პაოლო დი კანიო: გეტყობათ, ძალიან გაგიკვირდათ!..

AutoSharing Option
...ის არასოდეს ყოფილა განებივრებული ტიტულებით, არც ინდივიდუალური ჯილდოებით, თუმცა მის "სივში" რომ ჩაიხედავთ, გულგრილი ვერ დარჩებით - "ლაციო", "იუვენტუსი", "ნაპოლი", "მილანი"...

ერთი მხრივ, გაუმართლა, რომ უთამაშია უდიდესი ვარსკვლავების - ალესანდრო დელ პიეროს, რობერტო ბაჯოს, ჯანლუკა ვიალის გვერდით... მაგრამ მეორე მხრივ, ეს შეიძლება საბედისწეროც იყო მის კარიერაში - ის ვერა და ვერ გამოვიდა მათი ჩრდილიდან...

...თუმცა პაოლო დი კანიომ მაინც დატოვა თავისი კვალი მსოფლიო ფეხბურთში. ის ყოველთვის იყო პოლემიკის საგანი, ხშირად ისჯებოდა არაორდინარულობისთვის, მაგრამ არასოდეს "თამაშობდა" მოედნის გარეთ - იყო ის,
ვინც იყო. ცნობილია მისი სკანდალური ფრაზა - "მე ვარ ფაშისტი, მაგრამ არა - რასისტი".

ცნობილია ასევე მისალმების ჟესტი, რომლითაც გოლს აღნიშნავდა - იტალიელი ფაშისტების ლიდერის, "ლაციოს" დამაარსებლისა და პატრონის, ბენიტო მუსოლინის სტილში. ის არც არასოდეს მალავდა აღფრთოვანებას "დუჩეს" იდეებითა და პოლიტიკით.

დი კანიო პოლემიკის ობიექტი იყო ბრიტანეთშიც, სადაც არანაკლებ შინაარსიანი წლები გაატარა. ამიტომ, ლონდონში მისი გამოჩენა რაღაცნაირად განსაკუთრებულ მოვლენად იქცა...

მახსოვს, ყველა დამცინოდა, როცა სანდერლენდში...
"ტელეგრაფის" ჟურნალისტმა სემ უოლესმა პაოლო დი კანიო აღმოსავლეთ ლონდონის ერთ-ერთ ჰოტელში "გამოიჭირა" და... 11-წუთიან ინტერვიუზე დაითანხმა. თუმცა საუბარმა გაცილებით დიდხანს გასტანა...

49 წლის იტალიელი ბოლო დროს ექსტრემალური სპორტით არის გატაცებული, ინგლისში მისი სტუმრობა კი ვეტერანი ვარსკვლავების ტრადიციულ ტურნირს უკავშირდება. უოლესი ელოდა, რომ მისი პირველივე კითხვა რთული გზით წაიყვანდა ინტერვიუს...

მან რესპონდენტს 4 წლის წინანდელი ამბავი შეახსენა, როცა დი კანიო "სანდერლენდის" მწვრთნელის პოსტიდან 5 ტურის დაითხოვეს, შეახსენა მაიონეზისა და კეტჩუპის აკრძალვის ყბადაღებული ისტორია და სთხოვა, რაღაცნაირად შეედარებინა თავი მისი მეგობრისა და ყოფილი იუვენტუსელი თანაგუნდელის, ანტონიო კონტესთვის. კონტემაც ხომ ძალიან მძიმედ დაიწყო "ჩელსიში"...

"კონტე სხვა ისტორიაა, - ამბობს დი კანიო, - ის უმაღლეს დონეზე ავიდა და "ჩელსიში" მაგალითად იქცა. მე ვიცი, როგორი იყო მისი მუშაობის ყოველი დღე ლონდონში - როგორც მუშის უმძიმესი შრომა დიდი ჩაქუჩით ხელში... მახსოვს, ყველა დამცინოდა, როცა "სანდერლენდში" ფეხბურთელების საკვები რაციონიდან კეტჩუპი და მაიონეზი ამოვიღე. მაგრამ, როცა იგივე გააკეთეს კონტემ და პეპ გვარდიოლამ, რატომღაც, ეს "პროფესიონალურ გადაწყვეტილებად" მოინათლა...
...ჩემთვის ეს გასაგებია - გვარდიოლას და კონტეს ზურგს დიდი წარმატებები უმაგრებთ... თუმცა ამას შურით არ ვამბობთ. ერთხელ მითხრეს: პრემიერლიგაში თუ იმუშავებ, იცოდე, ძალიან მოქნილი უნდა იყო, იმიტომ, რომ იქ ფეხბურთელები დიდი ეგოისტები არიანო. მართალი იყო ის კაცი. ინგლისში ფეხბურთელებს სერიოზული ძალა აქვთ, ოღონდ, არა - ძლიერ კლუბებში. თუ კლუბი ძლიერია, იქ ფეხბურთელს თავის ჭკუაზე არავინ ატარებს...

...კონტეს მაგალითიც გამოგვადგება ამისთვის. "ჩელსი" რომ ძლიერი კლუბი არ ყოფილიყო თავის სტრუქტურით, დირექტორატით, კონტე თავის იდეებს ვერ დანერგავდა. ამიტომაც მისცეს მას შანსი - "მოითმინეთ, ჩვენ გვჯერა მისი!" - ამბობდნენ ისინი მაშინ, როცა უკმაყოფილო ფანების კრიტიკას ისმენდნენ. სწორედ ამან მისცა ძალა კონტეს იდეებს, პირველ რიგში - სამკაციან დაცვას. სწორედ ამ ნდობამ მოიტანა წარმატება...

...სეზონის დასრულების შემდეგ ვკითხე ანტონიოს - რაში იყო მისი წარმატების საიდუმლოება. მან მითხრა - "იცი, პაოლო, სინამდვილეში მე ძალიან ცოტა რამ შევცვალე. დაცვაში პრობლემები გვქონდა და უკან არ დავიხიეთ, თამამი ნაბიჯები გადავდგით. სწორედ ამაში იყო წარმატების საიდუმლოება - პრობლემების მოგვარებაში ყველა ჩვენგანი ერთიანი იყო და პრინციპული!.. მე მჯეროდა ამ იდეების. სხვანაირად, მე მათ თვალში სუსტ მწვრთნელად გამოვჩნდებოდი. ამიტომაც ვუთხარი ფეხბურთელებს - ბოდიში ბიჭებო, მაგრამ მიეჩვიეთ დისციპლინას"... მართალი იყო კონტე - დისციპლინის გარეშე არაფერი გამოდის"...

მე ვიცი, რომ კარგი ბიჭი ვარ!..
არადა, დი კანიო ის ფეხბურთელი იყო, ვისაც სწორედ დისციპლინის მხრივ ჰქონდა პრობლემები მწვრთნელებთან, მსაჯებთან, ოფიციოზთან... თუმცა ის ყველაფერში როდი იყო დამნაშავე. 2013 წლის ზაფხულში, როცა "სანდერლენდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვია, კლუბის დირექტორატმა თითქმის ყველა ფეხბურთელი შეცვალა და დი კანიოს ხელთ შერჩა ცარიელი იდეები, რომელთა განხორციელება ვერ მოასწრო...

თუმცა მარტო ეს არ იყო მისი წასვლის მიზეზი. დი კანიოს ფაშისტური იდეების მიმართ მკაცრი პროტესტი ჰქონდა "სანდერლენდის" დირექტორატის წევრს, ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბენდსაც...
მას პრობლემები შეექმნა ტელეკომპანია "სქაი სპორტ იტალიის" მიმომხილველად მუშაობის პერიოდშიც, როცა "დუჩეს" ტატუს გამო დაითხოვეს და სანამ სამსახურში აღადგენდნენ, იძულებული გახდა, ებრაული თემის ლიდერებისთვის ბოდიშის წერილით მიემართა...

"ყველასთვის ნათელია, რომ კარგი ბიჭი ვარ, - აგრძელებს დი კანიო, - ყველამ ის თქვას და დამაბრალოს, რაც სურს, მაგრამ მე ვიცი, რომ კარგი ბიჭი ვარ! მყავს ორი ქალიშვილი, რომლებიც სწავლობენ ლონდონში, მე კი პატიოსნად ვიხდი გადასახადებს. ბევრჯერ მითქვამს, ახლაც ვიტყვი და სხვა დროსაც ხშირად გავიმეორებ - მე არავის ვეხები, ადამიანებს არ ვუქმნი პრობლემებს. არ მაინტერესებს პოლიტიკა და იცით კიდეც, რომ იტალიაშიც საერთოდ არ ვმონაწილეობ არჩევნებში. მე ფეხბურთის სამყაროში ვარ და ვლაპარაკობ მხოლოდ ფეხბურთზე!..

...ახლა ინგლისში ჩამოვედი და ჩემთვის დიდი ბედნიერებაა აქაურებთან შეხვედრა. ინგლისელები კარგად მიცნობენ, ვინც ვარ. ჩემი მეგობრები არიან ასევე შოტლანდიელები, აფრიკელები... გამიმართლა, რომ არა ერთი ეროვნების ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე... ასეთივე გარემოში გაიზარდნენ ჩემი ქალიშვილებიც"...

რაღაცნაირად ჩვენ ვგავართ ერთმანეთს...
ჟურნალისტი კმაყოფილია, რომ ინტერვიუს პოლიტიკურმა ნაწილმა რესპონდენტთან მისი ურთიერთობა არ დაძაბა. ეტყობა, წლებს მაინც მოაქვს სიდინჯე...

"მქონდა შვიდი თუ რვა წინადადება "სანდერლენდის" მძიმე ზაფხულის შემდეგ, მაგრამ ყველა მათგანზე უარი ვთქვი, რადგან არცერთი არ შეეფერებოდა ჩემს ამბიციებს. არც ახლა ვნანობ ამაზე, რადგან მაქვს სამუშაო, რომელიც ძალიან მიყვარს"...

დი კანიო აგრძელებს მუშაობას "სქაი სპორტ იტალიაში" და ადარებს საკუთარ თავს გარი ნევილს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ვარსკვლავს, რომელიც დღესდღეობით რეიტინგულ ტელეანალიტიკოსად ითვლება:

"ნევილი არ არის ძალიან რბილი თავის შეფასებებში, თუმცა ის მაინც ყველას უყვარს. რაღაცნაირად ჩვენ ვგავართ ერთმანეთს".

20 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც დი კანიო პირველად გამოჩნდა პრემიერლიგის მაშინდელ ბინადარ "შეფილდ უენსდიში", მას მერე, რაც ერთი სეზონი გაატარა "სელტიკში". იმ დროისთვის, იტალიელს უკვე ჰქონდა "რთული კაცის" რეპუტაცია და ეს მალევე დაამტკიცა 11-მატჩიანი დისკვალიფიკაციით, როცა არბიტრ პოლ ალკოკს ფიზიკურად შეეხო...

შემდეგ პაოლომ რამდენიმე შთამბეჭდავი წელიწადი გაატარა "ვესტ ჰემში" და სწორედ იმ პერიოდში ცდილობდა სერ ალექს ფერგიუსონი მის გადაბირებას "მანჩესტერ იუნაიტედში"...

ახლახან მან დაასრულა სპორტის ფსიქოლოგის კურსები კოვერჩანოში - იტალიის სახელგანთქმულ საფეხბურთო აკადემიაში, სადაც მსოფლიოს არაერთი ცნობილი სპეციალისტი ეზიარა "უმადური პროფესიის" ნიუანსებს...

..."იქ სპორტის ფსიქოლოგის კურსები გავიარე. გეტყობათ, ამით ძალიან გაგიკვირდათ",- აქ მთავრდება დი კანიოს ინტერვიუ "ტელეგრაფის" ჟურნალისტთან...

პრინციპში, რა არის გასაკვირი? ამ მხრივ ხომ მას ყველაზე მეტად უჭირდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული