გასაკვირი არ არის, რომ ლივერპულელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი შესანიშნავ ხასიათზე იყო. "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში მისმა გუნდმა გაიტანა ოთხი გოლი და მოიგო. "ლივერპულის" წაუგებელმა სერიამ თერთმეტი მატჩი შეადგინა. რაც მთავარია, ინგლისური კლუბი თამაშობს ზეშემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს.
"კოუტინიო!" თქვა მან და ფეხბურთელს თავზე ხელი უზომოდ კმაყოფილმა მოუთათუნა. გერმანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრაზილიელის სახელი. ამან გვიჩვენა, თუ რამხელა გავლენა აქვს
"პალასთან" შეხვედრაში კოუტინიოს გოლი არ გაუტანია, თუმცა მის თამაშს მაინც დიდებული უნდა დავარქვათ. ბრაზილიელმა ორი არნახული გადაცემა შეასრულა, რითაც სტადიონზე მყოფებს სუნთქვა შეუკრა.
კოუტინიო "ენფილდზე" 2013წლის იანვარში მოვიდა, როგორც დიდზე დიდი პოტენციალის ფეხბურთელი. ის ახლა ბოლომდე ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. თანაც, ჩვენი გმირი დიდებულია როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ასპარეზზე. ვისაც არ სჯერა, ხუთშაბათს გამართული ბრაზილია - არგენტინა გაიხსენოს.
მას დანიელ სტარიჯმა კარგი სახელი შეურჩია - დევის ბლეინი. მოგეხსენებათ, ბლეინი ცნობილი ამერიკელი ჯადოქარი და ილუზიონისტია. პარასკევ დილით კოუტინიომ გაიღვიძა და ნახა ბარსელონური "სპორტი", სადაც დიდი ასოებით ეწერა სათაური: Objetivo Coutinho. ბრაზილიელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იყო მოხსენიებული.
კოუტინიო პროგრესირებს და პროგრესირებს. ის უახლოვდება საკუთარი ფორმის პიკს. "ლივერპულში" მშვიდად არიან. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამწელიწადნახევარი აქვს. ენფილდელები ახალი "ოცნების გუნდის" აშენებას სწორედ ბრაზილიელის გარშემო აპირებენ. "ლივერპულს" თავდამსხმელები მართლაც არ ჰყავს საძებარი არავინ. იქვე არიან ფირმინო და სადიო მანე.
თავის დროზე "ლივერპულს" მაგრად გაუმართლა, რომ ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სულ რაღაც 8 მილიონ გირვანქად შეძლო. სატრანსფერო ომი "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" მოუგო. მაშინ ეს იყო პატარა ბიჭი შავი კულულებით. იყო საშიშროება, რომ ბევრი ბრაზილიელი ნიჭიერი ბიჭივით ის საფეხბურთო მომთაბარედ გადაქცეულიყო.
კოუტინიოს ევრპული ოდისეა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ 2008 წელს. მაშინ "ინტერის" სათავეში ჟოზე მოურინიო იდგა. "ინტერმა" ნიჭიერი ბიჭი "ვასკო და გამადან" გადაიბირა. კონტრაქტი გაფორმდა ისე, როგორც არაერთი აქამდე. ფილიპე "ინტერისა" ფეხბურთელის რანგში 2 წლის განმავლობაში კვლავ ბრაზილიაში დარჩა და "ნერაძურის" მხოლოდ 2010 წელს შეუერთდა. ასე რომ, მას არასოდეს მისცემია ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შანსი.
"მე ორი დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი "ინტერში" მაშინ, როცა კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. მაშინ ძალიან ცოტა ვისაუბრე მოურინიოსთან, მაგრამ შევარტყვე, რომ ის ბედნიერი იყო. ჩემს გარდა სხვასთან არ შეეძლო პორტუგალიურად საუბარი და ალბათ ამიტომ." - ამბობს კოუტინიო. ისევ მას მოვუსმინოთ.
"მან მითხრა მე, რომ უნდა ვიყო თავისუფალი მინდორზე და ვაკეთო ის, რაც მინდა. ზაფხულში მოურნიომ დატოვა "ინტერი" და მოვიდა რაფა ბენიტესი. მან მე ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა. შესანიშნავად მიდიოდა სამწვრთნელო პროცესი."
ჩვენი გმირი ბენიტესთან ერთად თავს კომფორტულად კი გრძნობდა "ინტერში", მაგრამ თავად რაფა დიდხანს ვეღარ შერჩა მილანურ კლუბს. კოუტინიო განათხოვრებით აღმოჩნდა "ესპანიოლში", რომელსაც მაშინ არგენტინელი მაურისიო პოჩეტინიო წვრთნიდა.
"ლივერპულში" ბრენდან როჯერსი მივიდა. მისი მმართველობის პირველ ხანაში როჯერსს მერსისაიდზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მას მოეწონა კოუტინიოს თამაში და ბრაზილიელი გუნდში მიიყვანა. მწვრთნელმა მოთმინება გამოიჩინა - ფილიპე თანდათანობით შეაჩვია ინგლისური ფეხბურთის თავისებურებებსა და დატვირთვებს.
"ბრენდან როჯერსის დიდი მადლობელი ვარ. მან მე მომცა სათამაშო დრო და ამასთან ერთად, ყველა საშუალება ადაპტაციისათვის. თავდაპირველად ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება იოლი არ იყო,მაგრამ მე ეს შევძელი." - ამბობს კოუტინიო.
მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან მოშორებით იყო, ფილიპეს არ მოუწყენია. მელვუდში სეირნობის დროს მან ნახა "ლივერპულის" მიერ მოგებული ჩემპიონთა თასი დიდებულ ფინალში. ყველას გვახსოვს "ლივერპულის" "ქამბექი" "მილანთან" სტამბოლურ ფინალში.
მას ადაპტაციაში ლუკას ლეივა, სებასტიან კოატესი და ლუის სუარესი ეხმარებოდნენ. ამასთან ერთად, კოუტინიოს ცხოვრებაში პოზიტიური როლი ითამაშა მისმა მეუღლე ანამ. მან ყველანაირად გაუადვილა ფილიპეს სახლიდან შორს ცხოვრება.
ერთიც: ადრე კოუტინიო უფრო "საშინაო"მოთამაშედ იყო მიჩნეული. მას შემდეგ, რაც "ლივერპული" კლოპმა ჩაიბარა, კოუტინიო საგარე შეხვედრებშიც დიდებულად ათამაშდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ამის დასტურია.
შემთხვევითი არ არის, რომ კოუტინიოს "ლივერპულში" ათნომრიანი მაისურა აცვია. ეს მაისურა ეცვათ კლუბის ლეგენდებს - ინგლისის ორგზის ჩემპიონ ჯონ ბარნსს და მაიკლ ოუენს, ვინც "ლივერპულში" თასების მთელი კოლექცია შეაგროვა და "ოქროს ბურთი" მოიგო.
კოუტინიომ ევროპალიგის დასანანი ფინალი წააგო "სევილიასთან", მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა.
"ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. "ინტერში" ვიყავი, როცა კლუბმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი მოიგო. მე მინდა, "ლივერპულმა" მოიგოს დიდი ჯილდო და ამაში იყოს ჩემი წვლილი."
თუ ასე გააგრძელებს, კოუტინიო საწადელს აუცლებლად მიაღწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"