ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით

AutoSharing Option
* სერია A-დან შეიძლება რამდენიმე გრანდი გავარდეს
* "სან პაულოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
* "ატლეტიკო პარანაენსეს" 12 მატჩია, არ წაუგია
* დუნგას "ინტერნასიონალს" 8 მატჩია, არ წაუგია

"კრუზეირო" პირველი წრის ჩემპიონია
საინტერესოა, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ჩემპიონატი დღევანდელი სისტემით ტარდება, 10 შემთხვევიდან 7-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი სწორედ პირველი წრის გამარჯვებული გახდა. მათ შორის იყო "კრუზეიროც", რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი და შემდეგ უკვე ჩემპიონატიც 2003 წელს მოიგო.

მორიგ ტურში ლიდერის მეტოქე "ფლამენგო" იყო, რომელთანაც "კრუზეირო" შინ, პრაქტიკულად,
ყოველთვის იგებს. მატჩის ერთადერთი გოლი რიკარდო გულარტმა 54-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოუტანა, "კრუზეირომ" კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 11 მატჩიდან მე-9 მოუგო.

მდევრებს არ სძინავთ
ამ ტურში იმარჯვეს მეორე-მესამე ადგილზე მყოფმა გუნდებმაც, თუმცა ორივეს საკმაოდ გაუჭირდა. "ბოტაფოგომ" კარგ ფორმაში მყოფ "კრისიუმასგან" თავიდანვე გაუშვა და პირველი ტაიმიც წააგო. სტუმრებს მხსნელად 19 წლის ოქტავიო მოევლინათ - ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარიერაში პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი რიკარდო დე ოლივეირას გუნდს გამარჯვება ელიასმა მოუტანა.

როგორც აღვნიშნეთ, გაუჭირდა "გრემიოსაც", არადა, რენატო გაუჩოს გუნდი ორბურთიანი სხვაობით იგებდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დებიუტში კი მასპინძლებმა ორი ბურთი გაიტანეს - თავი ჯერ ერნან ბარკოსმა, შემდეგ კი უბერებელმა ზე რობერტომ გამოიჩინეს.

ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "პორტუგეზამ" ანგარიშის გათანაბრება 8 წუთში მოახერხა. 70-ე წუთზე როდოლფომ საკუთარი კარი დალაშქრა, შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე კი თავი ლუის რიკარდომ გამოიჩინა.
ბოლო წუთები სკანდალური გამოდგა - არბიტრმა აუტსაიდერს ორი ფეხბურთელი გაუძევა და მის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კლებერმა გამოიყენა და "გრემიოს" ურთულესი სამი ქულა მოაპოვებინა.

"ატლეტიკოს" და "ინტერის" სერიები გრძელდება
"ატლეტიკო პარანაენსეს" წაუგებელი სერია უკვე 12-მდე გაიზარდა. ვაგნერ მანჩინის გუნდი "ვასკო და გამას" დაუზავდა და მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

"ინტერნასიონალმა" კი სტუმრად "პონტე პრეტას" მოუგო, რომელიც, თავის მხრივ, ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა. ანგარიში ვილიამმა გახსნა, მაგრამ შემდეგ "ინტერის" გამოცდილი წევრების ჯერ დადგა. "რომას" ყოფილმა მცველმა ჟუანმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა, მეორე ნახევარში კი თავი არგენტინელებმა გამოიჩინეს - ანდრეს დალესანდრომ (პენალტით) და იგნასიო სკოკომ თითო გოლი გაიტანეს.

"ინტერს" 8 მატჩია არ წაუგია, თუმცა აქედან 6 შეხვედრა დუნგას გუნდმა ფრედ დაასრულა.

"სან პაულოში" რამალიო ბრუნდება
"სან პაულო" ისევ დამარცხდა, ამჯერად კურიტიბაში და პაულო აუტუორისაც კარისკენ მიუთითეს. უკვე ყოფილი დამრიგებელი გუნდს 17 შეხვედრაში გაუძღვა, რომელთაგანაც 10 "სან პაულომ" წააგო და მხოლოდ 3 მოიგო. ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონის ახალი დამრიგებელი მურისი რამალიო იქნება - ადამიანი, ვინც ამ 6 ტიტულიდან გუნდს 3 მოაგებინა. გარდა ამისა, რამალიომ "სანტოსს" ლიბერტადორესის" თასზე გაამარჯვებინა და კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია.

აუტუორის გაგდება ალექსის კარგმა თამაშმა განაპირობა. 35 წლის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და "კორიტიბას" 6-მატჩიანი უიღბლო სერია შეაწყვეტინა. "ფენერბაჰჩეს" ყოფილი ფეხბურთელის გუნდი ახლა მე-7 ადგილზეა და მესამეზე მყოფ "გრემიოს" 6 ქულით ჩამორჩება.

ისე, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება - გასავარდნ ზონაში 4 გუნდიდან 3 სან პაულოს შტატს წარმოადგენს. გარდა ამისა, ქვეყნის 6-გზის ჩემპიონი "სან პაულო" მე-18 ადგილზეა, ხოლო ლიბერტადორესის თასის მფლობელი ("ატლეტიკო მინეირო"), ბრაზილიის ყველაზე პოპულარული გუნდი ("ფლამენგო") და მოქმედი ჩემპიონი ("ფლუმინენსე") მე-17 ადგილზე მყოფ "პორტუგეზას" მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.

ბოლო წლებში სერია A-დან გრანდების გავარდნას კი მივეჩვიეთ ("ფლუმინენსე", "გრემიო", "კორინთიანსი", "ვასკო და გამა", "პალმეირასი"), მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, წელს შესაძლოა ერთბაშად ორი ან მეტი გრანდიც კი დაქვეითდეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

XIX ტური

ფლუმინენსე-ბაია 1:0
გოლი: 1:0 ბირო ბირო (66)

ვიტორია-ატლ. მინეირო 1:1
გოლები: 1:0 მარკინიოსი (17), 1:1 ნეტო ბეროლა (86)

პონტე პრეტა-ინტერნასიონალი 1:3
გოლები: 1:0 ვილიამი (26-პენ), 1:1 ჟუანი (30), 1:2 დალესანდრო (61-პენ), 1:3 სკოკო (72)

სანტოსი-გოაისი 1:0
გოლი: 1:0 ტიაგო რიბეირო (50)

გრემიო-პორტუგეზა 3:2
გოლები: 1:0 ბარკოსი (52), 2:0 ზე რობერტო (58), 2:1 როდოლფო (70-საკ. კარში), 2:2 ლუის რიკარდო (78), 3:2 კლებერი (87-პენ)
გაძევება: ბრუნინიო (84. პორტუგეზა), ვალდომირო (85. პორტუგეზა)

კრუზეირო-ფლამენგო 1:0
გოლი: 1:0 რიკარდო გულარტი (54)

კორიტიბა-სან პაულო 2:0
გოლები: 1:0 ალექსი (32), 2:0 ალექსი (45)
გაძევება: ოსვალდო (76. სან პაულო)

კრისიუმა-ბოტაფოგო 1:2
გოლები: 1:0 ლინსი (4), 1:1 ოქტავიო (53), 1:2 ელიასი (90)
კორინთიანსი-ნაუტიკო 0:0

ვასკო-ატლ. პარანაენსე 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 12 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 9 - ალექსი (კორიტიბა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია), ვალტერი (გოიასი), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ანდრე (ვასკო და გამა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XVIII ტური: პირველი წრე "კრუზეიროსია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული