არგენტინა. თასის ფინალი: ტიტული "არსენალს" დარჩა

AutoSharing Option
ქალაქ კატამარკაში გამართული არგენტინის თასის ფინალი სარანდის "არსენალმა" მოიგო და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან თასი არგენტინაში სულ მესამედ გათამაშდა. პირველად ეს ტურნირი 1969 წელს გაიმართა და მაშინ "ბოკა ხუნიორსმა" იმარჯვა, ისევე, როგორც შარშან, როდესაც ფინალში "რასინგს" სძლია.

"სან ლორენსომ" და "არსენალმა" რამდენიმე დღის წინ ტორნეო ინისიალში ითამაშეს და გამარჯვება მაშინაც "მეთოფეებს" დარჩათ. საინტერესოა, რომ იმ შეხვედრაში ალმაგროელებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ანგარიში მაინც მათ გახსნეს - თავი იგნასიო პიატიმ გამოიჩინა. "ლეჩეს" ყოფილი ფეხბურთელი ამჯერადაც გამოირჩა,
ოღონდ უარყოფითი კუთხით - პიატიმ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

სარანდელების მხრიდან გოლები ნიკოლას აგირემ, მარიანო ეჩევერიამ და ცვლილებაზე შემოსულმა ემილიო სელაიამ გაიტანეს. კოპა სუდამერიკანას (2007), არგენტინის ჩემპიონატის (2011 კლაუსურა) და არგენტინის სუპერთასის (2012) შემდეგ "არსენალმა" ისტორიაში მეოთხე ტიტული მოიპოვა. ყველა ეს გამარჯვება მთავარი მწვრთნელის, გუსტავო ალფაროს სახელს უკავშირდება, რომელმაც მანამდე არაფრით გამორჩეული გუნდისგან საკუთარი ხელწერის მქონე, საკმაოდ ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბა.

51 წლის ალფარო "მეთოფეთა" მწვრთნელი 2006 წელს გახდა და გუნდს სუდამერიკანა მოაგებინა. 2008-09 წლებში ის "როსარიოში" მუშაობდა, 2010 წელს კი ისევ "არსენალს" დაუბრუნდა და სარანდელებს აქამდე არნახული წარმატება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის მიმდინარე ჩემპიონატში "არსენალი" მეორე ადგილზეა და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. ალფაროს კრებული ლიდერ "ნიუელსს" სამი ქულით ჩამორჩება და დუბლის შესრულების შესანიშნავ შანსს ინარჩუნებს.

სან ლორენსო-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 ნ. აგირე (37), 0:2 ეჩევერია (55), 0:3 სელაია (67)
გაძევება: ი. პიატი (45. სან ლორენსო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული