კი 4 გოლი გაიტანა. როგორც ხედავთ, "პორტუს" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და არ გამოვრიცხოთ, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონმა ის თავისთან დაიბრუნოს.

ამასობაში, "გოიასმა", ყველასთვის მოულოდნელად, 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეც გადავიდა.

"ატლეტიკოს" სერია გრძელდება
"ატლეტიკო პარანაენსეს" საოცარი სერია გრძელდება. ვაგნერ მანსინის გუნდმა, რომელსაც უკვე 11 მატჩია არ წაუგია, "სანტოსს" მოუგო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. არადა, 8 ტურის შემდეგ "ატლეტიკოს" მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა და ბოლოსწინა პოზიციაზე იყო. იქიდან მოყოლებული, 10 შეხვედრაში "პარანაენსემ" 26 ქულა (8 მოგება, 2 ფრე) დააგროვა და ბოლოდან მეორე ადგილიდან, მეორე ადგილამდე აღზევდა.

"სანტოსთან" არ გაუტანია გუნდის და ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერ ედერსონს, სამაგიეროდ თავი მარსელომ (მე-3 გოლი) და მარკო ანტონიომ (პირველი) გამოიჩინეს. სტუმრებმა შეხვედრის ბოლოსკენ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს " გოლი 19 წლის მცველმა ემერსონმა გაიტანა.

მართალია, "სანტოსი" ცუდად ასპარეზობს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ კლაუდინეი ოლივეირას გუნდს სხვებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული, თანაც "სანტოსში" ძალიან ბევრი ნიჭიერი თინეიჯერი ირიცხება, რომლებიც წელს თუ არა, მომავალ სეზონში წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

იურის წარმატებული დებიუტი და საოცარი გოლი
"ბოტაფოგომ" "კორიტიბას" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, იოლადაც მოუგო. მასპინძელთა მხრიდან პირველი ბურთი რაფაელ მარკეშმა გაიტანა და ამაში გასაკვირი არაფერია " 29 წლის ფორვარდი ხომ შესანიშნავ ფორმაშია.

სამაგიეროდ, გასაკვირი იყო ის, რომ მატჩის გმირი ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი გახდა. 21 წლის იური ენრიკე დე ოლივერია კოშტა, ან უბრალოდ იური, რომელიც წელს "აუდაქს რიოში" თამაშობდა და "ფოგოში" სწორედ იქიდან გადავიდა, თავის პირველ შეხვედრას ატარებდა და ამაზე უკეთეს დებიუტზე ალბათ ვერც იოცნებებდა " იურიმ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გოლი კი არანორმალური და საოცარი დრიბლინგის შემდეგ გაიტანა. ყველას გირჩევთ, არ დაიზაროთ და ეს გოლი ინტერნეტში მოიძიოთ.

"კორიტიბას" ლიდერებიდან ამ შეხვედრაში მხოლოდ ალექსმა ითამაშა, ვინც 58-ე წუთზე პენალტიც გამოიყენა, თუმცა მიუხედავად მეტოქის კაცნაკლულობისა, "კორიტიბამ" მეტი ვერაფერი მოახერხა. ეს გუნდი შინ ძალიან კარგად კი თამაშობს, მაგრამ გასვლაზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტია და ეს წაგებაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.

კონტინენტის ჩემპიონი და ბრაზილიის ჩემპიონი
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის და ბრაზილიის ჩემპიონის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "ფლუმინენსე" მეტოქეს ორჯერ უგებდა, მაგრამ რონალდინიომ საჯარიმო დარტყმებით ანგარიში ორჯერვე გაათანაბრა.

"ფლუს" "ატლეტიკოსთან" თამაში ტრადიციულად უჭირს. გარდა ურთიერთშეხვედრებში არსებული მკვეთრად უარყოფითი ბალანსისა, ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონს ბელუ ორიზონტიში ისტორიის განმავლობაში მხოლოდ სამი მატჩი აქვს მოგებული, რაც მართლაც ძალიან ცუდი შედეგია.

წინა სეზონის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი სერია A-ს ამ გათამაშებაში ძალიან ცუდად გამოდიან და 18 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონასთან იმყოფებიან. თუ "ატლეტიკოს" ჩავარდნა ლიბერტადორესის თასზე ყურადღების გადატანით აიხსნება, "ფლუს" ასეთი ცუდი ასპარეზობის მიზეზის დადგენა რთულია. ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდი "პორტუგეზას" მხოლოდ მეტი მოგებული მატჩის ხარჯზე ჯობნის და თუ დროულად არ გამოიღვიძა, არაა გამორიცხული ლიგის დატოვების საფრთხის წინაშეც დადგეს.

ორი სერიის დასასრული
"ინტერნასიონალი" და "კორინთიანსი" ურთიერთშეხვედრას ხანგრძლივი სერიებით შეხვდნენ. მასპინძლებს ბოლო 6 მატჩი ფრედ ჰქონდათ დასრულებული და სულ ბოლო 7 ტურში არ ემარჯვათ, "კორინთიანსს" კი 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, იმარჯვა იმან, ვისაც მოგების გემო დავიწყებული ჰქონდა.

ორივე გუნდს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა, ვინაიდან თავიანთ ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელები ამ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებდნენ. საბოლოოდ, ამ დანაკლისმა უფრო მეტად "ტიმაოზე" იმოქმენა " ტიტეს შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ითამაშეს და დამსახურებულად წააგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ანდრეს დალესანდრომ გაიტანა და "ინტერს" ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

ორი სიტყვა აუტსაიდერებზეც უნდა ვთქვათ. "სან პაულომ" თითქოს გამოიღვიძა, ბოლო 4 ტურში 8 ქულა მოაგროვა, მაგრამ მორიგ შეხვედრაში პაულო აუტუორის გუნდი კვლავ დამარცხდა. "კრისიუმამ" "მორუმბიზე" ისტორიაში პირველად იმარჯვა და სახიფათო ზონას დაშორდა.

მორიგი, ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა "ნაუტიკომ", თანაც ამ შეხვედრებში გუნდმა მხოლოდ 1 (!) გოლი გაიტანა. "ვასკოდან" ისევ გაიტანა 20 წლის ვილიმ, ვინც წინა ტურში ("კრუზეიროსთან", 3:5) დუბლი შეასრულა, ორი გოლი კი 21 წლის მარლონის ანგარიშზეა.

XVIII ტური

გოიასი-გრემიო 2:0
გოლები: 1:0 ვალტერი (14), 2:0 ვალტერი (71)

ფლამენგო-ვიტორია 2:1
გოლები: 1:0 ერნანი (23), 2:0 ერნანი (44), 2:1 ჟუანი (90)

ატლ. პარანაენსე-სანტოსი 2:1
გოლები: 1:0 მარსელო (7), 2:0 მარკო ანტონიო (38), 2:1 ემერსონი (87)

პორტუგეზა-პონტე პრეტა 2:1
გოლები: 1:0 ჟილბერტო (41-პენ), 2:0 ჟილბერტო (49), 2:1 ადრიანინიო (90)

ბაია-კრუზეირო 1:3
გოლები: 0:1 ბორჟესი (25), 0:2 ევერტონ რიბეირო (40), 1:2 ფაელი (69), 1:3 ჟულიო ბაპტიშტა (90)

ინტერნასიონ.-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 დალესანდრო (54)

ატლ. მინეირო-ფლუმინენსე 2:2
გოლები: 0:1 ვაგნერი (14), 1:1 რონალდინიო (45), 1:2 რაინერი (72), 2:2 რონალდინიო (83)
გაძევება: რაინერი (83. ფლუმინენსე)

ბოტაფოგო-კორიტიბა 3:1
გოლები: 1:0 რაფაელ მარკეში (14), 2:0 იური (40), 3:0 იური (50), 3:1 ალექსი (58-პენ)
გაძევება: რენანი (55. ბოტაფოგო), მაიკინიო (85. კორიტიბა)

სან პაულო-კრისიუმა 1:2
გოლები: 0:1 მარსელი (25-პენ), 0:2 ლინსი (42), 1:2 ალოიზიო (69)

ნაუტიკო-ვასკო 0:3
გოლები: 0:1 ვილი (48), 0:2 მარლონი (52), 0:3 მარლონი (90)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 12 " ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 10 " ვილიამი (პონტე პრეტა); 8 " ბიანკუჩი (ვიტორია), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ვალტერი (გოიასი), ანდრე (ვასკო და გამა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XVII ტური: ხუთეული გამოიკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული