გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]

AutoSharing Option
* გერმანიის ნაკრებიდან საზეიმოდ გააცილეს ლუკას პოდოლსკი, რომელმაც მისთვის 130-ე და უკანასკნელ სანაკრებო მატჩში 49-ე გოლი გაიტანა.
* ლუკას პოდოლსკის პირველ და ბოლო გოლებს შორის ეროვნულ ნაკრებში 4 474 დღე გავიდა.
* გერმანიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა "ლაიპციგის" ლიდერ ტიმო ვერნერს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
* 648 წუთია, რაც გერმანიის ნაკრებს საერთაშორისო მატჩში გოლი არ გაუშვია.
* გერმანიასთან ბოლო 8 დაპირისპირებაა, რაც ინგლისი ვერ ახერხებს კარის მშრალად შენახვას.
* ინგლისის ნაკრებმა ბოლო 17 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ მეორე წააგო.

31 წლის ლუკას
პოდოლსკის გაცილების მატჩი ბუნდესნაკრებიდან მის ბენეფისად იქცა, დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანიის ნაკრებმა ინგლისი სწორედ მისი გოლის წყალობით დაამარცხა და ბოლო დროს ჩამოყალიბებულ უსიამოვნო ტრადიციას ბოლო მოუღო.

სიმართლე ითქვას, რომ ამ თამაშზე თუ რამე არის მოსაყოლი, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ლუკას პოდოლსკის უკავშირდება, თამაშამდე მას მცირე გაცილების ცერემონიალი მოუწყვეს, სიტყვით თავად ლუკასიც გამოვიდა და 60 ათასზე მეტი ადამიანის ოვაციაც დაიმსახურა, ეს ოვაცია მატჩის მიწურულსაც გამეორდა, როცა იგი რუდიმ შეცვალა და ვეტერანს სტადიონი ფეხზე წამოუდგა. ის შეხვედრას გმირის სტატუსით ტოვებდა, რადგან გერმანიამ მისი შესანიშნავი შორეული დარტყმის წყალობით მოიგო - 1:0.

რაც შეეხება თამაშს, მართლაც ბევრი სალაპარაკო არაფერია - პირველ ტაიმში გარეთ საუთგეიტის ინგლისი უკეთესი იყო, რომელიც პრესინგის წყალობით მასპინძლებს არაფერს აბედვინებდა, მეორეში კი იოახიმ ლიოვის გუნდმა იყოჩაღა, მაგრამ იმდენადაც არა, რომ რამე ღირებული შეექმნა... პოდოლსკის გოლამდე.

ინგლისელთა მხრიდან ერთ მწვავე მომენტს გამოვყოფთ - პირველ ტაიმში ადამ ლალანას ძალიან ცოტა დააკლდა გოლამდე, მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ეს იყო მატჩის ყველაზე სახიფათო ეპიზოდი.

მატჩის შემდეგ გარი ლინეკერმა ცნობილი ფრაზა ასე გადააკეთა: "ფეხბურთი მარტივი თამაშია, 90 წუთის განმავლობაში 22 კაცი დასდევს ბურთს და ბოლოს გერმანია იგებს პოდოლსკის გოლით".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია-ინგლისი 1:0
გოლი: 1:0 პოდოლსკი (69)
გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - კიმიხი, რიუდიგერი, ჰუმელსი, ჰექტორი - ვაიგლი (66. ჩანი), კროოსი - სანე, პოდოლსკი (84. რუდი), ბრანდტი (59. შიურლე) - ვერნერი (77. მიულერი).
ინგლისი (3-4-2-1): ჰარტი - კინი, კეჰილი, სმოლინგი (90+3. სტოუნზი) - უოკერი, ლივერმორი (83. უარდ-პროუსი), ე. დაიერი, ბერტრანდი (83. შოუ) - ალი (71. ლინგარდი), ლალანა (66. რედმონდი) - ვარდი (70. რაშფორდი).
მაყურებელი: 65 829 (დორტმუნდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკას პოდოლსკიიიი.....
argo
02:41 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული