ტრანსფერ ONLINE: 18 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:43. ჩაბი ალონსოს უთქვამს, რომ სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთს შეეშვება. ამ ინფორმაციას "ბილდი" ავრცელებს, თუმცა ოფიციალური დასტური ჯერჯერობით არ ჩანს. ჩაბი ალონსო 35 წლისაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მას რაფა ბენიტესთან, ჟოზე მოურინიოსთან, კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლასთან უმუშავია, წესით, ცუდი მწვრთნელი არ უნდა დადგეს, მაგრამ აპირებს თუ არა ამ სფეროში დასაქმებას, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

13:14. "ლივერპულის" მცველი ტიაგო ილორი 3,75 მილიონ ფუნტად ჩემპიონშიპის ბინადარ "რედინგში" გადაბარგდა.

13:25. "მანჩესტერ იუნაიტედი" წინააღმდეგი არ არის, მემფის დეპაის 15 მილიონ ევროდ შეელიოს. უკვე გაცნობეთ, რომ
ჰოლანდიელის წაყვანა სურს "ლიონს", რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერებას ცდილობს.

13:30. goal.com-მა დაწერა, რომ "მანჩესტერი" შეიძლება ლუკ შოუმაც დატოვოს. როგორც ამბობენ, ჟოზე მოურინიომ მასზე საბოლოოდ აიღო ხელი. 21 წლის მარცხენა მცველს ნოემბრის მერე არ უთამაშია.

13:36. მანჩესტერიდან ინფორმაციების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით - "წითელი ეშმაკები", თურმე, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კიდევ ორი წლით აპირებენ კონტრაქტის გაგრძელებას.

13:42. და კიდევ ერთი ცნობა "ოლდ ტრაფორდიდან" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ანტუან გრიზმანისთვის იბრძოლებს და "ატლეტიკოს" სარეკორდო თანხასაც შესთავაზებს. ეს ამბავი "ინდეპენდენტმა" გვამცნო.

13:52. ინგლისური მედიის ვარაუდით, იმის გამო, რომ იან ვერტონგენი სერიოზულად დაშავდა და მთელი ორი თვე გაუცდება, "ტოტენჰემი" აუცილებლად იზრუნებს ცენტრალური მცველის შეძენაზე. ჯერჯერობით, სულ ეს არის "ტოტენჰემის" ზრახვებზე.

13:59. აი, გაცილებით საინტერესო ამბავი - ალექსის სანჩესი შეიძლება "ჩელსიში" გადავიდეს. ჩილელ ფორვარდს "არსენალის" მესვეურებთან დაეძაბა ურთიერთობა, ხოლო "ჩელსი", თავის მხრივ, შეიძლება დიეგო კოშტას დაშორდეს, თვით იმისდა მიუხედავად, რომ ჭირვეული ფორვარდი შეურიგდა ანტონიო კონტეს და საწვრთნელ პროცესსაც დაუბრუნდა. თუმცა როდემდე გასტანს ეს სიამტკბილობა, კაცმა არ იცის. კოშტას ჩინეთში უხმობენ გაცილებით დიდ ხელფასზე და ტრანსფერი შეიძლება ახლავე შედგეს, ან მაქსიმუმ სეზონის ბოლოს.

14:04. ყოველი შემთხვევისთვის, "ჩელსი" ალტერნატიულ ვარიანტზეც მუშაობს. "დეილი ტელეგრაფის" მტკიცებით, თუ სანჩესის ტრანსფერი არ გამოვიდა, მაშინ "არისტოკრატები" ალვარო მორატაზე გადაერთვებიან. მორატა "რეალში" კი დაბრუნდა, მაგრამ ჯერ მაინც ვერ თამაშობს და ეგებ არც იყოს წინააღმდეგი, პრემიერლიგაში გააგოროს ბურთი.

14:20. "ელ მუნდო დეპორტივო" წერს, რომ პეპ გვარდიოლას კლაუდიო ბრავოზეც აუცრუვდა გული და ახალ მეკარეს ეძებს. პოპულარული გამოცემის მტკიცებით, "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს "სოსიედადის" კარის დარაჯ ხერონიმო რულის, ვისაც ამ სეზონში 7 "მშრალი" მატჩი დაუგროვდა. "ტრანსფერმარკტი" 8 მილიონ ევროდ აფასებს 24 წლის არგენტინელ მეკარეს, რომელსაც იტალიური პასპორტიც აქვს.

15:02. "ჰალ სიტიმ" ცივი უარი სტკიცა "ვესტ ჰემს" რობერტ სნოდგრასის მიყიდვაზე. "ჩაქუჩების" წინადადება 6.8 მილიონ ევროს ვერ ასცდა, რაც "ვეფხვებს" სასაცილოდ არ ეყოთ.

15:13. "გარდიანი" დარწმუნებულია, რომ მაიკლ ანტონიო არსადაც არ წავა. არგუმენტი ასეთია - "ვესტ ჰემი" მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს 26 წლის გარემარბს, რომლის ძალითაც ფეხბურთელი ყოველ კვირას 79 ათას ევროს მიიღებს.

15:24. კიდევ ერთი ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ანტუან გრიზმანზე. "სქაი სპორტიც" წერს ინგლისური გრანდის სურვილებზე, მაგრამ იქვე დასძენს - გამორიცხეთ, რომ ეს იანვარში მოხდება, აი, ზაფხულში, კი ბატონოო.

15:31. "მილანმა" ჯაკომო ბონავენტურას კიდევ 3 წლით გაუგრძელა კონტრაქტი. 27 წლის ნახევარმცველი "როსონერიში" 2014 წლიდან თამაშობს და 81 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

15:47. "ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" კაპიტანი, 33 წლის ფილიპ ლამი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს და კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს მიიღებს.

16:01. აბელარდო ფერნანდესი "ხიხონის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, ვისთვისაც "ხიხონი" მშობლიური კლუბია, 4 მილიონი ევროს კომპენსაციაზე უარი თქვა. გუშინვე, ასტურიული კლუბის ახალ დამრიგებლად ხოან ფრანსესკ ფერერი, იგივე რუბი დაინიშნა.

16:14. "დეილი სტარის" ინფორმაციით, ანტუან გრიზმანისთვის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ. ლონდონელები მზად არიან, "ატლეტიკოს" 40 მილიონი ევრო და კიდევ ერთი ფეხბურთელი (რომელსაც მადრიდელები მოისურვებენ) შესთავაზონ.

16:20. ტრანსფერის კონტურები გამოიკვეთა: "მანჩესტერ იუნაიტედი", ალბათ, უარს აღარ იტყვის მემფის დეპაის "ლიონში" გაშვებაზე. გარიგება 16.7 მილიონი ევრო დაჯდება.

16:24. სანამ "ვესტ ჰემი" და "მარსელი" დიმიტრი პაიეზე ბჭობენ, 29 წლის შემტევ ნახევარმცველს ჩინელები (კლუბი არ კონკრეტდება) დაუკავშირდნენ. პაიეს კვირაში 600 ათას ევროს სთავაზობენ, რაზეც უარი თქმა, ალბათ, ძალიან გაუჭირდება.

16:30. ერთი ტრანსფერი, რომელიც ნაკლებად დაგაინტერესებთ, მაგრამ ესეც იყოს, არაფერი დაშავდება - 25 წლის ნახევარმცველი ადრიენ ტრებელი ბელგიური "სტანდარდიდან" ქვეყნის გრანდ "ანდერლეხტში" გადაბარგდა.

16:37. goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ახალ მეკარედ შეიძლება იან ობლაკი მოგვევლინოს. უკვე ვწერდით, რომ პეპ გვარდიოლამ კლაუდიო ბრავოც აითვალწუნა, ჰოდა, ესეც - ალტერნატივა. შეგახსენებთ, რომ 24 წლის სლოვენიელი 2014 წლიდან "ატლეტიკოს" კარის დარაჯია. ოღონდ ტრანსფერს ერთმა პრობლემამ შეიძლება შეუშალოს ხელი - ობლაკი 100 მილიონი ევრო ღირს და მეკარეში ამხელა თანხას "სიტი", ალბათ, არ გადაიხდის. და მაინც, ყველაფერი მენეჯერ-აგენტების მარიფათზეა დამოკიდებული.

17:34. "რომას" ლუის მურიელი და ხესე როდრიგესი აინტერესებს. მურიელი "სამპდორიაში" თამაშობს და 25 მილიონი ევრო ღირს, ხესეს წაყვანა კი შედარებით იაფად შეიძლება. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს "კორიერე დელო სპორტი" და დაეჯერება, ალბათ...

17:45. მადრიდული "მარკა" დარწმუნებით წერს, რომ "ბარსელონას" ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებია. ამასობაში, "ბარსას" გენერალურმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ აღნიშნა, რომ საჭიროა სიტუაციის საღი გონებით განსჯა, რადგან კატალონიურ კლუბს არ შეუძლია, ბიუჯეტის 70 პროცენტზე მეტი ფეხბურთელების ხელფასებზე დახარჯოს.

18:00. ESPN-ის ინფორმაციით, "დორტმუნდის" შემტევ ადრიან რამოსს ჩინელები შეუჩნდნენ. ინტერესს იჩენს "ჩჟონჩჟინ ლიფანი", რომელიც 31 წლის კოლუმბიელში 12 მილიონ ევროს იხდის. არადა, თომას ტუხელს რამოსი არ ეთმობა, რადგან პიერ-ემერიკ ობამეიანგი ახლა გაბონის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე თამაშობს და "დორტმუნდს" შეიძლება მოულოდნელად ფორვარდი დასჭირდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რული სიტიში? ეგ რო ისედაც სიტისს ფეხბურთელია იცით?
coco
14:54 19-01-2017
0

სიახლეები პოპულარული