ყატარული სასწაული - 200 მილიარდი და ახალი ქალაქი!

AutoSharing Option
ყატარში გასამართავი მუნდიალი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ყველაზე ძვირი მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ის კი არა, ფული იმდენი დაიხარჯა და იხარჯება, რომ წარმოუდგენელია, ახლო მომავალში ვინმემ გადაუსწროს ამ არაბულ ქვეყანას.

დანახარჯის და დასახარჯის მასშტაბს ნათელი რომ მოვფინოთ, ოფიციალურად ვთქვათ, რომ ყატარი ყოველ კვირას ხარჯავს თითქმის 500 მილიონ დოლარს. ეს ციფრი რომელიმე შეიხის არაოფიციალურ ნათქვამს არ ეფუძნება.

ესაა ყატარის ფინანსთა მინისტრის, ალი შერიფ ალ-ამადის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრები. "მე პირობას ვდებ, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაშიც ამავე ინტენსივობით გავაგრძელებთ ფულის ხარჯვას. ჩვენი მიზანი
ერთია - მზად შევხვდეთ მომავალ მუნდიალს. ჩვენ ამას შევძლებთ." - ამბობს ის.

მთლიანობაში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ყატარი 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს დახარჯავს. ეს თვრამეტჯერ აღემატება იმ თანხას, რომელსაც რუსები დახარჯავენ 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობისათვის.

თანხა ყატარში მხოლოდ ახალი სტადიონებისა და სპორტული ბაზების მშენებლობაზე როდი იხარჯება. ამის ხარჯი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. ფული ხმარდება ახალი გზების, თანამედროვე რკინიგზის, ტრანსპორტის გაუმჯობესებას. ასევე სპეციალურად შენდება ახალი ქალაქი, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს. "ჩვენ ამ ფულს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალში ვდებთ." - ამბობს ყატარის ფინანსთა მინისტრი.

ყატარის მთავრობამ გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რაც უნდა მოხდეს, მსოფლიოს ჩემპიონატისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი სრულად დაიხარჯება და ის არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებარება შეკვეცას.

ნავთობისა და გაზის ბაზარზე ბოლოდროინდელმა არასტაბილურობამ ქვეყანა ძალიან აზარალა. პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში 2016 წელს დეფიციტმა 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. უკვე ცნობილია, რომ 2017 წლის ბიუჯეტში დეფიციტი 7,7 მილიონი დოლარი იქნება. ყატარის ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანა უკვე მოერგო ახალ რეალობას და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

თავიდან მასპინძელ ყატარს უნდოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის 12 სტადიონი გამოეყენებინა. ახლა პროექტში მონიშნულია რვა სტადიონი. ეს ფიფას მიერ დაწესებული მილიონია. თუ საჭირო გახდა, ყატარი მზადაა, კიდევ ააშენოს ერთი სუპერთანამედროვე სტადიონი, მაგრამ დიდი ალბათობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ამას არ მოითხოვს.

სტადიონებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს 40-ათასიანი "ალ ვაკრა", რომელიც ზაჰი ჰალიდის პროექტით შენდება. ის მსოფლიოს ჩემპიონატს ვეღარ უყურებს - 2016 წელს გარდაიცვალა.

მსოფლიოს ჩემპიონატისათვის საჭირო ყველა ობიექტი მზად უნდა იყოს ტურნირის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. სასურველია, თუ ეს წელიწადნახევრით ადრე მოხდება. "ჩვენ მაშინ არ დავიწყებთ კედლების შეღებვას, როცა ხალხი ჩამოვა. როცა ჩვენს ქვეყანას სტუმრები ეწვევიან, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს." - ამბობს ყატარის ფინანსთა მინისტრი.

ახალი ქალაქი 45 მილიარდად...
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე მასშტაბური და მოულოდნელი პროექტია ქალაქი ლუსავილი. სწორედ ამ ქალაქში შედგება გახსნისა და ფინალური შეხვედრები. ეს ადგილი დედაქალაქ დოჰადან 20 კილომეტრში, უდაბნოში მდებარეობს. ამ ქალაქის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. თავიდან ამ ადგილას იყო მხოლოდ მიწა და მეტი არაფერი. 2010 წელს, როცა ყატარმა როგორღაც მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, ქალაქში ერთი შენობაც კი არ იყო. 2022 წელს ამ ქალაქში მოიწონებს თავს ტურნირის ყველაზე დიდი სტადიონი, რომელიც 80 ათას მაყურებელს დაიტევს.

ქალაქის მშენებლობა 45 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აქ ყველა ხარჯია გათვალისწინებული. შენდება დიდი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ცნობის მიღება იქნება შესაძლებელი. რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ ქალაქში ყველაფერი ასაშენებელი იყო...
გადაწყვეტილია, რომ ქალაქში აუცილებლად იქნება გოლფის ორი მოედანი, დასასვენებელი პარკი, ლაგუნადა 22 ფეშენებელური სასტუმრო. ქალაქში ცხოვრება სულ 450 ათას ადამიანს შეუძლია. ნაგავს მილებში ჩაყრიან და ეს ნაგავი პირდაპირ მივა გადამუშავების მთავარ პუნქტში.

ქალაქის მთავარი ადგილი იქნება ხელოვნურად შექმნილი კუნძული კეტაფიანი. აქ იგეგმება დიდი ტურისტული ცენტრის მშენებლობა არაერთი სასტუმროთი, საპლაჟო კლუბებით... არანაირი კუნძული არ იყო ლუსაილის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მეტი მრავალფეროვნებისათვის უნდა გაეკეთებინათ.

Sportall.Ge

მაქსიმალურად კომპაქტური ტრანსპორტი
ტურნირის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ყატარული მუნდიალი კიდევ ერთი რამით უნდა გახდეს უნიკალური. მათი ჩანაფიქრით, გულშემატკივრები სურვილის შემთხვევაში შეძლებენ და დღეში, როგორც მინიმუმ, ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრას დაესწრებიან.

ყველაზე დიდი დაშორება მუნდიალის მასპინძელ ორ სტადიონს შორის 56 კილომეტრია. ეს იგივეა, "ოლდ ტრაფორდიდან" "ენფილდზე" რომ მიხვიდე. არის შემთხვევა, როცა დაშორება მხოლოდ ხუთნახევარი კილომეტრია.

ტურირის ყველაზე მსხვილი ტრანსპორტიორი უნდა გახდეს ახალი ნაციონალური მეტრო, რომლის მშენებლობაც 18 მილიონი ევრო ჯდება.სტადიონიდან მეტროსადგურამდე მისვლის ყველაზე დიდი დროა ერთი საათი, ყველაზე მცირე კი ხუთი წუთი. ყატარის მთავრობამ მეტროზე არჩევანი ორი მიზეზით შეაჩერა. ჯერ ერთი, სამანქანო გზები განიტვირთება და, მეორეც, უბრალოდ, მეტრო ძალიან სწრაფი ტრანსპორტია.

ყატარის მეტრო 2019 წლიდან "გაიშვებს". მშენებლები გვპირდებიან, რომ იქნება ოთხი ხაზი. პირველ ეტაპზე გვექნება 47 საგზური.

Sportall.Ge

რაში სჭირდება ყატარს სპორტი?
ცხოვრების ჯანმრთელი წესი. 2008 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ყატაში სიკვდილიანობის 47 პროცენტი იმ ქრონიკული დაავადებების "დამსახურებაა", რომელთაც უმოძრაობა, ცხოვრების პასიური წესი იწვევს.

საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, ყატარის ზრდასრული მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მსუქანია მსოფლიოში. ქვეყანაში მაღალია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა.

პოლიტიკა
ყატარის მოსახლეობა თითქმის ორ მილიონს შეადგენს და ამათგან მხოლოდ 11 პროცენტია ყატარელი. ასეთ ვითარებაში ყატარის მთავრობას ძალიან სჭირდება მსხვილი დასავლეთელი პარტნიორების კიდევ უფრო დიდი და უპირობო მხარდაჭერა.

სპორტული ტურიზმი
ყატარის ოლიმპიური კომიტეტის დოქტრინაში წერია, რომ დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. უკვე 2014 წელს ყატარს ჩატარებული ჰქონდა 57 მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრება. 2015 წელს ამ ქვეყანამ ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, წლეულს ყატარში თავი მოიყარეს პლანეტის საუკეთესო ტანმოვარჯიშეებმა, 2019 წელს კი იქ მსოფლიოს საუკეთესო ათლეტები ჩავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
18 მილიონად რა მეტროს აშენებენ ასეთს )) ან ფიფას მიერ დაწესებული მილიონი რას ნიშნავს? საკუთარ დაწერილს არ კითხულობთ?
კოტე
09:19 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული