"დიდფეხა" - ვინ არის არგენტინის ნაკრების ახალი თავკაცი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამ პოსტზე ედგარდო ბაუსა დაამტკიცეს, რომელმაც ხერარდო "ტატა" მარტინო ჩაანაცვლა. 58 წლის სპეციალისტი ბოლოს ბრაზილიურ "სან პაულუში" მუშაობდა.

სათამაშო კარიერისას გრანადერო ბაიგორიაში დაბადებული ბაუსა მცველი გახლდათ და მისი კარიერა "როსარიო სენტრალში" დაიწყო, რასაც "ატლეტიკო ხუნიორი", "ინდეპენდიენტე", ისევ "როსარიო" და ბოლოს "ვერაკრუსი" მოჰყვა. არგენტინის ნაკრებში მას მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ედგარდომ სამწვრთნელო კარიერაც "როსარიოში" დაიწყო. ამას მოჰყვა "ველესი", "კოლონი", "სპორტინგ კრისტალი", კვლავაც "კოლონი", "LDU კიტო", "ალ-ნასრ რიადი", დაბრუნება "LDU კიტოში", "სან ლორენსო", "სან პაულუ"
და… არგენტინის ნაკრები.

მისი პირველი სამწვრთნელო ტიტული 2005 წელს პერუულ "სპორტინგ კრისტალთან" ერთად მოგებული ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ. შემდეგ ეკვადორულ "LDU კიტოში" გაიბრწყინა, რომელსაც ორჯერ საშინაო ჩემპიონატი მოაგებინა, 2008 წელს სენსაციურად კოპა ლიბერტადორესი დაასაკუთრებინა, ხოლო 2010-ში რეკოპა სუდამერიკანასაც წაეპოტინა.

ლიბერტადორესის თასი მან 2014 წელს "სან ლორენსოსთან" ერთადაც მოიგო. 2009 წლის იანვარში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციამ იგი მსოფლიოში ნომერ მესამე მწვრთნელად დაასახელა სერ ალექს ფერგიუსონისა და დიკ ადვოკაატის შემდეგ. 2008 წელს ბაუსა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო სპეციალისტადაც დასახელდა.

ბაუსა უკვე შეუდგა საქმიანობას და ნაკრებთან ერთად პირველი გამოცდა სექტემბერში ექნება, როდესაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები უნდა ჩაატაროს. თუმცა ამოცანის ჩაბარება მას ლიონელ მესის გარეშე მოუწევს. ფანებისა და მწვრთნელის სამწუხაროდ, ლეო ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებს ძალაში ტოვებს და სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ჯერჯერობით, არ აპირებს.

"ალბისელესტეს" 1-ელ სექტემბერს ურუგვაისთან ელის ჭიდილი, აქედან 5 დღეში კი ვენესუელასთან მატჩია.

"ჩვენ ჯერჯერობით არანაირი კონტაქტი არ გვქონია არც მესისთან და არც მისი ოჯახის წევრებთან. მე სპეციალურ ტურს მოვაწყობ ამისთვის, ლეოს შევხვდები და გავესაუბრები. მხოლოდ ფეხბურთზე და არაფერ სხვაზე. ვიცი, როგორი მტკივნეულია ფინალის წაგება და მესმის მისი. მესის ჩემს გეგმებსა და საფეხბურთო ხედვას გავაცნობ; არამხოლოდ მას, ცხადია, ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც.

თუ იგი ჩათვლის, რომ სურს ამ გეგმის ნაწილი იყოს და შევთანხმდებით, რომ კარგად შევძლებთ თანამშრომლობას და ის ნაკრებს დაუბრუნდება, ეს მშვენიერი იქნება. ცოტა დრო რჩება და გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. უკვე მატჩებისთვის უნდა დავიწყოთ მზადება" - განაცხადა "ელ პატონმა" ("დიდფეხა"), როგორც ეძახიან ბაუსას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული