მუნდიალი 2026: ჯგუფურ ეტაპზე ფრეები არ იქნება?

AutoSharing Option
* გადაწყვეტილება მიღებულია: 2026 წლიდან მუნდიალზე 48 გუნდი ითამაშებს.
* 48 გუნდი 16 (!) სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება.
* ჯგუფებიდან 2-2 გუნდი 1/16-ფინალში იასპარეზებს.
* მუნდიალზე მატჩების რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება.
* დიდი ალბათობით, ჯგუფურ ეტაპზე ფრეები არ იქნება.
* მუნდიალი დამატებით 640 მილიონ დოლარ მოგებას მოიტანს.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო არასდროს მალავდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობის გაზრდის მომხე იყო და პოსტზე მოსვლის შემდეგ ამ იდეისთვის ფრთების შესხმა მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა და გახლდათ.

დიახ, გახლდათ,
რადგან ინფანტინომ უკვე მიაღწია თავისას და ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2026 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, ფინალურ ეტაპებზე უკვე 32 ნაკრების ნაცვლად 48-ს ვიხილავთ. ერთი სიტყვით, მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა და დაწვრილებით დეტალები ნელ-ნელა გახდება ცნობილი.

უკვე ვიცით ის, რომ ეს 48 ნაკრები 16 ჯგუფად გადანაწილდება და თითოეულ ქვეჯგუფში 3-3 გუნდს ვიხილავთ. ისინი კლასიკურად ერთმანეთში ითამაშებენ და ჯგუფიდან ორი ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავა. შესაბამისად, პლეი ოფის ეტაპი მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყება. იმისათვის, რომ ნაკრებმა მოიგოს ტურნირი, როგორც ადრე, ახალი ფორმატის პირობებშიც 7 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მთლიანობაში კი ფინალურ ეტაპზე გასამართი მატჩების რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება.

არის ერთი საინტერესო დეტალიც, სავარაუდოდ, ჯგუფურ ეტაპზეც გამოირიცხება ფრე, რაც ნაკრებებს უსიტყვოდ გარიგების შანსებს შეუმცირებს და გაუგებრობებს აგვარიდებს.

მთელი ტურნირის ჩატარებას 32 დღე დასჭირდება და ვარაუდობენ, რომ ამან ფიფას დამატებით 640 მილიონი დოლარი უნდა მოუტანოს. ფარული კენჭისყრა ციურიხში გაიმართა და ინფანტინოს იდეას მხარი უმეტესობამ დაუჭირა. 1998 წლის მერე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა პირველად გაიზრდება.

"მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის განვითარება გვაიძულებს და მოითხოვს ამ ნაბიჯის გადადმას, რომელსაც ჩემი აზრით, მხოლოდ დადებითი გავლენა ექნება. გაადვილდება საკვალიფიკაციო ეტაპი. სხვადასხვა კონტინენტს უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლება და არაფერი არ შეუწყობს რომელიმე ქვეყანაში ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციას ხელს, ვიდრე ის, რომ ეს ქვეყანა მუნდიალზე მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი ზეიმია და ის მთელი მსოფლიოსთვისაა. იქნება მეტი ფინანსური სარგებელიც, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მთავარი. გაუმჯობესდება სანახაობრივი მხარეც და უფრო მეტ მატჩს ვიხილავთ" - ამბობდა ინფანტინო კენჭისყრამდე.

დეტალები ფიფას საბჭოს მომდევნო შეკრებაზე გაირკვევა, რომელიც ფიფას 67-ე კონგრესს ემთხვევა - 9 მაისს მანამაში.

* * *
ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) უარყოფითად შეაფასა ფიფას მიერ მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა. ეს ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სინამდვილეში მოტივი პოლიტიკური იყო და არა სპორტული. ორგანიზაციის განაცხადში ნათქვამია, რომ ფიფამ გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის გამო მიიღო.

* * *
2018 წლის მუნდიალზე გუნდების განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 4 ივნისით განისაზღვრა. შეგახსენებთ, რომ მუნდიალი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება. ამასთან, მონაწილე ქვეყნებმა წინასწარი განაცხადები (30-კაციანი) 14 მაისს უნდა წარადგინონ.

ფიფას რეკომენდაციით, ყველა საკლუბო ტურნირი 20 მაისამდე დასრულდება. გამონაკლისი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. 21-27 მაისი დასვენების დღეებად გამოცხადდება და ყველა იმ კლუბისთვის იქნება სავალდებულო, სადაც მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელები თამაშობენ.

* * *
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ფიფასგან მეტ კონკრეტიკას ელიან. "ჩვენ ვიმუშავებთ უეფასთან, ფიფასთან და სხვა ორგანიზაციებთან, რათა მეტი შევიტყოთ ახალ ფორმატზე. ვფიქრობთ, პრიორიტეტი ფანების, ფეხბურთელების და ლიგების ინტერესი უნდა იყოს", - ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

* * *
უეფა კმაყოფილია, რომ მუნდიალზე გუნდების რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდის მიუხედავად, ფეხბურთელთა დატვირთვები არ გაიზრდება. სიტყვაზე, ჩემპიონი გუნდი კვლავ 7 მატჩს ითამაშებს და ასე შემდეგ.

უეფა იმითაც არის კმაყოფილი, რომ კონფედერაციებს შორის კვოტების განაწილების საკითხი უფრო გვიანი დროისთვის გადაიდო. ევროპას, სავარაუდოდ, 16 ადგილს შესთავაზებენ, თუმცა უეფას 20 სურს.

* * *
დიეგო მარადონა ამტკიცებს, რომ შესაძლოა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას ფიფას რიგები დაატოვებინოს. მიზეზი ფედერაციაში დამკვიდრებული კორუფციაა. "ინფანტინო ერთი წამითაც არ იჭოჭმანებს და თუ საჭირო იქნება გარიცხვა,ის ამას იზამს", - განაცხადა მარადონამ, რომელსაც ბოლო დროს, ფიფასთან თბილი ურთიერთობა აქვს, ხოლო არგენტინის ფედერაციასთან - არა.

აქვე გთავაზობთ ჩამონათვალს პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული იმ მუნდიალების გამორჩევით, რომლებზედაც ფინალურ ეტაპზე ფორმატი იცვლებოდა.

1930. ურუგვაი -13
ერთი 4-ნაკრებიანი ჯგუფი და სამი 3-ნაკრებიანი. ჯგუფების გამარჯვებულები გადიოდნენ ნახევარფინალში.

1934. იტალია - 16
ფინალური ეტაპი პირდაპირ პლეი ოფით, მერვედფინალური ეტაპით დაიწყო.

1950. ბრაზილია - 15
(თუმცა საბოლოოდ ტურნირში 13-მა ნაკრებმა ითამაშა)
სამი 4-ნაკრებიანი და ერთი 3-ნაკრებიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები ქმნიდნენ ფინალურ ჯგუფს, რომელშიც გამოვლინდებოდა ჩემპიონი.

1954. შვეიცარია - 16
ოთხი 4-ნაკრებიანი ჯგუფი, თუმცა თითოეული ნაკრები მხოლოდ ორ მატჩს ატარებდა ჯგუფში და ორი საუკეთესო გადიოდა მეოთხედფინალში.

1958. შვედეთი - 16
ოთხი 4-ნაკრებიანი ჯგუფი. გუნდები ერთმანეთთან თითო მატჩს ატარებდნენ და 2-2 საუკეთესო გადიოდა მეოთხედფინალში.

1974. გფრ - 16
ოთხი 4-ნაკრებიანი ჯგუფი, რომელთაგანაც 2-2 საუკეთესო კიდევ ორ 4-ნაკრებიან ჯგუფს ქმნიდა და მათი გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში ხვდებოდნენ.

1982. ესპანეთი - 24
ექვსი 4-ნაკრებიანი ჯგუფი, რასაც ოთხი 3-ნაკრებიანი ჯგუფი მოსდევდა და ამ ქვეჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში უპისრისპირდებოდნენ.

1986. მექსიკა - 24
ექვსი 4-ნაკრებიანი ჯგუფი, რომელთაგანაც 2-2 ნაკრები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში აგრძელებდა პაექრობას.

1998. საფრანგეთი - 32
რვა 4-ნაკრებიანი ჯგუფი, რომელთაგანაც 2-2 ნაკრები მერვედფინალში გადიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შანსი როგორც იყო ისეთივეა. 100 პროცენტი მინუსით. არის ერთი პლიუსიც, შეიძლება ჩვენს ჯგუფში შესარჩევში ორი ჩვენსავით გაუბედურებული ნაკრები მოხვდეს და შანსი გვექნება ბოლოდან მესამე ადგილიც კი დავიკავოთ. თორემ ამოვიდა ყელში სულ პირველი და მეორე ადგილები.
..........
14:20 13-01-2017
0
რა გიხარიათ? მაგ დროისთვის საქართველოში საერთოდ აღარ იქნება ფეხბურთი! ისე კი მაგარი ბანძი თამაშები იქნება ამდენ გუნდში!
ირაკლი
12:57 11-01-2017
0

სიახლეები პოპულარული