მუნდიალი 2018. სამხ. ამერიკა. VII ტური: დაბრუნდა, მოიგო, დაშავდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლეო მესის დაბრუნება, გოლი და ტრავმა; გაბრიელ ჟესუსის სუპერდებიუტი ბრაზილიის ნაკრებში - ეს იყო მთავარი მუნდიალის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩებში სამხრეთულ კონტინენტზე.

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედგარდო ბაუსას დებიუტი წარმატებული გამოდგა. ბაუსას სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ურუგვაის ნაკრები, მაგრამ "ალბისელესტემ" ნაკრებში დაბრუნებული ლიონელ მესის გოლით გამარჯვება მოახერხა.

ლეოს "გამობუტვა" ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ, მან ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ბაუსასთან გასაუბრების შემდეგ შეცვალა და ნაკრებიდან წასული ისე მობრუნდა, რომ არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია.

მესის გამარჯვების გოლის გატანაში რიკოშეტი
დაეხმარა, მაგრამ გოლი ლოგიკური იყო, რადგან არგენტინა უპირატესობას ფლობდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ლეოს 56-ე ბურთი გახლდათ ნაკრებში. ის არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და უკვე ორი გოლით უსწრებს გაბრიელ ომარ ბატისტუტას. ისე, ლეოს თამაში ამ შეხვედრაში საეჭვო გახლდათ მიკროტრავმის გამო, რაც ვენესუელასთან მისი ართამაშის მიზეზი გახდა, რადგან ფეხი ისევ სტკივა. არგენტინელთა გმირი უკვე ბარსელონაში გაემგზავრა.

მესიმ ტაიმის მიწურულს შეაგდო, ცოტა ხანში კი ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი პაულო დიბალა გააძევეს. პირველი ყვითელი დიბალამ სიმულაციისთვის მიიღო, მეორე კი - უხეში ვარდნისთვის. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ურუგვაის რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა და უძლიერესი შემადგენლობითაც თამაშობდა.

ურუგვაელთა მარადმწვანე მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ცვლილებებიც გააკეთა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა. ურუგვაელებს ბევრი მომენტი არც ჰქონიათ.

ბაუსამ ნაკრებში სადებიუტო მატჩები ჩაატარებინა "რივერ პლეიტის" 23 წლის თავდამსხმელ ლუკას ალარიოს და ამჟამად ბრაზილიურ "ატლეტიკო მინეიროში" მოთამაშე ფორვარდს, 28 წლის ლუკას პრატოს. ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან გამარჯვებით არგენტინა პირველ ადგილზე გადავიდა, რადგან ურუგვაის გარდა, ეკვადორსაც გადაასწრო, რომელიც ბრაზილიასთან დამარცხდა.

ედგარდო ბაუსა (არგენტინა): "თამაშით კმაყოფილი ვარ. სანამ მინდორზე 11 კაცით ვიყავით, აშკარად ვდომინირებდით და ცუდად არც მერე გამოვიყურებოდით. ურუგვაი ძალიან ძლიერი გუნდია და, რა თქმა უნდა, რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ. მესიმ დიდებული მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელსაც გრძნობდა. ვენესუელასთან რამდენიმე ვარიანტი უკვე მოფიქრებული მაქვს, როგორ ვითამაშოთ ლეოს გარეშე" - აღნიშნა ბაუსამ.

"ჯერ არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა თამაშს. ყოველთვის მინდა მინდორზე გასვლა, მაგრამ სეზონი ახლა იწყება და წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია. ასე რომ, ზედმეტ რისკზე წასვლა არ ღირს. გადაწყვეტილებას ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ.

რაც შეეხება ნაკრებიდან წასვლასა და დაბრუნებას, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე და ის სიტყვები ვთქვი, რადგან მაშინ თავს ისე ვგრძნობდი, ჩემთვის რთული იყო მორიგი ფინალის წაგება.

თუმცა შემდეგ გავესაუბრე ახალ მწვრთნელს, დავაკვირდი ფეხბურთელების ჯგუფს, მათ შემართებას, ფანების სურვილს და სიამოვნებით დავბრუნდი, რაც, რასაკვირველია, ძალიან მომინდა" - თქვა მესიმ, სანამ გაირკვეოდა, რომ ვენესუელასთან თამაშს ვერ მოახერხებდა.

* * *
დაძაბული და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ კიტოში ყველაფერი მეორე ნახევარში გადაწყდა, როდესაც ბრაზილიელთა უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა. საოცარი მატჩი ჩაატარა დებიუტანტმა გაბრიელ ჟესუსმა.

"პალმეირასის" გამოზრდილმა 19 წლის ფორვარდმა, რომელიც ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიმ" შეიძინა და იანვრამდე იმავე "პალმეირასს" დაუტოვა იჯარით, 72-ე წუთზე პენალტი მოინადირა, რომელიც ნეიმარმა გოლად აქცია. მალევე ეკვადორს ხუან კარლოს პარედესი გაუძევეს და მასპინძლების შანსები შემცირდა…. ბრაზილიამ კიდევ ორი გოლი დაამატა, ორივე მატჩის მიწურულს და ორივე ჟესუსმა შეაგდო.

პირველი გოლისას მან მარსელოს პასის მერე ეფექტურად, ქუსლით ითამაშა. გაბრიელმა მეორე გოლიც საჯარიმოს სიახლოვიდან შორეულ კუთხეში მოჭრილი, ლამაზი დარტყმით გაიტანა. დებიუტიც ასეთი უნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სელესაოს" თავკაცი ტიტე კმაყოფილი გახლდათ. საინტერესოა, რომ მან მხოლოდ ერთი ცვლილება გააკეთა და აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით ორწლიანი პაუზის მერე ტიტემ ნაკრებში დააბრუნა "გუანჯოუ ევერგრანდის" ნახევარმცველი პაულინიო.

"სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს გამარჯვება და გაბრიელ ჟესუსის ბრწყინვალე თამაში კუკას, მარსელო ოლივეირასა და ოსვალდო დე ოლივეირას დამსახურებაა, რომლებიც გაბრიელთან ერთად "პალმეირასში" მუშაობდნენ და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მის აღზრდაში. მე მათ ვესაუბრე და ეს ძალიან დამეხმარა.

მადლობა მათ. შესანიშნავი იყო ნეიმარიც. მთელმა ნაკრებმა კარგად ითამაშა და შესაბამისად, მანაც. ნეიმარი "სანტოსშივე" ჩამოყალიბდა ლიდერად, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, მებრძოლია და შემართული. იგი თავის საქმეს დიდებულად აკეთებს და ნაკრებს უძღვება. გუნდური სული იგრძნობოდა, რაც ყველაზე სასიამოვნოა".

* * *
წითელი ბარათები იყო კოლუმბია-ვენესუელას მატჩშიც. სტუმრებს 79-ე წუთზე ვილკერ ანხელი გაუძევეს, რომელმაც პენალტი აიკიდა და 93-ე წუთზე წითელს პლუს პენალტი გახლდათ როლფ ფელტშერის "შემოქმედებაც". ამ ყველაფერმა ხოსე პეკერმანის ბიჭებს ამოცანა გაუადვილა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა ხამეს როდრიგესის გოლით, რომელსაც ასისტენტობა კარლოს ბაკამ გაუწია. თუმცა ვენესუელელები კარგად იბრძოდნენ და მომენტები 0:0-ზეც ჰქონდათ.

მთლიანობაში მასპინძლები უკეთესები იყვნენ და დამსახურებულადაც იმარჯვეს. საყურადღებოა ის, რომ ხამესმა და ბაკამ პენალტები გააცუდეს (ორივემ თავისივე მოპოვებული), ორივე შემთხვევაში სტუმართა მეკარემ, დანიელ ერნანდესმა იყოჩაღა. მეორე გოლი კი მაკნელი ტორესმა გაიტანა, რომელსაც დიდებულად უპასა ხამესმა.

* * *
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი იყო პარაგვაისა და ჩილეს შორისაც. აქაც ვიხილეთ გაძევება და ვის გააგდებდნენ, თუ არა გარი მედელს? ოღონდ ეს ბოლო წამებზე მოხდა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა. პარაგვაიმ მეტოქე დებიუტშივე შოკში ჩააგდო, ოსკარ რომერომ შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა, ჩაჭედა რა ბურთი "ცხრიანში". ეს მე-6 წუთზე მოხდა და მე-9 წუთზე უკვე 2:0 იყო, პაულო და სილვამ თავურით სხვაობა გაზარდა.

ედუ ვარგასმა მაკრატელა ვერ გაიტანა, მას დიეგო ბარეტომ აუღო, მაგრამ პარაგვაის მეკარემ ვეღარაფერი მოუხერხა არტურო ვიდალის თავურს. ჩილელებს დიდი დრო რჩებოდათ, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს. ფრანსისკო არსეს გუნდი ისევ სასიამოვნოდ გვაოცებს. აი, კოპა ამერიკის ზედიზედ ორჯერ მომგები ჩილე კი ცოტა ჩამორჩა და დროა, პიციმ განგაშის ზარი შემოჰკრას.

* * *
ერთადერთი მატჩი, სადაც წითელი ბარათი არ იყო, ბოლივია-პერუ გახლავთ. ლა პასში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს - 2:0. პირველი ბურთი პაბლო ესკობარმა გაიტანა… მან ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეაგდო, სამაგიეროდ, ცოტა ხანში ჩინებული დარტყმით გაიტანა ჯარიმიდან, რაც უფრო რთული გასაკეთებელი გახლდათ. წერტილი რალდესმა დასვა მძლავრი თავურით.

მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. VII ტური
ბოლივია-პერუ 2:0
გოლები: 1:0 ესკობარი (38), 2:0 რალდესი (86)

კოლუმბია-ვენესუელა 2:0
გოლები: 1:0 ხ. როდრიგესი (45), 2:0 მ. ტორესი (82)
შენიშვნა: ბაკამ (კოლუმბია) ვერ გაიტანა პენალტი (81), ხ. როდრიგესმა (კოლუმბია) ვერ გაიტანა პენალტი (94)
გაძევება: ვილკერი (80. ვენესუელა), ფელტშერი (93. ვენესუელა)

ეკვადორი-ბრაზილია 0:3
გოლები: 0:1 ნეიმარი (72-პენ), 0:2 გაბრიელ ჟესუსი (87), 0:3 გაბრიელ ჟესუსი (92)
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დ. ალვეში, მირანდა, მარკინიოსი, მარსელო - პაულინიო, აუგუსტო, კაზემირო - ვილიანი (61. კოუტინიო), გაბრიელ ჟესუსი, ნეიმარი

არგენტინა-ურუგვაი 1:0
გოლი: 1:0 მესი (43)
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - საბალეტა, ოტამენდი, მორი, მასი - მასკერანო, ბილია - მესი, დიბალა, დი მარია (83. გაიტანი) - პრატო (71. ალარიო)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ფუსილე (86. როლანი), ხ. ხიმენესი, გოდინი, გ. სილვა - კ. სანჩესი (69. რამირესი), კორუხო, ლოდეირო (60. კ. როდრიგესი) - ლ. სუარესი, კავანი
გაძევება: დიბალა (45. არგენტინა)

პარაგვაი-ჩილე 2:1
გოლები: 1:0 რომერო (6), 2:0 და სილვა (9), 2:1 ვიდალი (37)
გაძევება: მედელი (93. ჩილე)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 7 4 2 1 7-4 14
2. ურუგვაი 7 4 1 2 12-5 13
3. კოლუმბია 7 4 1 2 11-8 13
4. ეკვადორი 7 4 1 2 12-10 13
5. ბრაზილია 7 3 3 1 14-8 12
6. პარაგვაი 7 3 3 1 9-7 12
7. ჩილე 7 3 1 3 13-12 10
8. ბოლივია 7 2 0 5 9-13 6
9. პერუ 7 1 1 5 6-14 4
10. ვენესუელა 7 0 1 6 7-19 1

ბომბარდირები: 4 - ფილიპე კაისედო (ეკვადორი); დარიო ლესკანო (პარაგვაი), არტურო ვიდალი (ჩილე)

მომდევნო ტური
6 სექტემბერი
ვენესუელა-არგენტინა
ურუგვაი-პარაგვაი
ჩილე-ბოლივია
ბრაზილია-კოლუმბია
პერუ-ეკვადორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული