მოეშვით, მე მალე წავალ! - რა არ ვიცით ლუის ენრიკეს შესახებ

AutoSharing Option
სეზონის ბოლოს ლუის ენრიკეს სამწლიანი ხანა "ბარსელონაში" დასრულდება, 46 წლის მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინათ, ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ეს დრო კლუბის ისტორიაში წარმატებული იყო, ფანები, თითქოს, პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" ეპოქაში დაბრუნდნენ. მაშ, რა ვიცით მწვრთნელზე, რომელიც დიდ კლუბში "დაიღალა" და დასვენება მოუნდა...

გერმანელმა მსაჯმა დადო თერთმეტმეტრიანი. ასე მოიგო ლუის ენრიკემ პირველი ევროთასი თავის კარიერაში. "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა.

შესვენებამდე რვა წუთი რჩებოდა, როცა ლუის ენრიკემ ივან დე ლა პენიასგან მიიღო გადაცემა. მოხდენილად გააჩერა ბურთი და რონალდოს უპასა, ვინც ბრუნო ნგოტიმ
საჯარიმოში წააქცია. რონალდომ პენალტი გოლად აქცია და ეს საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის. მაისურა, რომლითაც ლუის ენრიკემ 1997 წლის თასების მფლობელთა თასი მოიგო, ისმაელ ფერნანდესს აჩუქა. მის არა პირველ მწვრთნელს, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს.

თავის დროზე 14 წლის ლუის ენრიკე ხიხონის "სპორტინგმა" დაიწუნა. ის მოკრძალებულ "ლა ბრანიაში" გადავიდა და მალე გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობის კაპიტანიც გახდა. ეს მწვრთნელი ლუის ენრიკეს სწორედ ამ გუნდში დახვდა.

მოგვიანებით ფერნანდესი იხსენებდა, რომ ლუის ენრიკე კაპიტნად შემთხვევით როდი აირჩია. ჯერ ერთი, ის არასოდეს აცდენდა ვარჯიშებს და მეორეც, ძალიან მოკრძალებული იყო. მას ეჭვი იმაშიც კი ეპარებოდა, შეძლებდა თუ არა თამაშს ესპანეთის მესამე ლიგაში. ლუის ენრიკე ფერნანდესს ყოველთვის ძალიან აფასებდა. მას შემდეგ, რაც 1992 წლის ოლიმპიადის ნახევარფინალში ესპანეთმა განა დაამარცხა, ენრიკემ პირადად დაპატიჟა ფინალზე იგი. მანამდე ერთი წლით ადრე კი "ლა ბრანიას" ფორმების 16 კომპლექტი უყიდა.

1988 წლის გაზაფხულზე ასტურიელმა სკაუტმა, ისიდორო სანჩესმა ლუის ენრიკე "ბარსელონაში" მიიყვანა გასინჯვაზე. აეროპორტში ფეხბურთელმა გაიგო, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი დაკარგა. იყო ნერვიულობა, ტრავმა და პირველი ექსპერიმენტი ჩავარა. ის ამჯერად დასჭირდა ხიხონის "სპორტინგს". პირველივე სეზონში ჩვენი გმირი დიდებული იყო. მან 17 გოლის გატანა მოახერხა.

"ბარსელონამ" ასი მილიონი პესეტი გადაუხადა "სპორტინგს" და ტალანტებით მდიდარ კლუბთან სპეციალური შეთანხმება გააფორმა. "ბარსელონას" შეეძლო ეყიდა ხიხონური კლუბის ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იოჰან კრუიფსა და მის ასისტენტს, კარლეს რექსაჩს მოეწონებოდათ. რაოდენ დიდი იყო "ბარსას" მწვრთნელების გაოცება, როცა "სპორტინგის" პრეზიდენტმა განუცხადა მათ, რომ თუ ლუის ენრიკეს ყიდვა უნდოდათ, კიდევ 250 მილიონი პესეტი უნდა გადაეხადათ. ხიხონელმა ჩინოსანმა ისიც დასძინა, უმჯობესია, ხუანელე იყიდოთ, ერთი წლით უმცროსია და, გატანას რაც შეეხება, გოლები მასაც ბლომად გააქვსო.

ხუანელეს ცხოვრება არ აეწყო. მან ცოტა ითამაშა ესპანეთის ნაკრებში, "სარაგოსასთან" ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი. მერე კი, კარიერას რომ მორჩა, დეპრესია დაეწყო და დააპატიმრეს კიდეც, გელფრენდზე ბეისბოლის ჯოხით თავდასხმისათვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იმ დროს, როცა "ბარსელონა" "სპორტინგთან" ვაჭრობდა ენრიკეს თაობაზე, მას უკვე შეთანხმებული ჰქონდა კონტრაქტი მადრიდის "რეალთან".

რას აკეთებდა ლუის ენრიკე რეალში?
ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ კრუიფის "ბარსელონამ" ჩემპიონთა თასი მოიგო. ლუის ენრიკემ კი "რეალში" ოთხი მწვრთნელი გამოიცვალა და ჩემპიონი გახდა მხოლოდ მეხუთესთან, ხორხე ვალდანოსთან ერთად. ვალდანოს მეორე სეზონში საქმეები ცუდად წავიდა. "რეალი" ფინანსურ კრიზისში ჩავარდა. ჩვენი გმირი კი დაცვის ფლანგზე გაამწესა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.

"ალბასეტესთან" შეხვედრაში ვალდანოს ენრიკე შემადგენლობაშიც კი არ დააყენა. ფეხბურთელმა ამას ვეღარ გაუძლო და პრესაში ღიად გამოთქვა უკმაყოფილება. ვალდანომ კი თქვა, რომ მას ლუის ენრიკე ჩემპიონთა თასის ბუდაპეშტური მატჩისათვის სჭირდებოდა. "ის მე არც ბუდაპეშტში მათამაშებს". - თქვა ლუის ენრიკემ. ამასობაში თამაშის წინ რედონდო დაშავდა, მაგრამ გაბრაზებულმა ვალდანომ ლუის ენრიკე შემადგენლობაში მაინც არ ჩასვა.

ვან გაალის რჩეული
"მე ის მომწონს, ბოღმა კი გულში არ ჩამიდევს." - თქვა ლუის ენრიკეზე კრუიფმა და გაზაფხულზე ერთხელაც დაუძახა "ბლაუგრანაში". მან იცოდა, რომ ლუის ენრიკეს კონტრაქტი "რეალთან" სრულდებოდა. და აი, 1996 წლის 21 მაისს, მადრიდის აეროპორტში, ენრიკემ ხელი მოაწერა საბუთებს, რომლებიც მას "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, გასპარმა გაუწოდა. პარადოქსია, რომ ამ ამბამდე სამი დღით ადრე "ბარსელონამ" კრუიფი დაითხოვა. მალევე ბობი რობსონი ლუის ვან გაალმა შეცვალა.

სხვათა შორის, რობსონის მწვრთნელობისას "ბარსელონას" სტივ მაკმანამანის ყიდვა უნდოდა. ლეგენდარულმა ინგლისელმა კი ხელმძღვანელობას მისწერა: "ლუის ენრიკე ერთი თავით მაღლა დგას მასზე." "იცით, პირველად როდის ვიფიქრე, რომ მწვრთნელი გავმხდარიყავი? მაშინ, როცა ბობი რობსონი ჭიქების მეშვეობით გვიხსნიდა ტაქტიკას." - მოიგონებს მოგვიანებით ლუის ენრიკე.

ლუის ვან გაალს ენრიკე ძალიან უყვარდა. სწორედ მის გამო დაეჯახა ჰოლანდიელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, რივალდოს, ვისაც ცენტრში უნდოდა თამაში. მას შემდეგ, რაც "ბარსა" ვან გაალმა დატოვა, ჩვენი გმირის კარიერა დაღმა დაეშვა და 34 წლის ასაკში ის ფეხბურთს შეეშვა.

მეუღლე ელენასთან და ორ შვილთან ერთად ის 6 თვით გადავიდა ავსტრალიაში, სადაც სერფინგს მისდევდა და ინგლისურს სწავლობდა. დაბრუნდა თუ არა ესპანეთში, მან ახალი მიზანი დაისახა - მოეგო მარათონი. ის მძლეოსნობის ინვენტარს ყიდულობდა, როცა შემთხვევით შეხვდა ამ სფეროში დასაქმებულ მწვრთნელს, ვიკტორ გონსალოს. "მინდა, მარათონი მოვიგო." - უთხრა ენრიკემ მას. "მაშინ, მთელი ცხოვრება ამას უნდა მიუძღვნა" - იყო პასუხი. ლუის ენრიკემ თქვა, რომ მზად იყო.

არ გასულა ერთი წელი და, 2005 წლის 6 ოქტომბერს ნიუ იორკის ცნობილ მარათონზე ენრიკე 1345-ე იყო. ის გამარჯვებულ კენიელს, პოლ ტერჰატს საათზე მეტით ჩამორჩა. მერე იყო ამსტერდამის მარათონი. ძლიერი ქარის მიუხედავად, ყოფილი ფეხბურთელი 428-ე ადგილზე გავიდა. ახლა ტრიატლონი ამოიჩემა. მან სპორტის ამ სახეობაში ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც კი იასპარეზა. ეს იყო და, ახლა საჰარის მარათონში ირბინა...

Sportall.Ge

ჟოზეს წყალობით
დაახლოებით ამ დროს "ბარსელონას" ხელმძღვანელები ჟოზე მოურინიოს შეხვდნენ. მაშინ პორტუგალიელი ფრანკ რაიკაარდის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებოდა. მოურინიომ მეორე მწვრთნელად ენრიკეს დანიშვნა მოითხოვა. მართალია, ლუისი ოთხი წლის განმავლობაში შორს იყო ფეხბურთისგან და დამოუკიდებლად თვით ბავშვებიც არ გაეწვრთნა, მაგრამ ჟოზე მისით აღტაცებული იყო, როცა ბობი რობსონსა და ლუის ვან გაალს ეხმარებოდა. მოუმ ურჩია ენრიკეს, სამწვრთნელო კურსებზე შესულიყო. ასეც მოხდა.

აიღო რა დიპლომი, ენრიკე "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში წავიდა სტაჟირებაზე. იქ მას რამდენიმე სპეციალისტი დახვდა. მათ შორის, თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი, ალექს გარსია.

საბოლოოდ, ჟოზე მოურინიო "ბარსელონაში" აღარ დაინიშნა, მაგრამ ადგილობრივებს მწვრთნელ ენრიკეზე კი შეახსენა. მის ხელში გაიარეს შესანიშნავმა ფეხბურთელებმა: ნოლიტომ, ტიაგო ალკანტარამ, მარტინ მონტოიამ, ორიოლ რომეუმ, მარკ ბარტრამ, სერხი რობერტომ... ზოგიერთი მათგანი მწვრთნელმა სულაც მესამე გუნდიდან დააწინაურა. სხვათა შორის, მას სამწვრთნელო შტაბში ჰყავდა ყოფილი მწვრთნელი... ტრიატლონში.

Sportall.Ge

რომა და სელტა
"ბარსელონას" მეორე გუნდში მუშაობის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკეს რომში დაუძახეს. ტრიატლონის მწვრთნელი "ბარსელონას" ახალგაზრდებთან დარჩა, მაგრამ მის გარეშეც ძალიან საინტერესო სამწვრთნელო შტაბი გამოვიდა. მაგალითად, იქ იყო ივან დე ლა პენია, ვინც ერთი თვის წინ დაასრულა კარიერა. კალათბურთელი ტონინ ლორენტე, ანალიტიკოსები და ფსიქოლოგები "ბარსელონადან". ყველაზე ბევრ კითხვას დე ლა პენიას პერსონა იწვევდა. ჯერ ერთი, ის "ლაციოს" ექსფეხბურთელი იყო. მეორეც, მისი ბიძა ლუის ენრიკეს ეხმარებოდა "რომასთან" მოლაპარაკებაში და მესამე, დე ლა პენიას სამწვრთნელო დიპლომიც კი არ ჰქონდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ დე ლა პენია სამშობლოში დაბრუნდა. ეს მან ქომაგების ზეწოლის გარდა კიდევ იმით ახსნა, რომ მისი ცოლი იტალიას ვერ შეეგუა. ენრიკემ იპოვა ახალი თანაშემწე, ანალიტიკოსად კი "მარკას" ჟურნალისტს უხმო. მალე კიდევ ერთი კონფლიქტი მომწიფდა. დანიელე დე როსიმ ხუთი წუთით დააგვიანა ტაქტიკურ მეცადინეობაზე. ის მეცადინეობიდან მოიკვეთა. "რომამ" 1:4 წააგო "ატალანტასთან", მინდვრიდან კი კასეტი და ოსვალდო გააძევეს. "ფიორენტინასთან" წაგების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა: "მოეშვით, მე მალე წავალ!". ლუის ენრიკეზე წიგნის ავტორი, ლუის ლაინსი წერს, რომ მწვრთნელის რომიდან აბარგების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მის ცოლსა და შვილებს რომის ქუჩებსა თუ სკოლებში ემუქრებოდნენ.

მერე იყო "სელტა". სიმპატიური გუნდი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა ის თითქმის სულ ასე თამაშობს, "ბარსელონაზე" კი აღარ დავწერთ - აქ ლუის ენრიკე ხელისგულზეა და მის შესახებ ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერია ცნობილი.

Sportall.Ge

დოსიე
ლუის ენრიკე მარტინეს გარსია
დაიბადა: 1970 წ. ხიხონი (ასტურია)
პოზიცია: ნახევარმცველი, ფორვარდი, უნივერსალი
საფეხბურთო კარიერა: 1988-91 - ხიხონის "სპორტინგი"; 1991-96 - რეალი; 1996-2004 - ბარსელონა - სულ 400 თამაში, 102 გოლი
ეროვნული ნაკრები: 62 თამაში, 12 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: 2008-11 - ბარსელონა B; 2011-12 - რომა; 2013-14 - სელტა; 2014-2017 - ბარსელონა
საფეხბურთო ტიტულები: ლა ლიგა (3), კოპა დელ რეი (3), ესპანეთის სუპერთასი (2), ევროპის თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი, ოლიმპიური ჩემპიონი.
სამწვრთნელო ტიტულები: ლა ლიგა (2), კოპა დელ რეი (2), ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი
ინდივიდუალური ტიტულები: ევროპული მედიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული