ევროუქმეების წინ: სანამ მუნდიალი დააპაუზებს...

AutoSharing Option
მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): ლაციო - 4.
* გამარჯვებები (ევროპაში): შახტარი - 10, პორტუ - 9.

* დაუმარცხებელი (ტოპ-5): მანჩესტერი - 17, ბაიერნი - 13.
* დაუმარცხებელი (ევროპა): სელტიკი - 28, კოპენჰაგენი - 25.

* ფრეები (ტოპ-5): -
* ფრეები (ევროპა): დნიპრო, ესკიშეჰირი, სლოვაცკო - 4.

* მოუგებელი (ტოპ-5): ოსასუნა - 19, ბასტია - 11.
* მოუგებელი (ევროპა): ოსასუნა
- 19, ლოზანა - 14.


* წაგებები (ტოპ-5): აინტრახტი, ემპოლი, ლორიანი - 5.
* წაგებები (ევროპა): ვერია - 8, რიდი - 7.

ამ უქმეების შემდეგ ევროპა მუნდიალს გაიხსენებს და ეროვნული ნაკრებები 2018 წლის ფინალური ეტაპის საგზურებისთვის ბრძოლას განაახლებენ. მაგრამ სანამ სანაკრებო ბატალიებზე გადავალთ, დიდებული საკლუბო დაპირისპირებები გველის...

პრემიერლიგა:
შეგირდმა მასწავლებლამდე ვერ მიაღწია
პრემიერლიგის 29-ე ტურს მთავარი მატჩი აგვირგვინებს - "ეტიჰადზე" სათამაშოდ იურგენ კლოპის "ლივერპული" ჩავა.

იმ მომენტისთვის გუნდებს უშუალო კონკურენტების შედეგები ეცოდინებათ და ფეხბურთელებზე ორმაგი ზეწოლა იქნება. "ქალაქელებსა" და მერსისაიდელებს შორის მხოლოდ ქულაა სხვაობა ხოსეპ გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ, მაგრამ პეპს ერთი თამაში თადარიგშიც აქვს. მოკლედ, მანჩესტერში მორიგ დიდ ომს ველოდებით.

ის, რომ "ლივერპულს" შვიდეულის გუნდებთან ამ სეზონში არ წაუგია, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ და აი, ახლა ზედიზედ ექნება ორი მძიმე თამაში - "სიტისთან" და შემდეგ ტურში "ენფილდზე" მორიგი დერბი "ევერტონთან".

"კლოპოს" გუნდისკენაა სხვა ტიპის სტატისტიკაც, არა მხოლოდ ამ სეზონში კარგი თამაში ძლიერ გუნდებთან, არამედ წინა წლების საგრძნობლად დადებითი ბალანსი "ქალაქელებთან" და თანაქალაქელთანაც. დანარჩენი 8 მატჩი "ლივერპულს" შვიდეულს მიღმა მყოფ გუნდებთან რჩება და წესით, ეს სასიხარულო ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ენფილდელთათვის, ვინ იცის, პირიქითაა.

პრემიერლიგაში ამ კლუბების უკანასკნელ 7 შეხვედრაში ფრე არ ყოფილა - 5-ჯერ მერსისაიდელებმა იმარჯვეს, 2-ჯერ კი - მანჩესტერელებმა. "ლივერპულს" ზედიზედ 4-ჯერ ჰყავს "სიტი" დამარცხებული. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ენფილდური მატჩის ბედი ჟორჟინიო ვეინალდუმის სწრაფმა გოლმა გადაწყვიტა.

წინა სეზონში კი "ლივერპულის" სტუმრობა "ეტიჰადზე" კლოპის ტრიუმფით, 1:4 - დასრულდა. ბარემ ვთქვათ ისიც, რომ ყველა ტურნირზე ბოლო 10 შეხვედრაში "ლივერპულს" ერთადერთი ფრე აქვს, ხოლო "სიტი" უკანასკნელ 11 თამაშში მხოლოდ 2-ჯერ დაუზავდა მეტოქეებს.

ტრავმირებულებს რაც შეეხება, მერსისაიდელთა ბანაკში ექიმებს ეიმედებათ, რომ რობერტო ფირმინოსა და ჯორდან ჰენდერსონს მატჩისთვის მწყობრში ჩააყენებენ. ბრაზილიელის დაზიანება სერიოზული არ ჩანს, ხოლო კაპიტანს ლაზარეთში ყოფნა ისედაც გაუგრძელდა და, წესით, უნდა დაბრუნდეს. დანარჩენი დაშავებულების ამბავი არახალია.

ძველი ამბებია გვარდიოლას თავსაც - გაბრიელ ჟესუსისა და ილქაი გიუნდოგანის მძიმე ტრავმების შესახებ იცით. ვენსან კომპანისთვის უთამაშებლობა უკვე ბუნებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ბელგიელი შესაძლოა, ამ მატჩისთვის მზად იყოს.

"სიტი" ამ პრინციპულ და მნიშვნელოვან დაპირისპირებას ძალიან ცუდ ხასიათზე ხვდება, რადგან "ლუი მეორეზე" "მონაკოსთან" დუელს თავი ვერ გაართვა, შინ მოგებული 5:3-ის მიუხედავად.

ლიდერი "ჩელსი" თავის მატჩს "ბრიტანიაზე" გამართავს. "ლურჯებს" "სტოკთან" ბოლო 4 თამაშიდან 3-ში არ მოუგიათ, აქედან 2 შეხვედრა საგარეო იყო. ადვილი არც ეს თამაში უნდა გამოვიდეს, მაგრამ ანტონიო კონტე და მისი მიმდევრები ხასიათს არ უჩივიან ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების მერე. მარკ ჰიუზის "სტოკი" კი ძალიან არასტაბილურია.

ნახსენები "იუნაიტედი" "რივერსაიდზე" "მიდლსბროს" სტუმრობს და ისევ დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე იქნება.

ქულები ორივე გუნდს ძალიან სჭირდება. ეს უნდა ყოფილიყო მოსწავლისა და მასწავლებლის დუელი - შეგახსენებთ, რომ აიტორ კარანკა ჟოზე მოურინიოს ასისტენტად მუშაობდა - მაგრამ გუშინ ბასკი სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი თანაშემწე სტივ ეგნიუ გაიყვანს გუნდს "იუნაიტედის" წინააღმდეგ. ისე კი, "მიდლსბროს" თავკაცის პოსტზე გუუს ჰიდინკისთვის
მშვენიერი მატჩი უნდა გამოვიდეს "უაით ჰართ ლეინზეც", სადაც "ტოტენჰემი" "საუთჰემპტონს" დაუხვდება.

ბოლო დროს ორივე გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. სხვაობა ისაა, რომ სატურნირო თვალსაზრისით, მაურისიო პოჩეტინოს ამჟამინდელ გუნდს ქულები გაცილებით უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ყოფილს. საინტერესოა, ისევ გაიტანს თუ არა მანოლო გაბიადინი - იტალიელ ფორვარდს "წმინდანებში" გადასვლის მერე 4 მატჩში 6 გოლი უგროვდება.

ორის სიტყვა "სანდერლენდისა" და "ბარნლის" თამაშზეც უნდა ვთქვათ. "შავი კატები" "ლაითზე" ჩემპიონატის სტუმრად ყველაზე სუსტად მოთამაშე გუნდს მასპინძლობენ და თუ ეს შეხვედრაც ვერ მოიგეს, ალბათ, უკვე შეგვეძლება "სანდერლენდსა" და დევიდ მოიესს ხელი დავუქნიოთ, რის მერეც შეიძლება მოიესს ცალკე "სანდერლენდმაც" დაუქნიოს ხელი...

Sportall.Ge

ლა ლიგა:
ძალზე საინტერესო ტური
ლა ლიგაში ძალზე საინტერესო ტური გველის. ტურის ცენტრალური მატჩი ახალ "სან მამესზე" გაიმართება, სადაც "ბილბაო" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

"ბარსელონა" იმედიანადაა, რომ "სამეფო კლუბი" ბასკთა ქვეყანაში ქულებს დაკარგავს, თავად კი "კამპ ნოუზე" "ვალენსიას" დაამარცხებს. "ატლეტიკოს" ლამის ბოლო შანსი აქვს, რომ "სევილიას" მესამე ადგილისთვის ბრძოლა გაუმართოს, თუკი დიეგო სიმეონეს გუნდი "სევილიას" უშუალო დუელში დაამარცხებს, რატომაც არა... ტურში საინტერესო დაპირისპირებები ამით არ ამოიწურება, "რიასორზე" გალისიური დერბია, სადაც ევროპალიგიდან და რუსეთიდან ტრიუმფით მობრუნებული "სელტა" წინა ტურში "ბარსას" სენსაციურად დამმარცხებელ "დეპორტივოს" სტუმრობს.

"სამეფო კლუბს" ბასკეთში არ ეყოლება პეპე. მართალია, პორტუგალიელი ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ ჯერ თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, რომ "ბილბაოს" წინააღმდეგ თამაში შეძლოს. როგორც იცით, არც რაფაელ ვარანია ჯანზე. ასე რომ, სერხიო რამოსს ისევ ნაჩო გაუწევს პარტნიორობას დაცვის ცენტრში.

"ბილბაომ" საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს, რომ რაიმე შანსი ჰქონდეს "რეალის" წინააღმდეგ. "სამეფო კლუბი" დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და თან, 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია არ დავკარგოთ", - განაცხადა მატჩის წინ "ბილბაოს" 36 წლის შემტევმა არიც ადურისმა. "მოგებული ტიტულები ყველას მალე ავიწყდება, საჭიროა ახალი გამარჯვებები", - საქმიანია მედიასთან საუბარში ზინედინ ზიდანი.

"ბარსელონას" ბანაკში მთავარი სიახლე ისაა, რომ ნეიმარმა ისევ განაახლა ვარჯიში და "ვალენსიას" წინააღმდეგ ბრაზილიელი, დიდი ალბათობით, შეძლებს თამაშს. ექსბარსელონელი რონალდინიო ამბობს, რომ მხოლოდ დროის ამბავია, როდის დაიწყებს ნეიმარი "ოქროს ბურთების" დაგროვებას.

მართლაც, ბრაზილიელის არყოფნა ლუის ენრიკეს კრებულს "რიასორზე" ძალზე დაეტყო. ბუნებრივია, სატრანსფერო მითქმა-მოთქმასთან ერთად, განხილვის მთავარი თემა "ბარსას" სავარაუდო თავკაცის ვინაობაა. ესპანური მედია ბოლო დროს შეთანხმდა, რომ "ბარსას" ხორხე სამპაოლის არ ჩააბარებენ, არადა, აქამდე "სევილიას" არგენტინელი თავკაცი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა.

ბუნდესლიგა:
დაიძაბება მეორე ადგილისთვის ბრძოლა?
მიუნხენის "ბაიერნი" ევროპალიგაზე დაღლილ "გლადბახს" სტუმრობს. ბუნებრივია, გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბების დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელიან. კარლო ანჩელოტის ტრავმირებული თითქმის არავინ ჰყავს, მხოლოდ არტურო ვიდალი დააკლდება გუნდს, ისიც, დისკვალიფიკაციის გამო (5 გაფრთხილება დაუგროვდა).

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" რეალურად მდევარი აღარც ჰყავს - დებიუტანტ "ლაიპციგს" ასეთად ვეღარ ჩავთვლით, რადგან ეს გუნდი "რეკორდმაისტერს" უკვე 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო "დორტმუნდი" "ბაიერნს" კიდევ უფრო მეტით, 16 ქულით ჩამორჩება.

თომას ტუხელის გუნდი ცალი ფეხით დაქვეითებულ "ინგოლშტადტს" მასპინძლობს, ხოლო ბრემენში "ვერდერთან" გასვლა ელის. ვფიქრობთ, თუ "ლაიპციგს" ფეხი დაუცდება, "დორტმუნდი" შეძლებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩართვას. საინტერესო წყვილია "ჰოფენჰაიმსა" და "ლევერკუზენს" შორისაც.

Sportall.Ge

სერია A:
ბელოტი VS იკარდი
სერია A-ს 29-ე ტურში გრანდთა ჭიდილს ვერ ვიხილავთ, თუმცა რამდენიმე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება. შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ინტერი" "ტორინოს" ესტუმრება, გუნდს, რომელსაც ჩავარდნა აქვს, თუმცა ერთი კონკრეტული მატჩის ჩატარება უმაღლეს დონეზე შეუძლია და თანაც, საკუთარ კედლებში. "ინტერი" ტურინში ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის - არც ტრავმირებული ჰყავს ვინმე და არც დისკვალიფიცირებული.

შეტევაში მაურო იკარდის ვიხილავთ, სიღრმიდან კი მას ანტონიო კანდრევა, ევერ ბანეგა და ივან პერიშიჩი დაეხმარებიან. "ატალანტასთან" შეხვედრაში იკარდიმ და ბანეგამ ჰეთ-თრიკები შეასრულეს და საინტერესოა, ამჯერად როგორ წარმოაჩენენ თავს. "ტორინოს" ანდრეა ბელოტი ჰყავს შეტევაში, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

"ატალანტას" განადგურების შემდეგ "ინტერის" მწვრთნელი და ფეხბურთელები ამბიციურ განცხადებებს აკეთებენ - იკარდის თქმით, სტეფანო პიოლის თავკაცობით, "ინტერს" ურთულესი მიზნების მიღწევა შეუძლია და მათ შორის, სეზონის ჩემპიონთა ლიგის ზონაში დასრულება. მიზანი მართლაც ნათელია, მაგრამ რთული და ამ მძიმე გზაზე მილანელებს ტურინში გამარჯვება მართებთ.

"იუვენტუსი" "სამპდორიას" სტუმრობს, რომელმაც წინა ტურში გენუურ დერბიში გაიმარჯვა და ჩემპიონატის ლიდერს ამაღლებული განწყობით დახვდება. მართალია, ტურინელებს მდევრებთან სოლიდური ფორა აქვთ, მაგრამ მათი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, რაზეც მასიმილიანო ალეგრის სიტყვები მოწმობს:

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერი გავლილია და გარკვეული დროით, ისევ სერია A-ზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება. გენუაში მოგება ადვილი არასდროს ყოფილა და დიდ ბრძოლას ველოდებით. თუ ჩავთვლით, რომ სკუდეტო უკვე ჩვენია, აუცილებლად დავისჯებით. თითოეულ შეხვედრაში ისე უნდა ვიბრძოდეთ, თითქოს, ამ მატჩზე ჩემპიონატის ბედი იყოს დამოკიდებული".

ალეგრის განკარგულებაში ყველა წამყვანი ფეხბურთელია და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "იუვენტუსის" მწვრთნელი არ აპირებს მათ დასვენებას და ექსპერიმენტების ჩატარებას - შეტევის წინა ხაზზე გონსალო იგუაინი იმოქმედებს, ფლანგებიდან, ტრადიციულად, ხუან კუადრადო და მარიო მანჯუკიჩი, სიღრმიდან კი პაულო დიბალა შეუტევს. ფავორიტი "იუვენტუსია", მაგრამ "სამპდორია" საკუთარ კედლებში საშიში გუნდია და წესით, აქაც საინტერესო მატჩი უნდა გაჩაღდეს...

Sportall.Ge

ლიგა 1:
სუპერმატჩი
ტურს მისი მშვენება დაასრულებს - "პარკ დე პრენსზე" პსჟ "ლიონს" მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ "ლიონი" ევროპალიგის გამო გადაღლილი იქნება, ხოლო პარიზული კლუბი "კამპ ნოუს" ტრაგედიის მერე მინორულ განწყობაზეა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს 15 ქულა აშორებთ, ამ ორი კლუბის დაპირისპირება მუდამ მნიშვნელოვანია ფრანგული ფეხბურთის ფანებისთვის.

პარიზელებს ტრავმების გამო ლუკას მოურა, ბლეზ მატუიდი და ტიაგო მოტა დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს - რაფაელი.

Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIX ტური
შაბათი. 18 მარტი
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 16:30
კრ. პალასი-უოტფორდი 19:00
ევერტონი-ჰალი 19:00
სტოკი-ჩელსი 19:00
სანდერლენდი-ბარნლი 19:00
ვესტ ჰემი-ლესტერი 19:00
ბორნმუთი-სუონსი 21:30

კვირა. 19 მარტი
მიდლსბრო-მანჩესტერი 16:00
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 18:15
სიტი-ლივერპული 20:30

ბომბარდირები: 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - ალექსის სანჩესი (არსენალი), დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVIII ტური
პარასკევი. 17 მარტი
ლას პალმასი-ვილიარეალი 23:45

შაბათი. 18 მარტი
ეიბარი-ესპანიოლი 16:00
ბილბაო-რეალი 19:15
ალავესი-რეალ სოსიედადი 21:30
ბეტისი-ოსასუნა 23:45

კვირა. 19 მარტი
ლეგანესი-მალაგა 15:00
ატლეტიკო-სევილია 19:15
სპორტინგი-გრანადა 21:30
დეპორტივო-სელტა 21:30
ბარსელონა-ვალენსია 23:45

ბომბარდირები: 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - იაგო ასპასი (სელტა); 13 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური
პარასკევი. 17 მარტი
დორტმუნდი-ინგოლშტადტი 23:30

შაბათი. 18 მარტი
ვოლფსბურგი-დარმშტადტი 18:30
კიოლნი-ჰერტა 18:30
აუგსბურგი-ფრაიბურგი 18:30
ვერდერი-ლაიპციგი 18:30
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 18:30
აინტრახტი-ჰამბურგი 21:30

კვირა. 19 მარტი
მაინცი-შალკე 18:30
გლადბახი-ბაიერნი 20:30

ბომბარდირები: 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 21 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXIX ტური
შაბათი. 18 მარტი
ტორინო-ინტერი 21:00
მილანი-ჯენოა 23:45

კვირა. 19 მარტი
ემპოლი-ნაპოლი 15:30
ბოლონია-კიევო 18:00
კროტონე-ფიორენტინა 18:00
სამპდორია-იუვენტუსი 18:00
კალიარი-ლაციო 18:00
ატალანტა-პესკარა 18:00
უდინეზე-პალერმო 21:00
რომა-სასუოლო 23:45

ბომბარდირები: 22 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), ედინ ჯეკო (რომა); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 17 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXX ტური
პარასკევი. 17 მარტი
მეცი-ბასტია 22:00
ლილი-მარსელი 23:45

შაბათი. 18 მარტი
ნანტი-ნიცა 20:00
ნანსი-ლორიანი 23:00
ბორდო-მონპელიე 23:00
ტულუზი-რენი 23:00
ანჟერი-გენგამი 23:00

კვირა. 19 მარტი
კაენი-მონაკო 18:00
დიჟონი-სტ. ეტიენი 20:00
პსჟ-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული