ალეშანდრე პატო და ჩინური მილიონები

AutoSharing Option
ჩინურ ფეხბრთში ბოლო დროს დიდზე დიდი ინვესტიცია იდება. ცდუნებას ვერც ალეშანდრე პატომ გაუძლო. ის ამიერიდან ჩინურ "ტიანძინში" ითამაშებს. რა თქმა უნდა, ბრაზილიელი ისე ეფექტური ვეღარ იყო, როგორც ევროპაში პირველი გამოჩენისას, მაგრამ მის თამაშს მაინც ბევრი ქომაგი ჰყავდა და "ვილიარეალში" სამხრეთამერიკელი ლიდერად ითვლებოდა.

სად წავიდა პატო? ამ კითხვას, შევეცდებით, ჩვენს წერილში ვუპასუხოთ.

ქალაქი
იმ ქალაქს, რომლის გუნდშიც პატომ უნდა ითამაშოს (ამ გუნდის ღირსებას აქსელ ვიტსელიც იცავს), ტიანძინი ჰქვია. ის პეკინთან სულ ახლოს მდებარეობს. მანძილი 100 კილომეტრიც კი არაა. სულ ახლოსაა ჩინეთის კედელი.

ტიანძინში 15 მილიონი მაცხოვრებელია. ეს ქალაქი შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ სამრეწველო გიგანტად. ტიანძინი ჩინეთის უმდიდრეს ქალაქად ითვლება. ერთ რამედ ღირს ქალაქის მთავარი პარკის დათვალიერება, სადაც თვალწარმტაცი ატრაქციონები და შესანიშნავად ნაგები თეატრია განლაგებული.

2015 წლის ზაფხულში ქალაქში ლამის კატასტროფა მოხდა. უსაფრთხოების ნორმების დაეცველობამ პორტში ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი დროულად ვერ ჩააქრეს და ამას მოჰყვა აფეთქებები,საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია არაერთი რაიონიდან, ზოგიერთი ქუჩა კი მთლიანად განადგურდა.

წელიწადნახევრის განმავლობაში ჩინეთის მთავრობამ მთლიანად მოახერხა სტიქიის შედეგების ლიკვიდირება. ამ დროისათვის ტიანძინი ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს და მის ნახვას არაფერი ჯობს.

დერბი
ტიანძინის გუნდს, რომელშიც პატო ითამაშებს, "ციუანძიანი" ჰქვია. ეს ქალაქში ერთადერთი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი როდია. არის მეორე გუნდიც და მას "ტიანძინ ტედა" ჰქვია. ამ ორ კლუბს შორის ძალიან დაძაბული ვითარებაა - არცთუ უსაფუძვლოდ.

"ციუანძიანი" ეკუთვნის ფირმას, რომელიც წამლებს აწარმოებს. ეს წამლები ძირითადად ბალახეულისგან მზადდება.იგრძნობა ტრადიციული ჩინური მედიცინის კვალი. სულ რამდენიმე წლის წინ პატოს ახალი კლუბის ხელმძღვანელები კომპანიონებთან ერთად "ტიანძინ ტედას" სათავეში იდგნენ. მერე განხეთქილება მოხდა და...

ბრაზილიელის ახალი კლუბი იმითაც იქცევს ყურადღებას, რომ ის ერთადერთია ჩინეთში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია აფინანსებს. ამ ქვეყანაში გუნდების სათავეში ძირითადად გიგანტური სამშენებლო კომპანიები დგანან.

სხვანაირად რომ ვთქვათ, შედარებით უფროსი თანაქალაქელისაგან განსხვავებით, პატოს კლუბი ახლა იწყებს საკუთარი ისტორიის წერას. უნდა ითქვას, რომ კლუბის ხელმძღვანელობა საამისოდ ფინანსებს ნამდვილად არ იშურებს.

მთავარი ვარსკვლავი
"ტიანძინის" მთავარი ვარსკვლავი არც ალეშანდრე პატოა და არც აქსელ ვიტსელი. გუნდს ლეგენდარული იტალიელი, ფაბიო კანავარო წვრთნის. დიდებულ ფეხბურთელს, რომელმაც 2006 წელს "ოქროს ბურთი" მიიღო, სამწლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს.

ფაბიო იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს, მაგრამ ჯერ ის სამუშაოდ მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტიკურ ადგილებს ირჩევს. ის წვრთნიდა "ალ აჰლის", ალ ნასრის" და "გუანჯოუ ევერგრანდს". ამ გუნდებიდან "სკუადრა აძურამდე" ძალიან შორია, მაგრამ ფაბიოს მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის აშენება ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი.

გასული წლის მარტში ფაბიო კანავაროს იმედი ჰქონდა, რომ "სკუადრა აძურაში" ანტონიო კონტეს შეცვლიდა, მაგრამ მისი კანდიდატურა სერიოზულად არც კი განიხილეს. როგორც ჩანს, ფაბიო გაბრაზდა.

"მე იტალიის ნაკრებში 15 წელი გავატარე და როგორ შეიძლება მას უთხრა, გამოცდილება არ გაქვსო? ასე გვარდიოლას თაობაზე არ ამბობდნენ. მე 15 წელი ვიყავი იტალიის ნაკრებში და ბოლომდე ვიცი ეს სამუშაო." - თქვა კანავარომ.

2016 წლის ზაფხულში კანავარომ ის გუნდი ჩაიბარა, რომელსაც ახლა წვრთნის. მაშინ "ტიანძინ ციუანძიანი" ჩინეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მერვე ადგილზე იყო. წინა მწვრთნელი, ცნობილი ბრაზილიელი ვანდერლეი ლუშემბურგო მას შემდეგ გააგდეს, რაც შვიდი თამაშიდან ერთიც ვერ მოიგო.

როცა გუნდი კანავარომ ჩაიბარა, სეზონის დასრულებამდე 18 ტური რჩებოდა. ახალი მწვრთნელის მისვლით ფრთაშესხმულმა გუნდმა 13 მატჩი მოიგო და ჩინეთის მეორე ლიგაში პირველობა არავის დაუთმო.

შემადგენლობა
მას შემდეგ, რაც"ტიანძინმა" ჩინეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ უპირველეს მიზნად ძირითადი შემადგენლობის გაძლიერება დასახა.

გუნდში გამოჩნდა ბელგიის ნაკრების საყრდენი, აქსელ ვიტსელი. ის ძალიან უნდოდა ტურინის "იუვენტუსს" და წლების განმავლობაში "ზენიტის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. "ალ აჰლიდან" გუნდში გადავიდა კანავაროს ძველი ნაცნობი, სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი, კვონ-კენ ვონი. მისი ტრანსფერის ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა. არადა, "ტრანსფერმარკრტზე" ფეხბურთელის ფასად 400 ათასი ევრო იყო მითითებული.

ამავე გუნდში თამაშობს ჩინეთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩან ლუ. ის "ტიანძინს" ასევე 10 მილიონი დაუჯდა...

ათი ნომრის პოზიციაზე თამაშობს ბრაზილიელი ჟადსონი, რომელიც დონეცკის "შახტარიდან" გვახსოვს. ახლა ჩინეთში ლეგიონერებზე ლიმიტი გამკაცრდა, მაგრამ პატო რომ ძირითადში იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

გასულ სეზონში გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო ვეტერანი ბრაზილიელი ფორვარდი ლუიშ ფაბიანო. ბრაზილიელმა 28 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს კონტრაქტი დაუმთავრდა და კლუბის ხელმძღვანელობამ ის აღარ გააგრძელა.

პერსპექტივა
ერთი შეხედვით, პატოს ტრანსფერი ჩინურ კლუბში რთული ასახსნელია, მაგრამ თუ დავუკვირდებით, კანონზომიერებასაც აღმოვაჩენთ. უნიჭიერესი ბრაზილიელი დატანჯა ტრავმებმა. როგორც ჩანს, მას მოენატრა ისეთი ადგილი, სადაც ნაკლები წნეხი და მეტი ფულია.

მან ვერაფრით უწამლა მუხლის ტრავმას და 2008 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყოველ სამ თვეში გამოდის მწყობრიდან. ის არჩევანის წინაშე დადგა: პატოს ან უნდა შეემცირებინა დატვირთვები, ან ბოლომდე უნდა გაენადგურებინა მუხლი. უნდა გავითვალისწინოთ ფეხბურთელის არცთუ მარტივი ხასიათი.

თავის დროზე ბევრი გააკვირვა პატოს ბრაზილიაში დაბრუნებამ. როგორც ჩანს, მას არ უყვარს ყოველდღიური დაძაბული რიტმი. პატოს შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო იყოს ჩინეთის ვარსკვლავურ ჩემპიონატში. ეგაა, ლიგის დებიუტანტი გუნდი სხვა კლუბებთან მატჩებში ფავორიტად ვერ ჩაითვლება და ფაბიო კანავაროც დაცვაზე აგებს გუნდის თამაშს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბელგიელი ვიცელისთვის, ბრაზილიელი პატოსთვის რა მნიშვნელობა აქვს ესპანეთში ითამაშებს რუსეთში თუ ჩინეთში?!
გენო
17:22 04-02-2017
0
დავიწყეთ უკვე ჩინური ლიგის გაპიარება?
kika
15:10 04-02-2017
0

სიახლეები პოპულარული