საიმონ კუპერმა წიგნში - "ფუტბოლონომიკა" განსაზღვრა სამი მთავარი კომპონენტი, რაზეც არის დამოკიდებული ეროვნული ნაკრების წარმატება: მოსახლეობის რაოდენობა, შიდა პროდუქტის ხვედრითი წილი და საერთაშორისო გამოცდილება. აქედან გამომდინარეობს ცხადი დასკვნა: ეკონომიკის ზრდისა და ერის კეთილდღეობის გარეშე შეუძლებელია მრავალწლიან პერსპექტივაში ფეხბურთში მაღალი შედეგების მიღწევა. ავტორი წერს:
"სპორტში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა - 15 ათასი დოლარის წესი. ეს მინიმალური საშუალო შემოსავალია ერთ სულ მოსახლეზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანას
ბრაზილია - ერთადერთი ერია, რომელიც უახლოეს ისტორიაში ახერხებდა დიდი საერთაშორისო ტურნირების მოგებას იმ დროს, როცა შიდა პროდუქტის ხვედრითი წილი 15 ათას დოლარზე ნაკლები იყო. შედარებისთვის, ესპანეთს სამმაგი უპირატესობა ჰქონდა, გერმანელებს - ოთხმაგი.
კუპერმა შემთხვევით არ გააკეთა აქცენტი ბრაზილიელებზე. ქვეყნის არასაკმარისად მაღალი კეთილდღეობის მიუხედავად, 1980-2002 წლებში ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებათა პროცენტი 75-ს აღწევდა. გუნდის მაღალი შედეგები შესაძლებელი იყო ფეხბურთელების შერჩევის ზუსტი სისტემისა და სელექციის წყალობით, რომელიც აწყობილი იყო პრინციპით - "ზემოდან ქვემოთ".
კლუბების სკაუტები და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები ერთობლივად მოქმედებდნენ: პირველები მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ, ეძებდნენ მოთამაშეებს არა მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში, არამედ პლაჟებსა და ფაველების ქუჩებში, ფედერაცია კი აწყობდა მრავალრიცხოვან საწვრთნელ ბანაკებს. მსგავსი სისტემა თამაშის მასობრივ პოპულარობასთან ერთად, ნაკრების მწვრთნელებს ფართო არჩევანს აძლევდა: საუკუნის დასაწყისში, ბრაზილიაში ოფიციალურად დაახლოებით მილიონი რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო.
* * *
სიტუაცია შეიცვალა ათწლეულის შუაში და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ბრაზილიურ საკლუბო ფეხბურთში დიდი ფულის მოსვლის შემდეგ. დადებითი მოლოდინის მიუხედავად, კლუბებმა ვერ გადადგეს გონივრული ნაბიჯები: უძლიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელების შენარჩუნება, ევროპიდან საჭირო ფეხბურთელების დაბრუნება და სამხრეთ ამერიკის დანარჩენი ბაზრის ათვისება, საიდანაც მოთამაშეები მზად იყვნენ ბრაზილიაში დიდი ფულის სანაცვლოდ წასულიყვნენ. ამის ნაცვლად, აშკარად გაბერილ კონტრაქტებზე იწვევდნენ უკვე ჩამოწერილ ფეხბურთელებს - რონალდო 20 მილიონად წელიწადში, რონალდინიო - 24 მილიონად, დეკუ - 6 მილიონად, პატო და რობინიო - 15 მილიონად. ასევე იყო ზეედორფის, ლუსიოს, ჟილბერტო სილვას, კარლოს ედუარდოსა და სხვების ტრანსფერები.
ყოფილი ვარსკვლავების დაბრუნების გარდა, არის კიდევ ერთი პრობლემა: იოლი ფულის გამო კლუბების დიდი ნაწილის შემადგენლობები სავსეა მეორეხარისხოვანი მოთამაშეებით, რომლებიც ადრე ესპანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის აუტსაიდერებში, ავსტრიის, შვეიცარიის და აღმოსავლეთ ევროპის ლიგებში თამაშობდნენ - ყველგან, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალურ თანხებს იღებდნენ. დღეს ისინი უკვე გარანტირებულად გამოიმუშავებენ საკუთარ მილიონს ან მილიონნახევარს და ერთობიან ბრაზილიურ კლუბებში. წასვლის მოტივაცია არ არსებობს.
* * *
გუშინდელი ვარსკვლავები და მრავალრიცხოვანი საშუალო კლასი გზას უკეტავს შემადგენლობაში ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იძულებულნი არიან, ჩვეულებრივზე ადრეულ ასაკში გადავიდნენ ევროპულ კლუბებში. გავრცელებული აზრის მიუხედავად, მათ ექმნებათ ადაპტაციის პრობლემა არა ევროპული, არამედ დიდების ფეხბურთის მიმართ. თუ წარსულის ვარსკვლავები - რონალდინიო, რომარიო, რივალდო ევროპაში გადადიოდნენ თავიანთი კლუბების ლიდერების რანგში და მზად იყვნენ, ეს როლი მოერგოთ ახალ ადგილას, ახლა სიტუაცია სხვანაირია. პატარა ბიჭს, რომელმაც ბრაზილიაში ნახევარი სეზონი მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე ჩაატარა (თან სანახევროდ შეცვლაზე შედიოდა მოედანზე), 10-15 მილიონად ყიდულობენ და მაშინვე სთხოვენ გმირობებს. ფიზიკურად ჩამოუყალიბებელი იუნიორები ასეთი დატვირთვებისთვის მზად არ არიან, სხედან სათადარიგოთა სკამზე და ასე ცდილობენ მაღალი დონის მიღწევას.
ამის თვალსაჩინო მაგალითია ფილიპე კოუტინიო, რომელიც 17 წლის ასაკში გადავიდა "ინტერში" და სამი სეზონის განმავლობაში სულ რაღაც 31 მატჩი ჩაატარა, ტოპ-დონეზე კი მხოლოდ 21 წლის ასაკში გავიდა - "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ. "ადრე, ბავშვობაშივე უნდა ყოფილიყავი ვარსკვლავი, რომ გუნდში გეთამაშა. საოცარია, მაგრამ ევროპაში მოთამაშე არც ერთი ბრაზილიელი არ განსაზღვრავს საკუთარ კლუბში თამაშს. ნეიმარიც კი არ არის ლიდერი "ბარსელონაში", - ამბობს Hoje em Dia-ს ჟურნალისტი ფრედერიკუ რიბეირუ.
* * *
ბრაზილიური ფეხბურთის კიდევ ერთი პრობლემაა - აგენტების გავლენის მაღალი დონე. აგენტების მნიშვნელობის ხარისხი იმდენად დიდია, რომ გუნდების უმეტესი ნაწილის შემადგენლობები 50-80 პროცენტით მათი ბრძანებებით არის დაკომპლექტებული. ხშირია შემთხვევები, როცა კლუბი მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშის ასაყვანად იძულებულია, აგენტისგან შეთავაზებული კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაიფორმოს და მათ სათამაშო პრაქტიკა მისცეს. მწვრთნელებზეც არის ზეწოლა და ისინი ხშირად ირჩევენ წინასწარ მონიშნულ ფეხბურთელებს. ტიაგო სილვა ჰყვებოდა, რომ "ფლამენგოში" გასინჯვისას, სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით მინდორთან ზურგით იდგა და არც აკვირდებოდა მის თამაშს.
* * *
იოლი ფულის გამომუშავების სურვილით, სააგენტოს ოფისები კიდევ უფრო მეტად ახდენენ ახალგაზრდა ბრაზილიური ფეხბურთის რეორგანიზაციას ექსპორტის მიმართულებით. ამას უკავშირდება საკადრო კრიზისი ბრაზილიურ ფეხბურთში - კლასიკური ცენტრალური ფორვარდებისა და "ათიანების" დეფიციტი. გაცილებით იოლია გასაყიდად სწრაფი დრიბლიორების მომზადება, რომლებზეც ევროპაში დიდი მოთხოვნაა: არ არის საჭირო სათამაშო ინტელექტის განვითარება, დარტყმისა და პასის დაყენება. საკმარისია, უბრალოდ დაეყრდნო მოთამაშის ბუნებრივ მონაცემებს. წესით, გულშემატკივრები ამ ყველაფრით აღშფოთებულნი უნდა იყვნენ, მაგრამ მათი აზრის ფორმირებაზე მთელი ინდუსტრია მუშაობს. ანგაჟირებული ექსპერტები Globo-დან მატჩიდან მატჩამდე აღფრთოვანებას ვერ მალავენ და აშკარად გადამეტებულ შეფასებებს აძლევენ საჭირო ფეხბურთელებს. მაგალითად, მარკოს ასუნსაო მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ გადაცემებს არიგებდა მოედნის გასწვრივ და უნიჭოდ აწვდიდა კუთხურებს; ამასთან, კომენტატორები კუთხურის ალამთან ყოველ მის მიახლოებას ძალიან ემოციურად ხვდებოდნენ. თამაშების შემდეგ ის ხშირად იღებდა 7.5-ზე მაღალ შეფასებას, ხოლო მის უშინაარსო თამაშს მოედნის ორივე ნახევარზე არავინ იმჩნევდა.
* * *
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბრაზილიის კონფედერაციაში პრობლემებს ვერ ამჩნევენ, თუნდაც ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგების შემდეგ. "1:7-ის მერე აზროვნება არ შეცვლილა. ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ბრაზილიას ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს მსოფლიოში. ის წაგება გერმანიასთან გაკვეთილი არ გახდა. არადა, მოთამაშეების ისეთი დეფიციტი გვაქვს, როგორიც არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. სანამ ყოფილი პრეზიდენტი მარინი ციხეში იმყოფება, კონფედერაციას თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კრიზისი აქვს", - ამბობს ESPN Brazil-ის კომენტატორი ტიაგო პერეს სიმოეში. მას ეთანხმება ჟურნალისტი რიბეირუ: "გერმანიის ნაკრებთან სირცხვილმა მხოლოდ ფანებსა და კრიტიკოსებზე იმოქმედა. საფეხბურთო ბოსებს არანაირი ძალისხმევა არ ჰქონიათ ქვეყნის საფეხბურთო პანორამის შესაცვლელად. ფედერაციის პრეზიდენტი მარინი შეშინდა, როცა კარზე გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მიუკაკუნეს. ახლა კონფედერაციის შეფი ციხეშია მრავალწლიანი კორუფციის შემდეგ".
"მწვრთნელების მხრივაც ისეთივე პრობლემები გვაქვს, როგორც მოთამაშეებში, - აგრძელებს რიბეირუ. - ჩემი აზრით, სპეციალისტებისგან ცოტა ვინმეს თუ ესმის, რომ 2005 წლის ფეხბურთი ძალიან განსხვავდება 2015 წლის ფეხბურთისგან. იყენებენ მოძველებულ მეთოდიკას. მოთამაშეების ქცევა - ეს საერთოდ ცალკე პრობლემაა.
განათლების დაბალი დონიდან გამომდინარე, მწვრთნელებს ძიძის როლის შესრულება უწევთ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც გაფუჭებულები არიან უეცარი წარატებითა და ფულით. თან საშინელი დონის მწვრთნელები გვყავს, ვერავინ ერკვევა ტაქტიკაში. ბრაზილიაში არ არსებობს სათამაშო მოდელი", - ამატებს სიმოეში.
ბოლო ბრაზილიელი ტოპ-მწვრთნელი იყო ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელსაც საკმარისი ალღო აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე შემადგენლობაში შეეყვანა ყველასთვის უცნობი კლებერსონი, მის გარშემო აეწყო მთელი ნახევარდაცვა და გამოაჩინა სითამამე და "თავხედობა" მეფე პელეს კრიტიკის მოსაგერიებლად:
"პელეს ფეხბურთში არაფერი ესმის. მისი ანალიზი ყოველთვის არასწორია. თუ ფეხბურთში მოგება გინდა, მოუსმინე პელეს და ყველაფერი პირიქით გააკეთე". ახალი მწვრთნელები კი არსაიდან ვერ აღმოცენდებიან, რადგან ქვეყნის შიგნით არ არსებობს საფუძველი მათი განვითარებისთვის. ბრაზილიური კლუბების მფლობელები - ყველაზე მოუთმენლები არიან მსოფლიოში: ისინი ცვლიან მწვრთნელებს ზედიზედ რამდენიმე წაგების შემდეგ.
კრიზისიდან გამოსასვლელად, ბრაზილიელებს ისევ სჭირდებათ ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევისა და მომზადების სისტემის დალაგება. კორუფციითა და აგენტებით უკვე დაკავდა გამოძიების ფედერალური ბიურო, ჩინოვნიკებს კი ევროპელთა მაგალითზე უნდა ჰქონდეთ სწორება - გერმანელებზე, ბელგიელებზე, ესპანელებზე, ავსტრიელებზე, რომლებმაც მოკლე დროში სრულად გარდაქმნეს იუნიორთა ფეხბურთში საწვრთნელი პროცესი და სკაუტების სისტემა.
შესაძლოა, ბრაზილიამ უნდა მიბაძოს იტალიას და ბავშვთა და იუნიორთა ფეხბურთზე პასუხისმგებლობა ყოფილ ავტორიტეტულ ფეხბურთელს ჩააბაროს, რომელიც საკუთარი სახელის ხარჯზე გაიტანს საჭირო გადაწყვეტილებებს. ჯანკარლო აბეტეს (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი) გაუმართლა, როცა რობერტო ბაჯოს სახით იპოვა ასეთი ადამიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"