ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი

AutoSharing Option
ბევრს მიაჩნია, რომ არგენტინის ნაკრებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ანხელ დი მარია რომ ჰყოლოდა, შესაძლოა, არც წაეგო.

"როსარიო სენტრალის", "ბენფიკასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ვერცხლის მედლითაც ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია. 26 წლის დი მარია, რომელიც ახლა კარიერის აწყობას "მანჩესტერ იუნაიტედში" ცდილობს და "წითელი ეშმაკების" სარეკორდო შენაძენია.

- როგორ მოგონებები დაგრჩათ 2014 წლიდან, პოზიტიური თუ ნეგატიური?
- ბედნიერი ვარ იმით, რაც მოხდა. "რეალთან" ერთად "ლა დესიმა" მოვიგე, ხოლო ნაკრებს მუნდიალის ფინალში გასვლაში დავეხმარე, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში არ მიგვიღწევია.

ნაკრებში ფეხბურთელების მშვენიერი ჯგუფი გახლდათ შეკრებილი და რასაც მივაღწიეთ, ნამდვილად დავიმსახურეთ. ტრავმების გარდა ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება დაშავდეს და სამწუხაროდ, მე არ გამიმართლა.

- 2014 წლიდან ერთი ერთი ეპიზოდის გამორჩევა რომ გთხოვოთ, რომელს აირჩევდით და რატომ?
- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატს ფინალში გასვლას დავასახელებ, რადგან ეს ისეთი დიდი წარმატებაა, რომლის მონაწილეც ოდესმე თუ გავხდებოდი, ვერ წარმოვიდგენდი, მათ შორის ვერც ბავშვობაში. მართალია, თავად ვერ ვითამაშე, მაგრამ ეს ჩემი კარიერის ყველაზე ბრწყინვალე მომენტია.

- როდესაც ბელგიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღეთ, მაშინვე თუ გაიაზრეთ, რამდენად სერიოზული იყო ის?
- დიახ, ტკივილის მიხედვით მივხვდი და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ცუდი ტრავმა ყოფილიყო. გავრბოდი და ავჩქარდი, რომ მცველს გავცდენოდი და ზუსტად ამ დროს ვიგრძენი ტკივილი.

მიუხედავად ამისა, იმის იმედსა და რწმენას არ ვკარგავდი, რომ კიდევ შევძლებდი თამაშს. ჩემი მხრივ, რაც შემეძლო გავაეთე და ვცადე, მომესწრო ფინალისთვის მომჯობინება, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, ხანდახან შეიძლება მუნდიალის ფინალი გამოგატოვებინოს, ხანდახან კი დიდი წარმატებებით გაგახაროს. იმედია, მსგავსი თავგადასავალის გავლის და განცდის შანსი კიდევ მომეცემა.

- მუნდიალის მატჩები თუ ნახეთ მას მერე?
- არა, ვცდილობ მათ არ ვუყურო.

- შვეიცარიის კარში თქვენი გოლიც კი არ გინახავთ?
- ეს კი. პერიოდულად youtube-ზე სხვადასხვა კლიპებს ვუყურებ ხოლმე. ძირითადად, ისეთებს, რომლებშიდაც ფანები და გარემო ჩანს, რადგან როდესაც თამაშში ხარ ჩართული ამ ბრწყინვალე დეტალებსა და ატმოსფეროს კარგად ვერ ამჩნევ.

ოჯახის წევრებისგან ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო ჩამოსული. ფანებს მხურვალე მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ. ვიმედოვნებ, ერთ დღეს ჩვენ ფინალის მერეც ერთად ვიზეიმებთ.

- თუ გიფიქრიათ იმაზე რა შეიძლებოდა მომხდარიყო ფინალში რომ გეთამაშათ?
- არა, რადგან მჯერა, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. თუ ღმერთს სურდა, რომ ფინალში არ მეთამაშა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. ფეხბურთელებმა რომლებმაც ითამაშეს ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე დაიხარჯნენ.

ჩვენ არაერთი მომენტი გვქონდა და მატჩის მოგება შეგვეძლო, მაგრამ ბურთი მეტოქის კარში არ შევიდა. გერმანიას კი ორი მომენტი ჰქონდა, ერთხელ ძელს გაარტყეს, მეორედ კი გაგვიტანეს. ასეთია ფეხბურთი.

- თუმცა გერმანელების დაცვის სათამაშო სტილს თუ გავითვალისწინებთ, თქვენი სტილის ფეხბურთელი ალბათ სივრცეს იპოვნიდა...
- დიახ, ახლა, როდესაც ვნახეთ თუ როგორ წარიმართა შეხვედრა ამის თქმა შეიძლება. როგორც ლეო მესი, ასევე ესეკიელ ლავეცი ცდილობდნენ და თამაში ალბათ სხვაგვარად წარიმართებოდა მეც რომ ვყიფილიყავი, თანაც მე და ლეო ტურნირის მსვლელობისას ერთმანეთს კარგად ვუგებდით.

- მადრიდელთა რიგებიდან თქვენი წამოსვლის მერე, როგორ შეაფასებთ თქვენი კარიერის ამ თავს?
- "რეალში" ყველაფერს მივაღწიე, რაც მსურდა - მოვიგე სუპერთასი, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ყველა ტიტული მოვიპოვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გარდა, რადგან იმ დროს უკვე აღარ ვიყავი გუნდში.

მადრიდში 4 წელი გავატარე და ცვლილების დრო იყო. პრემიერლიგაში თამაში მართლაც ძალიან მინდოდა, ამ ჩემპიონატს თვალს ბავშვობიდან ვადევნებდი. ყოველ შაბათს ან კვირას "როსარიო სენტრალის" მატჩზე წასვლამდე ვუყურებდი პრემიერლიგას, აქ თამაში ჩემი ოცნება და მიზანი გახლდათ. მინდოდა თავი ინგლისში მეცადა.

- ფეხურთს გარდა, ინგლისში როგორ მოგწონთ, როგორ შეეგუეთ?
- ძალიან კარგად. ერთადერთი ამინდია ხოლმე ხშირად ცოტა არასასიამოვნო. ხალხი დიდ ყურადღებას მაქცევს, მათგან სთბოს და ინტერესს ვგრძნობ, რაც მახარებს. თანაც ჩემით როგორც სარეკორდო შენაძენით ინტერესდებიან.

- ენის სწავლის საქმეში თუ არის პროგრესი?
- უფრო რეგრესი. ჯერეჯერობით, ცოტას და ცუდად ვლაპარაკობ და არც ბევრი მესმის. თუმცა ვცდილობ და კურსებზეც დავდივარ. იმედია, მალე ვისწავლი.

- თქვენ იშვიათი ფეხბურთელი ხართ, დიდი ხანი იყავით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი. ალბათ დაიღალეთ იმით, რომ მათ შედარებას გთხოვენ...
- არა, უბრალოდ ყოველთვის ერთი და იგივეს ვპასუხობ, რასაც ვფიქრობ - ისინი აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ლეოს ტალანტი და შესაძლებლობები ყოველთვის ჩანს. იგი თავისი ტექნიკითა და დრიბლინგით გამოირჩევა, ორ-სამ ფეხბურთელს თავისუფლად ცდება და მოკლე სივრცეში ბურთს აკონტროლებს.

კრიშტიანოს თამაში უფრო სიმძლავრეზეა, შორეული დარტყმები და ასე შემდეგ... ისინი ძალიან განსხვავდებიან. მე რომ ფიფას ადგილას ვიყო, ორ "ოქროს ბურთს" გავათამაშებდი, ერთს მათთვის და მეორეს ყველა დანარჩენისთვის.

- ბოლო დროს მესის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა, მას "ჩელსის" უკავშირებენ. თქვენ ჟოზე მოურინიოსთან ერთად გიმუშავიათ და წარმოგიდგენიათ ის და პორტუგალიელი ერთად?
- სიმართლე ითქვას, არ მგონია მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდეს. ძნელია დატოვო ის გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოგცა, სადაც გაიზარდე და რომელთანაც უამრავი კარგი მოგონება გაკავშირებს. თუმცა თქვენ კითხვაზე პასუხს მაინც გავცემ - არ მგონია, რომ ლეოს და მოურინიოს ერთად მუშაობა რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.

- მადრიდის "რეალი", ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი"... არის კიდევ ადგილი სადაც ერთ დღეს თამაშს ისურვებდით?
- შემდეგი ნაბიჯი "როსარიო სენტრალი" იქნება, თამაშის კიდევ ერთი გიგანტი! (იცინის). ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ვითამაშე, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავედი. ვიყავი "რეალში", იქამდე "ბენფიკაში", რომელიც სულ ცოტათი უფრო პატარა კლუბია, ვიდრე "რეალი", მაგრამ პორტუგალიური ფეხბურთის გრანდია. ახლა "მანჩესტერში" ვარ და როდესაც აქ მოვრჩები, ვფიქრობ, არგენტინაში დაბრუნების დრო მოვა. იმედია, ეს მოხდება.

- დაბოლოს, კოპა ამერიკას მოგება 2015 წელს თქვენი მთავარი მიზანია?
- ვიმედოვნებ, ამას მოვახერხებთ. ძალიან მინდა ძირითად ნაკრებთან ერთად რამე მოვიგო. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ და ოლიმპიადაზე ვიმარჯვეთ. ახლა კი ყველას გვსურს, კოპას მოგება და იმედია, ამას შევძლებთ. ყველანაირად შევეცდებით მიზნის მიღწევას. თუმცა ეს რთული იქნება, ბევრი ძლიერი კონკურენტი გვეყოლება - ბრაზილია, კოლუმბია, ურუგვაი... დიდი სურვილი გვაქვს, არგენტინას ბოლო ბოლო ზეიმის საფუძველი მივცეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული