შუა კვირის მატჩების წინ: ევროპა არ ჩერდება

AutoSharing Option
შუა კვირაში ინგლისსა და ესპანეთში ჩემპიონატის თამაშებია, ხოლო გერმანიასა და საფრანგეთში სათასო ბატალიები გველის. მხოლოდ იტალიაში ისვენებენ ელიტური დივიზიონის კლუბები...

თუკი ესპანეთში უბრალოდ, მორიგი ტურია, რომელიც სამ დღეზეა გაწერილი (სამშაბათი-ხუთშაბათი), ცოტა, რთული ვითარებაა ინგლისში - მორიგი, 34-ე ტურის მხოლოდ ის მატჩია, რომელიც დღეს გაიმართება - ჩემპიონატის ლიდერი "ჩელსი" "საუთჰემპტონს" მასპინძლობს.

დანარჩენი კი გამოტოვებული დაპირისპირებებია - ოთხშაბათის სამი მატჩი 28-ე ტურიდან, ხუთშაბათის ერთი ჯახი კი 26-დან, თანაც, რა ჯახი! - "ეტიჰადზე" მანჩესტერული დერბია, პეპ გვარდიოლას "სიტი" ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედს" მასპინძლობს.

ხუთშაბათს
მანჩესტერული დერბი ბოლოს 1994 წელს ვიხილეთ, მაშინ ანდრეი კანჩელსკისის ჰეთ თრიკით "იუნაიტედმა" "სიტის" შანსი არ დაუტოვა - 5:0. ჟოზე მოურინიოს ინგლისური კარიერა "სიტის" წინააღმდეგ დიდებულად იწყებოდა - მან 2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში 6 პრემიერლიგური მატჩი მოუგო ზედიზედს "ქალაქელებს", მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ახლა ზედიზედ 4 დაპირისპირებაა, რაც ჟოზე "სიტის" ვერ უგებს.

პორტუგალიელი ხოსეპ გვარდიოლასთან უშუალო დაპირისპირებაშიც მოიკოჭლებს - 18 დაპირისპირებიდან მხოლოდ 4 მოიგო, 8 გამარჯვება კი პეპს დარჩა. ამას თავი რომ გავანებოთ, "იუნაიტედი" ახლა ერთი დიდი ლაზარეთია (სმოლინგი, ჯონსი, მატა, როხო, იბრაჰიმოვიჩი, ვალენსია), მაშინ, როცა "სიტის" დიდი ალბათობით, სერხიო აგუეროც კი შეიძლება დაუბრუნდეს, რომელიც ასოციაციის თასის ნახევარფინალში დაშავდა ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ თამაშში.

ბუნებრივია, ინტერესმოკლებული არ არის დღევანდელი შეხვედრა ლიდერ "ჩელსისა" და "საუთჰემპტონს" შორის. ედენ აზარი და დიეგო კოშტა, სათასო დაპირისპირებისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. "ტოტენჰემთან" მატჩში კი ისინი 62-ე წუთზე ჩართო ანტონიო კონტემ თამაშში, ხოლო ბელგიელის გოლი საბოლოოდ, ფინალის საგზურის მომტანი გამოდგა.

"თუ ასოციაციის თასს მოვიგებ, ეს ბონუსი იქნება, ისე კი, მე აქ პრემიერლიგის მოსაგებად ჩამოვედი", - ამაყად აცხადებს "ჩელსის" იტალიელი თავკაცი.

* * *
ესპანეთში ყველა ისევ კლასიკოზე ლაპარაკობს. ლიონელ მესიმ ამ მატჩში 1-2 კბილი კი დაკარგა, მაგრამ დუბლი მიითვალა და "ბარსა" საჩემპიონო ბრძოლაში დააბრუნა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონატის უსუსტეს გუნდს, პამპლონის "ოსასუნას" მასპინძლობს და ძნელი საფიქრალია, რომ ქულებს დაკარგავს. სხვათა შორის, ნავარელებს, თითქოს, პრობლემები აკლდათ, სპეციალურად ამ თამაშისთვის ფორმის ახალი დიზაინის დამზადება მოუწიათ, რადგან ამ კლუბის, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფორმები სატელევიზიო რეპორტაჟში ცუდად გამოჩნდება "ბარსას" ტრადიციულ ფერებთან.

გაცილებით მძიმე მატჩი ელის ზინედინ ზიდანის "რეალს". კლასიკოზე 2:3 დამარცხებული "სამეფო კლუბი" გალისიაში მიემგზავრება, სადაც "დეპორტივოს" შეხვდება, გუნდს, რომელიც რეალურად გადარჩენისთვის იბრძვის. "რეალის" ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ სერხიო რამოსის მიერ მიღებული წითელი ბარათი გააუქმებინოს ფეხბურთის ფედერაციამ.

ამ ეპიზოდს 25 აპრილს განიხილავენ. ასე რომ, ახლა ვერ გეტყვით, იქნება თუ არა "რიასორზე" სერხიო რამოსი. "სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ რამოსმა მესის წინააღმდეგ კი იუხეშა, მაგრამ პირდაპირ წითელ ბარათს არ იმსახურებდა.

სხვა მოსაზრებისაა ჟერარდ პიკე, რომელიც ძალიან გადაეკიდა "რეალსა" და მის ფეხბურთელებს: "ეს რა თქმა უნდა, წითელი ბარათი იყო. უბრალოდ, "რეალი" სხვანაირ მსაჯობას არის მიჩვეული", - თქვა პიკემ.

* * *
ამ ორ დღეში გავიგებთ გერმანიის თასის ფინალისტთა ვინაობას. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ თომას ტუხელს ტიტულის მოპოვების ერთადერთი შანსი შერჩა ამ სეზონში და ეს ქვეყნის თასია, თუმცა აქ "დორტმუნდს" ურთულესი დაპირისპირება ელის მიუნხენის "ბაიერნთან". გერმანულ კლასიკას არც ერთი გუნდი არ ხვდება შესაფერის განწყობაზე - ლიგას ორივე გამოაკლდა, "ბაიერნმა" ჩემპიონატშიც აურია, თუმცა მაინც დამაჯერებლად ლიდერობს.

"ალიანც არენაც" დიდი უპირატესობაა კარლო ანჩელოტის გუნდისთვის. მიუნხენელებს არ ეყოლებათ მანუელ ნოიერი, გუნდის პირველი გოლკიპერი სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. სხვა მხრივ, ყველა ვარსკვლავი ჯანზეა. "დორტმუნდის" დანაკარგი გაცილებით დიდია - გიოტცე, ბარტრა, შაჰინი და შიურლე ნამდვილად ვერ ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ულრაიხი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო - რობენი, ტიაგო ალკანტარა, ვიდალი, რიბერი - ლევანდოვსკი.
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ს. ბენდერი - დურმი, კასტრო, ვაიგლი, გერეირო - დემბელე, როისი - ობამეიანგი.

მეორე წყვილი "გლადბახსა" და "აინტრახტს" შორის აშკარად ჩამორჩება სიძლიერითა და ინტერესით გერმანულ კლასიკას.

* * *
საფრანგეთშიც, გერმანიის ანალოგიურად, ორი "არათანაბარი" ნახევარფინალია - აბა, სად "ანჟერისა" და "გენგამის" დაპირისპირება და სად პსჟ-სა და "მონაკოს" მართლაც სუპერჯახი.

"ლიგის თასის ფინალში ჩვენ 100%-ით კონცენტრირებულნი ვიყავით. ბრწყინვალედ ვითამაშეთ და 4:1-იც დამსახურებულად მოვიგეთ. "მონაკოს" წინააღმდეგ მხოლოდ ასეთი განწყობითა და შემართებითაა საჭირო თამაში, სხვანაირად მასთან წარმატებას ვერ მიაღწევ. მოკლედ, ისევ 100%-ით უნდა დავიხარჯოთ და, ახლა უკვე საკუთარი ფანების მხარდაჭერით, კიდევ ერთ ფინალში გავიდეთ", - განაცხადა პარიზელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა ანხელ დი მარიამ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIV ტური
სამშაბათი. 25 აპრილი
სპორტინგი-ესპანიოლი 21:30
გრანადა-მალაგა 22:30
ატლეტიკო-ვილიარეალი 23:30

ოთხშაბათი. 26 აპრილი
ბარსელონა-ოსასუნა 21:30
ლეგანესი-ლას პალმასი 22:30
ვალენსია-სოსიედადი 22:30
დეპორტივო-რეალი 23:30

ხუთშაბათი. 27 აპრილი
ალავესი-ეიბარი 21:30
სევილია-სელტა 22:30
ბილბაო-ბეტისი 23:30

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIV ტური
სამშაბათი. 25 აპრილი
ჩელსი-საუთჰემპტონი 22:45

XXVIII ტური
ოთხშაბათი. 26 აპრილი
არსენალი-ლესტერი 22:45
მიდლსბრო-სანდერლენდი 22:45
კრ. პალასი-ტოტენჰემი 23:00

XXVI ტური
ხუთშაბათი. 27 აპრილი
სიტი-მანჩესტერი 23:00

გერმანია. თასი. 1/2-ფინალი
სამშაბათი. 25 აპრილი
გლადბახი-აინტრახტი 22:45

ოთხშაბათი. 26 აპრილი
ბაიერნი-დორტმუნდი 22:45

საფრანგეთი. თასი. 1/2-ფინალი
სამშაბათი. 25 აპრილი
ანჟერი-გენგამი 23:00

ოთხშაბათი. 26 აპრილი
პსჟ-მონაკო 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული