არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VII ტური: "ნიუელსმა" ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
ტორნეო ინისიალის მე-7 ტურში ჩემპიონატის ლიდერი შეიცვალა. "არსენალმა" და "სან ლორენსომ" 2-2 ქულა დაკარგეს, "არგენტინოს ხუნიორსი" კი საერთოდ დამარცხდა. ამ ყველაფრით ისარგებლა მოქმედმა ჩემპიონმა "ნიუელს ოლდ ბოისმა", რომელიც კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდა...

ვეტერანებმა გაიბრწყინეს
"ნიუელსს" საკმაოდ გაუჭირდა. "ძველი ბიჭების" მეტოქე ის "ოლიმპო" იყო, რომელმაც წინა ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა და შინ "ბოკა ხუნიორსი" შეარცხვინა (3:0). როგორც ჩანს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის განადგურებამ ბაიაბლანკელებზე კარგად იმოქმედა და მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე დაწინაურება სწორედ "ოლიმპომ" მოახერხა.

მასპინძლებმა მეტოქეს სათანადო პასუხი მხოლოდ
მეორე ტაიმში გასცეს. "ნიუელსის" მხრიდან თავი ვეტერანებმა გამოიჩინეს. ჯერ შეხვედრის 52-ე წუთზე წონასწორობა დავიდ ტრეზეგემ აღადგინა, 75-ე წუთზე კი "ოლიმპოს" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად მაქსი როდრიგესმა აქცია.

"ნიუელსმა" წინა ტურში "ველესთან" განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და კონკურენტების ცუდი თამაშის გამო პირველი პოზიციაც დაიბრუნა.

ყოფილი ბოკელების ბენეფისი
"ლანუსმა" ჩემპიონატის ლიდერ "არგენტინოს ხუნიორსს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, იოლადაც იმარჯვა. კი, კარუსო ლომბარდის კრებული პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ "არგენტინოსი" ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს და მისი დაუმარცხებელი სერიაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. გილერმო ბაროს შელოტოს შეგირდებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და რომ მოენდომებინათ, ოთხზე მეტ გოლსაც გაიტანდნენ.

"ლანუსის" შემადგენლობაში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება იმ ფეხბურთელებმა დატოვეს, რომლებიც გუნდში ამ სეზონის დაწყების წინ, "ბოკა ხუნიორსიდან" მივიდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კარლოს ბიანკიმ სელექცია მაინცდამაინც გონივრულად ვერ წარმართა.

პირველ ტაიმში "ლანუსმა" მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - ლაუტარო აკოსტამ ბურთი სანტიაგო სილვასგან მიიღო და პაოლო მილიორეს შანსი არ დაუტოვა. მეორე ნახევრის დებიუტში კი გოლი უკვე თავად სილვამ გაიტანა, ვისაც ასისტენტობა ლეანდრო სომოსამ გაუწია.

ლოგიკურად, შემდეგი ბურთი სომოსას უნდა გაეტანა და ყველაფერი ასეც მოხდა - 66-ე წუთზე სტუმართა კარის აღებას უკვე მესამე ყოფილი "ბოკელი" ზეიმობდა.

შეხვედრას წერტილი კიდევ ერთმა ახალწვეულმა, 20 წლის ლუკას მელანომ დაუსვა, რომელიც "ლანუსში" "ბელგრანოდან" გადავიდა. საბოლოოდ, 4:0 და "არგენტინოსმა" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რაც გუნდს ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

კლასიკოში "ბოკამ" იმარჯვა
"ბოკამ" წაგებას კვლავ მოგება შეუნაცვლა. არგენტინული ფეხბურთის კლასიკო ამჯერად "ბომბონერაზე" გაიმართა. "ბოკა ხუნიორსის" და "რასინგის" 162-ე დაპირისპირებაში მასპინძლებმა 77-ე გამარჯვება მოიპოვეს. მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ხუან სანჩეს მინიომ, რომელმაც მატჩის დებიუტში თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გახსნა.

შეხვედრის მეორე ნახევარში კარლოს ბიანკის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც ლოგიკურად მეორე გოლითაც დასრულდა - ემანუელ ჟიგლიოტიმ ახალ გუნდში თავი პირველად გამოიჩინა. "რასინგს" მწვრთნელის შეცვლაც არ შველის - კარლოს ისკიამ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და გუნდიც ლოგიკურად იკავებს ბოლო ადგილს.

ამ ჩემპიონატში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, როდესაც "ბოკა" იგებს - "რივერი" მარცხდება. მართალია, ამჯერად "მილიონარიოსი" არ დამარცხდა, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა. სარანდიში თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ ხულიო ფურჩმა მორიგი გოლი გაიტანა და სარანდელებს ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ "არსენალს" მეტოქე უკვე 6 მატჩია, არ დაუმარცხებია.

VII ტური

ლანუსი-არ. ხუნიორსი 4:0
გოლები: 1:0 ლ. აკოსტა (24), 2:0 ს. სილვა (56), 3:0 სომოსა (66), 4:0 მელანო (81)

ბელგრანო-ველესი 3:0
გოლები: 1:0 ე. გონსალესი (35), 2:0 ფ. მარკესი (62), 3:0 ს. პერეირა (65)

ნიუელსი-ოლიმპო 2:1
გოლები: 0:1 მუსტო (36), 1:1 ტრეზეგე (52), 2:1 მაქსი როდრიგესი (75-პენ)

ოლ ბოისი-კილმესი 4:0
გოლები: 1:0 მატოსი (7), 2:0 მატოსი (47), 3:0 მატოსი (67), 4:0 გ. ესპინოსა (80)
გაძევება: აბეკასისი (90. კილმესი)

ატლ. რაფაელა-ესტუდიანტესი 1:0
გოლი: 1:0 ალბერტენგო (16)

ტიგრე-როსარიო 2:0
გოლები: 1:0 ლეონე (51), 2:0 ელაკოპულოსი (64)

ბოკა-რასინგი 2:0
გოლები: 1:0 სანჩეს მინიო (17), 2:0 ჟიგლიოტი (68)

არსენალი-რივერი 1:1
გოლები: 0:1 მერკადო (11), 1:1 ფურჩი (66)

სან ლორენსო-გოდოი კრუსი 0:0

ხიმნასია-კოლონი გვ. დასრულდა

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო); 4 - კარილიო (ესტუდიანტესი), მატოსი (ოლ ბოისი), რ. რამირესი (კოლონი), ს. სილვა (ლანუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ინისიალი. VI ტური: არგენტინაში "არგენტინოსი" ლიდერობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული