ამხ. მატჩები: ედინსონ კავანის დუბლი, ლიონელ მესის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 28 მაისს, გამთენიისას, საერთაშორისო ამხანაგური მატჩები სამხრეთ ამერიკაშიც გაიმართა, სადაც ნაკრებები კოპა ამერიკის სამზადისში არიან.

არგენტინის ნაკრებმა ქალაქ სან-ხუანში ჰონდურასის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გონსალო იგუაინმა მარკოს როხოს პასის შემდეგ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა ლიონელ მესიმ.

64-ე წუთზე მესი მას შემდეგ შეცვალეს, რაც მეტოქესთან შეჯახების შემდეგ წელის არეში ტკივილი იგრძნო. წინასწარი ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ
კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრების პირველ მატჩს გამოტოვებს, რომელიც 7 ივნისს, ჩილესთან გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ურუგვაის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ტრინიდადი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა ჯომალ უილიამსის გოლით მე-7 წუთზე გახსნეს, რასაც ედინსონ კავანიმ დუბლით უპასუხა (26-ე პენ, 29-ე). საბოლოო ანგარიში მატიას ვესინო ფალერომ 52-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საკუთარი გულშემატკივრების წინაშე შერცხვა ჩილეს ნაკრები, რომელმაც იამაიკას ვერაფერი მოუხერხა - 1:2. სტუმრები ანგარიშში კლეიტონ დონალდსონისა (36) და ჯოელ გრანტის (53) გოლებით დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ნიკოლას კასტილიომ (82) მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა.

დღის კიდევ ერთ შეხვედრაში კოსტა რიკამ შინ ვენესუელას მოუგო - 2:1. სტუმრები ხოსე სალომონ რონდონის მიერ 29-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა ჯერ კრისტიან გამბოამ (40) გაათანაბრა, შემდეგ კი არიელ როდრიგესმა (49) კოსტარიკელებს გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა, რომელიც აშშ-ის 10 ქალაქში გაიმართება, სტარტს 3 ივნისს აიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული