ერნან კრესპო - გოლეადორი მდიდრების უბნიდან

AutoSharing Option
ერნან კრესპოს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან არგენტინელ ფორვარდზე ყველაზე კარგად მისი ურიცხვი გოლები მეტყველებენ.

კრესპოს გაჰქონდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა - იყო ეს "რივერ პლეიტი", "პარმა", "ლაციო", "ინტერი", "მილანი", თუ "ჩელსი".

დღეს, 40 წლის არგენტინელი "მოდენას" მთავარი მწვრთნელია და ახალ ამპლუაში სურს დიდი წარმატების მიღწევა...

სუპერკლასიკოს წინ ფეხები მიკანკალებდა
- ბუენოს აირესის გარეუბანში გაიზარდეთ და როგორ იხსენებთ იმ პერიოდს?
- ალბათ, ელოდებით, რომ ვიტყვი თუ რა სიღარიბეში გავიზარდე და, როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს.

არადა, რეალობა სხვაგვარია, რადგან გავიზარდე გარეუბან
ფლორიდაში, სადაც ბუენოს აირესის შეძლებული ნაწილი ცხოვრობს და უნდა გაგიმხილოთ, რომ ჩემს ოჯახსაც არაფერი აკლდა. დავდიოდი კერძო სკოლაში, მივიღე კარგი განათლება და ზოგადად, არაფერი მიჭირდა. მიყვარს ფლორიდა, ბუენოს აირესი და არგენტინა.

- არგენტინაში საკულტო ნომერი 10-ია და ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მუდმივად დიეგო მარადონას ადარებენ. თუმცა, თქვენ ბრწყინვალე 9-იანი იყავით და უფრო ვის გადარებდნენ?
- სამი წლის ვიყავი, როდესაც არგენტინამ საშინაო მუნდიალი მოიგო და ის ფიესტა, რომელიც მაშინ ჩემს სამშობლოში მოეწყო, ეპიზოდურად მახსოვს. მაშინ, მარიო კემპესმა გაიბრწყინა და როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მას ხშირად მადარებდნენ.

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პაოლო როსის იყო და სწორედ ის გახლდათ პირველი ფორვარდი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. 1986 წელს უკვე გარი ლინეკერმა აღმაფრთოვანა და მისი გოლები ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. ლინეკერის გაცნობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და მას დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მივიჩნევ.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი არგენტინული სუპერკლასიკო (ბოკა ხუნიორსი-რივერ პლეიტი), რომელშიც გოლი გაიტანეთ?
- როგორც აღვნიშნე, მე ბუენოს აირესის შეძლებული უბნიდან ვარ და შესაბამისად, ჩემი ოჯახი ოდითგანვე "რივერ პლეიტის" გულშემატკივარი იყო.

ჩემი კარიერა სწორედ "რივერით" დაიწყო და არასდროს დამავიწყდება სადებიუტო კლასიკო, რომლის დროსაც 18 წლის ვიყავი და "ბომბონერაზე" მეტოქეს გოლი გავუტანე. იქამდე, "ბოკა ხუნიორსი" ხუთი წელი გვიგებდა და ნავსი სწორედ მაშინ გატყდა.

მეორე გოლი არიელ ორტეგამ გაიტანა და 2:0 მოვიგეთ. მახსოვს, ტრიბუნის ბოლო სექტორზე, სადღაც ცასთან ახლოს, "რივერის" ულტრასები ზეიმობდნენ და სადღაც იქ იყო მამაჩემიც, რომელიც მაშინ პირველად მოხვდა "ბომბონერაზე", რადგან იქამდე "ბოკას" სტადიონზე ის პრინციპულად არ დადიოდა.

ის, რაც თამაშის დაწყებამდე ხდებოდა, ცალკე სალაპარაკო თემაა. მახსოვს, როდესაც მინდორზე გასახურებლად გავედი, თანაგუნდელს ვუთხარი, რომ მუხლები მიკანკალებდა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი, მან კი მიპასუხა, რომ სტადიონი ზანზარებდა და ჩემი მუხლები არაფერ შუაში იყო. ტრუბუნებზე 50 ათასი გულშემატკივარი დახტოდა და სტადიონი მართლაც ზანზარებდა.

- "რივერ პლეიტში" თქვენი კარიერის გვირგვინი კოპა ლიბერტადორესის მოგება და ფინალში გატანილი ორი გოლი იყო...
- ეს მართლაც ზღაპარი იყო, რადგან ბოლოს "რივერ პლეიტს" კოპა ლიბერტადორესი 10 წლის წინ ჰქონდა მოგებული და სწორედ მაშინ, პატარა ბიჭმა დავისახე მიზნად, რომ თასი "რივერთან" ერთად მეც მომეგო. 1996 წელს, იგივე მეტოქეს, "ამერიკა დე კალის" დავუპირისპირდით და დუბლი შევასრულე. საოცარი განცდა იყო, ბუენიოს აირესში კი დიდი ზეიმი გველოდა.

"პარმა" გრანდების წინააღმდეგ
- 1996 წელს "პარმაში" გადახვედით და მაშინ თუ იფიქრებდით, რომ ამდენ წელს გაატარებდით სერია A-ში?
- როგორც გითხარით, ჩემი პირველი შთაბეჭდილება 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელშიც იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა და გზად ჩვენც მოგვიგო და ბრაზილიასაც. 1986 წლის მუნდიალზე არგენტინამ ერთადერთი მატჩი დაასრულა ფრედ და ისიც "სკუადრა აძურასთან".

4 წლის შემდეგ, ჩემპიონატი უკვე იტალიაში ჩატარდა და იქაც ნახევარფინალში გადავეყარეთ ერთმანეთს. იტალია ყოველთვის იჭრებოდა ჩემს ცხოვრებაში და ეს ემოციები დღემდე მახსოვს. ამასთან, დიეგო მარადონა "ნაპოლიში" თამაშობდა და მას ყველა ვგულშემატკივრობდით.

სიმართლე გითხრათ, მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს ვუყურებდი და არგენტინაში ყველა ჩემსავით იყო. ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატი მაშინ მეორეხარისხოვანი იყო და თამაშებს არც კი აჩვენებდნენ. ამიტომ, იტალიური ფეხბურთი კარგად ნაცნობი გახლდათ ჩემთვის და ალღო იოლად ავუღე.

- როგორ აფასებთ მაშინდელ "პარმას" და ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ შემადგენლობით მეტი ტიტული უნდა მოგეგოთ?
- მართლაც საოცარი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ ძლიერნი იყვნენ კონკურენტები. "იუვენტუსი" მაშინ ევროპის საუკეთესო გუნდი იყო და იგივე შემიძლია ვთქვა "მილანზეც". "ინტერში" რონალდო თამაშობდა და კიდევ არაერთი ექსტრაკლასის ფეხბურთელი.

არც რომაული გუნდები უნდა დავივიწყოთ, "პარმა" კი მაინც შედარებით პატარა გუნდი იყო პატარა ქალაქიდან. თუმცა, ჩვენ მოვიგეთ იტალიის თასი, იტაოიის სუპერთასი და უეფას თასი, კლუბის ისტორიაში კი პირველად გავედით ჩემპიონთა ლიგაზე, რაც პატარა მიღწევა ნამდვილად არ იყო.

მოურინიომ გამიგო და გამიშვა
- "ლაციომ" სარეკორდო ფასად გადაგიბირათ და იყო თუ არა ეს თქვენთვის ფსიქოლოგიური წნეხი?
- 35 მილიონ ფუნტს იტალიური კლუბები დღესაც არ იხდიან და ბუნებრივია, რომ ამაზე პრესაში ძალიან ბევრი იწერებოდა. თუმცა, მე უფრო მეამაყებოდა ეს და დისკომფორტს არ მიქმნიდა.

გითხრათ, როდის ვიყავი წნეხში? - როდესაც 1996 წელს, "კოპა ლიბერტადორესის" ფინალის სათამაშიდ კოლუმბიაში უნდა ჩავსულიყავით, იქ კი ქვეყანას კრიმინალები და ნარკომოვაჭრეები აკონტროლებდნენ, ხალხს კი ქუჩებში ხოცავდნენ. უსაფრთხოების გარანტია არ გვქონდა, მაგრამ ჩვენ ჩავედით და უდიდესი წნეხის ქვეშ ვითამაშეთ.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ ჟოზე მოურინიოსთან?
- ძალიან კარგი და მისი მადლობელი ვარ. როდესაც "ჩელსიში" დაინიშნა, მაშინ მე სწორედ "არისტოკრატებში" ვირიცხებოდი და იჯარით "მილანში" ვაპირებდი წასვლას.

მაშინ, მოურინიომ დარჩენა მთხოვა და შეეძლო თავისი გაეტანა, მაგრამ ჩემ სურვილს გაგებით მოეკიდა. მახსოვს, ვუთხარი, რომ "მილანის" თამაშებზე გავიზარდე და იქ თამაშზე ყოველთვის ვოცნობებოდი. ჟოზემ მხარზე ხელი დამარტყა და გამიშვა, ჩემს შემცვლელად კი მატია კეჟმანი და არიენ რობენი მიიყვანა.

ფინალი "ლივერპულთან"
- 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგება "მილანთან" ერთად შეგეძლოთ, მაგრამ "ლივერპულთან" საოცარი ფინალი წააგეთ. მართალია, რომ შესვენებაზე გასახდელში უკვე ზეიმობდით გამარჯვებას?
- როდესაც დამწყები ფეხბურთელი ხარ, მუდმივად გიმეორებენ, რომ თამაში 90 წუთი გრძელდება და ბრძოლა ბოლომდეა საჭირო. მაშინ, "მილანი" ძალიან გამოცდილი გუნდი იყო და მსგავსი ახსნა-განმარტება იქ არავის სჭირდებოდა.

როგორ ფიქრობთ, ალესანდრო ნესტას, პაოლო მალდინის, ანდრეა პირლოს, ჯენარო გატუზოს, კლარენს ზეედირფს და ანდრეი შევჩენკოს შეეძლოთ, რომ შესვენებაზე გასახდელში ზეიმი გაემართათ? ასეთი სცენის წარმოდგენაც კი მიჭირს. ფეხბურთი იმიტომაც არის სპორტის გენიალური სახეობა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- რთული და პროვოკაციული კითხვა: "ინტერი" თუ "მილანი"?
- ხშირად მეკითხებიან: "ინტერი" თუ "მილანი", ჩემი პასუხი კი ასეთია: ორივე. ჩემი გული იტალიას ეკუთვნის და ამ ქვეყანაში ყველაფერი მიყვარს. მახსოვს, როდესაც "ჩელსიში" გადავედი, ლონდონში ტაქსის მძღოლმა მოულოდნელად მითხრა, რომ იქ დიდხანს არ გავჩერდებოდი.

გამიკვირდა და ვკითხე თუ რატომ ეგონა ასე, მან კი მიპასუხა: შენ იტალიის გარეშე დიდხანს ვერ გაჩერდები. ცამდე მართალი იყო ის კაცი.

იტალიის გარეშე ვერ ვძლებ
- ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი შეტევაში?
- კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, დიდიე დროგბა, ლიონელ მესი, კუნ აგუერო, კარლოს ტევესი, გაბრიელ ბატისტუტა, მარსელო სალასი, აბელ ბალბო, კლაუდიო კანიჯა... ამათგან რომელიმეს გამორჩევა ჩემს ძალებს აღემატება.

- იტალიაში სერია A-ს ოქროს ხანაში ითამაშეთ. რომელი მცველის დაჯაბნა იყო ყველაზე რთული?
- იტალიაში ახალი გადასული ვიყავი, როდესაც ფრანკო ბარეზის გადავეყარე და მივხვდი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მცველია. უბრალოდ არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ მისგან გავთავისუფლებულიყავი. სადაც არ უნდა მიმეღო ბურთი, ჩემს წინ სულ ბარეზის სახეს ვხედავდი და კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.

- რა მიზნები გაქვთ სამწვრთნელო კარიერაში?
- ასე გიპასუხებთ: როდესაც საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი, ვოცნებობდი, რომ მეთამაშა ისევე, როგორც მარიო კემპესს, გარი ლინეკერს, დიეგო მარადონას, მარკო ვან ბასტენს და პაოლო როსის. დღეს, ჩემი მიზანია, რომ გავხდე ისეთივე მწვრთნელი, როგორიც მარსელო ბიელსა, კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი ბავშვობის კუმირი. ავტორს მადლობა სტატიისთვის!
9
27 დეკემბერი 2015 01:42
0
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი. სუ მისი 11 ნომრიანი მილანის მაიკა მეცვა და კრეპსოსაც კი მეძახდნენ :))) ნაღდი გოლეადორი
saba
26 დეკემბერი 2015 21:21
0
კაი ტიპი და ძალიან მაგარი ფორვარდი!
levan
26 დეკემბერი 2015 13:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული