ევროუქმეების წინ: მთავარი მატჩები "ენფილდსა" და "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
"ენფილდი" და "ოლიმპიკო" ამ უქმეების მთავარი მოვლენების ორი ეპიცენტრია. ინგლისში "ლივერპულისა" და "არსენალის" ჯახია, იტალიის დედაქალაქში კი თასზე ახლახან დამარცხებული ორი გრანდის, "რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება გველის...

პრემიერლიგა. XXVII ტური: კლოპი VS ვენგერი
"ლივერპულმა" უკვე საკმარისზე მეტი ქულა დაკარგა და იურგენ კლოპის გუნდი, რომელიც ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, იქამდე მივიდა, რომ ახლა ოთხეულს მიღმაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მერსისაიდელები "არსენალთან" მატჩსაც ჩააგდებენ, მერე უკვე ძალიან გაუჭირდებათ ოთხეულში შესვლა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედმაც" გამოიღვიძა და თანაქალაქელი "ევერტონიც" არ ისვენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ
"ტოტენჰემსა" და "სიტიზე". ხოლო "ჩელსის" რომ ოთხეულში ადგილი გარანტირებული აქვს და ალბათ, უბრალოდ ოთხეულშიც არა, ესეც მოგვეხსენება.

უშუალო კონკურენტს "ენფილდის" ბინადრებმა პირველ წრეში უხვგოლიან მატჩში მოუგეს და ზოგადად, 7-ეულის გუნდებთან "კლოპოს" ნაკლები პრობლემები აქვს. თუმცა "მეთოფეები" ცუდ ფორმაში არ არიან და არსენ ვენგერსაც კარგად ესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. ძალიან საინტერესოა როგორი შემადგენლობით ითამაშებს ფრანგი სპეციალისტი, ის ისევ პირველ ჩვენებას "მიაწვება" და ფორვარდის პოზიციაზე ალექსის სანჩესს დააყენებს, თუ მაგალითად, ოლივიე ჟირუს მისცემს ბოლოს და ბოლოს, შანსს.

კლოპის შემთხვევაში ყველაფერი, ალბათ, უფრო ადვილად პროგნოზირებადია, იგი მანე-ფირმინო-კოუტინიოს სამეულით შეუტევს. მათ უკან კი ლალანა და სხვანი იფუსფუსებენ. ყოველ შემთხვევაში, წესით, ასე უნდა იყოს. მთავარი საფიქრალი გერმანელის შემთხვევაში ის არის, რომ კოუტინიო არც ისე კარგ ფორმაშია და გუნდი მის ათამაშებას ელოდება.

ბრაზილიელი ფორმას რომ აკრეფს, მერე ალბათ თანამემამულე ფირმინოსაც აიყოლიებს და მანეც აღარ იქნება თავისთვის. ეს თამაში მერსისაიდელებს შესაძლოა, კარგად გამოადგეთ იმისთვის, რომ ფერზე მოვიდნენ. მით უმეტეს, გუნდი "ლესტერთან" ძალიან უფერული სანახავი გახლდათ და შემართების ნაკლებობა შეინიშნებოდა, ხოლო "ლივერპული" რის "ლივერპულია", ჟინი თუ არ დუღს და გადმოდუღს. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს კლოპის ბიჭებმა ჯერჯერობით, სულ 12 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ 2 მოიგეს (აქედან 1 თასზე). არადა, ახლა პრემიერლიგაში კონკურენცია ისეთი სერიოზულია, რომ თითოეულ ქულას უკვე მართლაც ოქროს ფასი აქვს.

სხვათა შორის, მერსისაიდელებს "ენფილდზე" "არსენალი" ორი მატჩია არ დაუმარცხებიათ - 3:3, 2:2. ერთი სიტყვით, ბოლო დროს ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები ბევრგოლიანი გამოდის და იმედია, ამჯერადაც ასე იქნება.

"არსენალს" სანტი კასორლა რომ არ ეყოლება, არახალია. ესპანელი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. მერსისაიდელები კი კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის დაბრუნებას ელიან.

ტურს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბორნმუთის" შეხვედრა ხსნის. "ალუბლები" აშკარა კრიზისში არიან, "წითელმა ეშმაკებმა" კი გვარიანად მოუმატეს და მოურინიოს, წესით, მოგება არ უნდა გაუჭირდეს. უცილობლად 3 ქულას ელის და გეგმავს ხოსეპ გვარდიოლაც, რომლის "სიტიც" აუტსაიდერ "სანდერლენდს" ეწვევა "ლაითზე".

ძალიან საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" მატჩიც. რონალდ კუმანის ბიჭებმა ბოლო დროს სიურპრიზების შემოთავაზება დაიწყეს და "კანფეტები" მართლაც აპირებენ ლიგის ზონისთვის გაბრძოლებას - მათ "უაით ჰართ ლეინზე", სულ ცოტა, არ უნდა წააგონ, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ძნელი იქნება.

ჰარი კეინისა და რომელუ ლუკაკუს "დერბისაც" ვნახავთ. ტკბილ ლუკმად კი ორშაბათს ლონდონური დერბი გვაქვს. ნერვიულობისგან ჭკუიდან გადასული სლავენ ბილიჩი მასავით ემოციურ ანტონიო კონტეს დაუხვდება. "ჩელსი" ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს და "ჩაქუჩები" ლიდერის გაჩერებას ეცდებიან.

შაბათი. 4 მარტი
მანჩესტერი-ბორნმუთი 16:30
ლესტერი-ჰალი 19:00
სტოკი-მიდლსბრო 19:00
სუონსი-ბარნლი 19:00
უოტფორდი-საუთჰემპტონი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 19:00
ლივერპული-არსენალი 21:30

კვირა. 5 მარტი
ტოტენჰემი-ევერტონი 17:30
სანდერლენდი-სიტი 20:00

ორშაბათი. 6 მარტი
ვესტ ჰემი-ჩელსი 23:59

ბომბარდირები:
17 - ალექსის სანჩესი (არსენალი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 16 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი); 12 - დელე ალი (ტოტენჰემი).

ლა ლიგა. XXVI ტური: ნაადრევად ნათქვამი?
ტური ხეირიანად არ დასრულებულა, რომ მორიგი იწყება - მათ შორის პაუზა 24 საათიც კი არ არის. რას იზამ, ასეთია გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი. ჯერ კიდევ ესპანეთში ყველა "რეალისა" და "ლას პალმასის" ფეერიულ მატჩზე ლაპარაკობს; განიხილავს ლუის ენრიკეს საჯარო განცხადებას სეზონის ბოლოს "ბარსელონადან" წასვლის შესახებ და უკვე მორიგი ტური კარზე მოგვადგა.

ქვეყნის ჩემპიონი და ახლა უკვე გათამაშების ლიდერი "ბარსელონა" კვლავ "კამპ ნოუზე" ითამაშებს, თუმცა, არა გვგონია, "სპორტინგთან" მიღწეული 6:1 განმეორდეს, "სელტა" გაცილებით სოლიდური გუნდია და გალისიელებს ასტურიელებზე მეტი ამბიცია ამოძრავებთ. ლუის ენრიკე უკანასკნელად გაიყვანს "ბარსას" "სელტას" წინააღმდეგ და მას არ ეყოლება დიდი ხნით დამტვრეული ალეიშ ვიდალი. აი, არდა თურანს კი აქვს თამაშის შანსი.

ლუის ენრიკემ გასახდელში ფეხბურთელებს განუცხადა, რომ სეზონის მერე დაისვენებს, რადგან ამ სამმა სეზონმა ერთობ გადაღალა, თუმცა გადაწყვეტილების წინასწარ გამოცხადების მიზეზი მაინც სულ სხვა გვგონია. ამით მწვრთნელი შეეცადა, "ბარსას" ირგვლივ ბოლო დღეებში გაძლიერებული დაძაბულობა შეერბილებინა და, ვფიქრობთ, მიზანსაც მიაღწია.

ახლა გუნდი მშვიდად ემზადება "სელტასთან" მატჩისთვის და სპეკულაციები, თუ ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს, სულ აღარ ადარდებს მას, ეს მუშაობაში ხელს ვეღარ შეუშლის. თუკი ჩემპიონთა ლიგაზე სცენარის შემობრუნების შანსი სასწაულის ტოლფასია, ჩემპიონატში "ვალენსიასა" და "ლას პალმასის" წყალობით (მათ "რეალს" 5 ქულა დააკარგვინეს), ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ახლა "ბარსა" უსწრებს "რეალს" ქულით (თუმცა "სამეფო კლუბს" ერთი თამაში, თანაც, "სელტასთან" რეზერვში რჩება).

"სპორტინგთან" მატჩის მეორე დღეს ლუის ენრიკემ სარეზერვო ფეხბურთელების დახმარებით ჩაატარა ვარჯიში, რადგან ვინც 90 წუთი მოედანზე იყო, მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს.

"სამეფო კლუბი" "ეიბარს" სტუმრობს, რომელიც ევროსაგზურებისთვის იბრძვის. ზინედინ ზიდანს ფაბიო კოენტრაო, დანილო და რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარებიან, დანარჩენები კი მწყობრში არიან. გავიხსენოთ ისიც, რომ "რეალმა" "სანტიაგო ბერნებეუზე" პირველ წრეში ვერ მოუგო "ეიბარს" - ფრან რიკომ (რომელიც ახლა ტრავმირებულია და "რეალთან" ვერ ითამაშებს) მე-6 წუთზე დააწინაურა სტუმრები, ხოლო მე-17 წუთზე გარეთ ბეილმა (რომელიც ასევე ვერ ითამაშებს, ოღონდ დისკვალიფიკაციის გამო) მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. არადა, იქამდე ბასკებს არათუ ქულა არ აურთმევიათ "რეალისთვის", გოლიც არ ჰქონდათ გატანილი.

"რეალის" ექსფეხბურთელი პედრო ლეონი ყოფილ თანაგუნდელებს ჰპირდება, რომ მათ იპურუაში იოლი გასეირნება არ ელით. "საუკეთესო უნდა გავიღოთ მოედანზე, რომ შევძლოთ "რეალის" დამარცხება. თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენას, დარწამუნებული ვარ, რომ მეტოქეს მოედანზე ბევრ პრობლემას შევუქმნით", - განაცხადა 30 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც არც ის დამალა, რომ თუ "რეალს" გოლს გაუტანს, ტრადიციას დაარღვევს და გოლს იზეიმებს.

ძალიან საინტერესო იქნება მატჩი "ვისენტე კალდერონზეც", სადაც დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" "ვალენსიას" მასპინძლობს. მესამეადგილოსანი "სევილია" ორშაბათს ესტუმრება ბასკურ "ალავესს".

პარასკევი. 3 მარტი
ბეტისი-სოსიედადი 23:45

შაბათი. 4 მარტი
ლეგანესი-გრანადა 16:00
ეიბარი-რეალი 19:15
ვილიარეალი-ესპანიოლი 21:30
ბარსელონა-სელტა 23:45

კვირა. 5 მარტი
სპორტინგი-დეპორტივო 15:00
ატლეტიკო-ვალენსია 19:15
ლას პალმასი-ოსასუნა 21:30
ბილბაო-მალაგა 23:45

ორშაბათი. 6 მარტი
ალავესი-სევილია 23:45

ბომბარდირები:
21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 19 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - იაგო ასპასი (სელტა).

ბუნდესლიგა. XXIII ტური: მოდესტე VS ბაიერნი
ბუნდესლიგის ლიდერი მიუნხენის "ბაიერნი" "კიოლნს" ესტუმრება, სადაც ბოლო ხანებში ფრანგი ფორვარდი ანტონი მოდესტე ბრწყინავს. "თხების" ხელმძღვანელობამ მოდესტე საოცნებო ფასადაც კი არ გაუშვა ჩინეთში სათამაშოდ. მოკლედ, ფრანგი გუნდის მთავარი ვარსკვლავია, თუმცა "ბაიერნს" ასეთი (და უფრო კაშკაშაც) გუნდში ბევრი ჰყავს და ფავორიტადაც ის მიიჩნევა.

სხვათა შორის, I წრეში სწორედ მოდესტეს წყალობით, "კიოლნმა" არ წააგო "ალიანც არენაზე", 63-ე წუთზე მან კიმიხის გოლს უპასუხა - 1:1. კარლო ანჩელოტის, ჟერომ ბოატენგს თუ არ ჩავთვლით, ყველა მწყობრში ჰყავს. ასე რომ, სკამზე შესაძლოა ისეთი ვარსკვლავები ვიხილოთ, როგორებიც რობენი, რიბერი, ტიაგო და ვიდალი არიან.

"ბაიერნის" მდევარი "ლაიპციგი" "აუგსბურგს" ესტუმრება. სტუმრებს კვლავ არ ეყოლებათ იუსუფ პოულსენი.

ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის "სიგნალ იდუნა პარკზე", სადაც "დორტმუნდი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს. სტუმრები მხოლოდ მე-8 ადგილზე არიან. არც თომას ტუხელის გუნდს აკმაყოფილებს მესამე ადგილი, თუმცა წინსვლა გუნდს გაუჭირდება, რადგან "ლაიპციგს" 8 ქულით ჩამორჩება.

სხვათა შორის, I წრეში "ლევერკუზენმა" მეჰმედისა და ჩიჩარიტოს გოლებით დაამარცხა "დორტმუნდი". "დორტმუნდს" სვენ ბენდერი, როდე და, რა თქმა უნდა, მარიო გიოტცე აკლია. სტუმრებს თა და დიდი ხნით დისკვალიფიცირებული ჩალჰანოღლუ ვერ დაეხმარებიან.

პარასკევი. 3 მარტი
აუგსბურგი-ლაიპციგი 23:30

შაბათი. 4 მარტი
დორტმუნდი-ლევერკუზენი 18:30
მაინცი-ვოლფსბურგი 18:30
კიოლნი-ბაიერნი 18:30
ვერდერი-დარმშტადტი 18:30
ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 18:30
გლადბახი-შალკე 21:30

კვირა. 5 მარტი
აინტრახტი-ფრაიბურგი 18:30
ჰამბურგი-ჰერტა 20:30

ბომბარდირები:
19 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 13 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

სერია A. XXVII ტური: თუ სკუდეტოსთვის ბრძოლის გაგრძელება სურს...
სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი გუნდები წარდგებიან და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. "ნაპოლის" მიზანი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვებაა, "რომას" კი უფრო მეტის იმედი აქვს და ჯერ კიდევ იბრძვის სკუდეტოსთვის.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მწვრთნელები ნაცად ტაქტიკებს დაეყრდნობიან და ექსპერიმენტებისგან თავს შეიკავებენ. ლუჩანო სპალეტი 3-4-2-1 სქემაზე შეაჩერებს არჩევანს - ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი ედინ ჯეკო იქნება, სიღრმიდან რაჯა ნაინგოლანი და მოჰამედ სალაჰი გაირჯებიან. ნახევარდაცვას პერესი, სტროტმანი, დე როსი და ემერსონი გაამაგრებენ, დაცვაში კი მანოლასს, ფასიოს და რიუდიგერს ვიხილავთ. რომაელებს ალესანდრო ფლორენცი აკლიათ, რომელიც ნახევარი წელია ლაზარეთშია და ერთი იმდენი კიდევ მოუწევს უქმობა.

მაურიციო სარი 4-3-3 სქემაზე შეაჩერებს არჩევანს, შეტევაში კი ხოსე კალეხონს, ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს გაამწესებს. შესაბამისად, თადარიგში დარჩებიან არკადიუშ მილიკი და ლეონარდო პავოლეტი, რაც ასე არ მოსწონს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს. "ნაპოლის" "ატალანტა" წამოეწია, იქვეა "ინტერი" და "მილანი" - შესაბამისად, სამხრეთელებს ქულები სჭირდებათ და რომში შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ.

მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "წინა ტურში "ატალანტასთან" მწარე მარცხი ვიწვნიეთ და გავირთულეთ სატურნირო ვითარება. რომში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და დაკარგული ავინაზღაუროთ. ხომ არ მოახდინა გუნდზე უარყოფითი გავლენა "რეალთან" და "იუვენტუსთან" განცდილმა მარცხებმა? - ჩვენ პროფესიონალები ვართ და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

მართალია, ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის თასზე დავმარცხდით, მაგრამ განმეორებითი მატჩები წინაა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე ფრონტზე გვაქვს. თუმცა, დღეს მხოლოდ "რომასთან" მოახლოებულ მატჩზე ვარ კონცენტრირებული".

ედინ ჯეკო (რომა): "სახიფათო მეტოქე გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. უნდა შევუტიოთ, მაგრამ დაცვაში ყურადღებით გვმართებს ყოფნა, რადგან "ნაპოლის" კალეხონის, ინსინიეს და მერტენსის სახით, ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეგვიძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა და ამისთვის "ნაპოლის" დამარცხებაა საჭირო".

შაბათი. 4 მარტი
რომა-ნაპოლი 18:00
სამპდორია-პესკარა 21:00
მილანი-კიევო 23:45

კვირა. 5 მარტი
ატალანტა-ფიორენტინა 15:30
ემპოლი-ჯენოა 18:00
კალიარი-ინტერი 18:00
უდინეზე-იუვენტუსი 18:00
ტორინო-პალერმო 18:00
კროტონე-სასუოლო 18:00
ბოლონია-ლაციო 23:45

ბომბარდირები:
19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა), ანდრეა ბელოტი (ტორინო); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი); 14 - ჩირო იმობილე (ლაციო), 12 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა).

ლიგა 1. XXVIII ტური: რას გადაწყვეტს ემერი?
"პარი სენ-ჟერმენი" საშინაო ასპარეზზე, ჯერჯერობით, ვერაფრით დაუბრუნდა ცხრილის კენწეროს. გუნდს იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც "ნიცას" და მეორე ადგილზეა, წინ კი "მონაკო" არის გაჭრილი და არც დანებებას აპირებს. ამ ტურში "მონაკო" "ნანტს" მასპინძლობს და აშკარა ფავორიტია.

უნაი ემერის გუნდი კი დღით ადრე "ნანსის" უმასპინძლებს. პსჟ-ს მხოლოდ ტიაგო მოტა აკლია, თუმცა არ გამოვრიცხოთ შემადგენლობაში ექსპერიმენტები. ოთხშაბათს ემერის გუნდი "კამპ ნოუზე" საპასუხო მერვედფინალურ მატჩს თამაშობს.

მართალია, 4:0 კომფორტული უპირატესობაა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა...

პარასკევი. 3 მარტი
ბორდო-ლიონი 23:45

შაბათი. 4 მარტი
პსჟ-ნანსი 20:00
მონპელიე-გენგამი 23:00
ბასტია-სტ. ეტიენი 23:00
დიჟონი-ნიცა 23:00
კაენი-ანჟერი 23:00
მეცი-რენი 23:00

კვირა. 5 მარტი
ლორიანი-მარსელი 18:00
ტულუზი-ლილი 20:00
მონაკო-ნანტი 23:59

ბომბარდირები:
26 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული