იტალიელი ფორვარდები ადრე და ახლა: გოლები, რომლებიც არ დაფასდა

AutoSharing Option
იყო დრო, როდესაც იტალიის ეროვნული ნაკრების თავდასხმაში უდიდესი კონკურენცია იყო და მწვრთნელებს ურთულესი არჩევანის გაკეთება უწევდათ. თავად განსაჯეთ, არ ყოფილა არც ერთი დიდი საფეხბურთო ფორუმი, რომელზეც ფილიპო ინძაგი "სკუადრა აძურას" ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდა.

მაგალითად, 2006 წლის მუნდიალზე მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც ჯგუფურ ეტაპზე და მხოლოდ 30 წუთი. საგულისხმოა, რომ ეს დრო ეყო ინძაგის საიმისოდ, რომ ჩეხეთის ნაკრების კარში გოლი გაეტანა.

ვინ თამაშობდა საუკეთესო ფორმაში მყოფი ინძაგის ნაცვლად? - ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო და ლუკა ტონი, რომელთა თადარიგში
დატოვება ასევე ურთულესი იყო.

მძაფრი კონკურენციის გამო, ეროვნულ ნაკრებში შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინეს ისეთმა თავდამსხმელებმა, როგორებიც მარკო დელ ვეკიო, ვინჩენცო მონტელა, რობერტო მანჩინი, ჯუზეპე სინიორი იყვნენ, მაგრამ გვახსოვს ისეთი ფორვარდებიც, რომლებსაც პრაქტიკულად არ მისცემიათ "აძურაში" ასპარეზობის შესაძლებლობა - არადა, საკლუბო დონეზე ბრწყინავდნენ.

ვსაუბრობთ 90-იან წლებსა და შემდეგ პერიოდზე, ვიხსენებთ სწორედ იმ ფორვარდებს, რომლებსაც დღეს აუცილებლად გამოიძახებდნენ იტალიის ეროვნულ გუნდში და უდიდეს იმედებსაც დაამყარებდნენ, თავის დროზე კი მათი დახმარება "აძურას" არ დასჭირებია.

მაურიციო განცი
მაურიციო განცმა კარიერაში 524 მატჩი გამართა და 166 გოლი გაიტანა. 1995-97 წლებში, განცი "ინტერის" ღირსებას იცავდა და 68 შეხვედრაში 26 გოლი მიითვალა აქტივში. შემდეგ, "მილანში" ამოჰყო თავი, სადაც ასევე წარმატებით იასპარეზა, "ატალანტაში" კი სამი წლის განმავლობაში 37 გოლი მოაგროვა.

განცმა ბევრი იტალიური გუნდი გამოიცვალა და იტანდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა. განცის ანგარიშზე არც ერთი სანაკრებო გოლი არაა, რადგან "სკუადრა აძურაში" ის არც ერთხელ არ გამოუძახებიათ. დიახ, მაურიციომ 20 წელზე მეტ ხანს ითამაშა ფეხბურთი უმაღლეს დონეზე და ეროვნულ გუნდს მისი სამსახური არასდროს დასჭირვებია.

რობერტო მუცი
რობერტო მუცი სარდინიაზე განსაკუთრებულად უყვართ, რადგან "კალიარიში" 4 წელი დაჰყო, 144 მატჩი გამართა და 58 გოლი გაიტანა. შემდეგ, იყო "უდინეზე", სადაც 102 შეხვედრაში 38 გოლს მოუყარა თავი. გოლები "რომაში", "ლაციოში" და "ტორინოშიც" გაიტანა, შედეგად კი 129 შედეგიანი დარტყმა მოიგროვდა.

გამოირჩეოდა ტექნიკით და არც საგოლე გადაცემების კეთება ეშლებოდა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მუცის არასდროს უთამაშია და როგორც თვითონ აცხადებს, ეს მის აუხდენელ ოცნებად დარჩა.

მარკო სიმონე
"მილანის" გულშემატკივარებისთვის გამორჩეული ფორვარდი, რომელიც ლომბარდიულ გრანდში 1989-97 წლებში თამაშობდა, 168 მატჩი აქვს ჩატარებული და 49 გოლი გატანილი.

სიმონე იყო იმ "მილანის" წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ყველაფერი მოიგო როგორც შიდა, ისე საერთაშორისიო ასპარეზზე. შემდეგ, მარკომ საფრანგეთში იასპარეზა 4 წელი, პსჟ-ში 58 თამაშში 22 გოლი მიითვალა აქტივში, ხოლო "მონაკოში" 69 თამაშში 28-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე. მოკლედ, სიმონე იტანდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა, მაგრამ მის ანგარიშზე არც ერთი სანაკრებო გოლი არაა - მიზეზი მარტივია: სიმონე მხოლოდ 4-ჯერ გამოიძახეს "სკუადრა აძურაში", იქაც თადარიგში იჯდა და წუთები აკმარეს.

მარკო დი ვაიო
გავეცნოთ მარკო დი ვაიოს სტატისტიკას და ყველაფერი ნათელი გახდება: "სალერნიტანა" - 67 თამაშში 33 გოლი, "პარმა" - 83 თამაშში 41 გოლი; "იუვენტუსი" - 55 თამაშში 18 გოლი; "ვალენსია" - 35 თამაშში 11 გოლი; "მონაკო" - 29 თამაშში 8 გოლი; "ჯენოა" - 44 თამაშში 12 გოლი; "ბოლონია" - 143 თამაშში 65 გოლი; "მონრეალი" - 76 თამაშში 34 გოლი; სულ: 575 თამაშში 230 გოლი.

სამაგიეროდ, მარკო დი ვაიო ძალიან იშვიათად სჭირდებოდათ ეროვნულ ნაკრებში, სადაც მისი ნათამაშები წუთები რომ გადავაბათ, 5 მატჩი არ შეიკვრება, თუმცა ამ დროში, 2 გოლის გატანა მოასწრო.

პაოლო დი კანიო
ქარიზმატული ლიდერი, არაორდინალური ხასიათით და სკანდალური ქცევებით. შეეძლო გულშემატკივრებს ფაშისტური ჟესტით მისალმებოდა, შემდეგ თამაშში კი ფეარ პლეის პრინციპები დაეცვა და ჰუმანურობის მაგალითად ქცეულიყო. რაც მთავარია, პაოლო დი კანიო იყო ფორვარდი, რომელიც იტანდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა: "ლაციოში", "ნაპოლიში", "სელტიკში", "შეფილდ უენსდიში" და რაც მთავარია, "ვესტ ჰემში", სადაც 118 შეხვედრაში 48 გოლი მოაგროვა.

დი კანიომ კარიერაში 127 გოლი გაიტანა, მაგრამ აქედან არც ერთია სანაკრებო, რადგან "სკუადრა აძურაში" პაოლო არასდროს გამოუძახებიათ.

სხვები
კიდევ არაერთი ფორვარდის გახსენება შეიძლება, რომლებსაც თავის დროზე არ მიეცათ იტალიის ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება, დღეს კი მათ აუცილებლად იხმობდნენ "სკუადრა აძურაში". მაგალითად, ნიკოლა ამორუზო, რომელმაც კარიერაში ბევრი გუნდი გამოიცვალა და ყველგან შედეგიანობით გამოირჩეოდა.

მაგალითად, "რეჯინაში" 96 თამაშში 40 გოლი შეაგდო, არც "იუვენტუსში", "ნაპოლიში" და "პარმაში" იასპარეზა ცუდად და შედეგად, 128 გოლს მოუყარა თავი. ამორუზოს იტალიის ნაკრებში არც ერთი თამაში არ ჩაუტარებია.

გავიხსენოთ კროსტიანო ლუკარელი, რომელმაც კარიერაში 203 გოლი გაიტანა და სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირებში მოწინავეთა შორის გახლავთ. ლუკარელი "ლივორნოს" ლეგენდაა, სადაც 146 თამაშში 92 გოლი გაიტანა. ლუკარელიმ იტალიის ნაკრებში მხოლოდ 6 მატჩი გამართა და 3 გოლი მოაგროვა.

ფაბრიციო მიკოლი რომ დღეს იყოს კარიერის საუკეთესო წლებში, აუცილებლად ითამაშებდა იტალიის ნაკრებში, თავის დროზე კი "აძურას" მწვრთნელები მას მუდმივად აიგნორებდნენ. არადა, "პალერმოში" 165 შეხვედრაში 74 გოლს მიუყარა თავი და არც "იუვენტუსში", "ფიორენტინასა" და "ბენფიკაში" ჰქონდა ცუდი შედეგები.

ტომაზო როკი "ლაციოს" გულშემატკივართა ნამდვილი კუმირია, რადგან ამ გუნდის შემადგენლობაში 9 წლის განმავლობაში 82 გოლი აქვს გატანილი, იქამდე კი "ემპოლიში" ბრწყინავდა. იტალიის ნაკრებში როკი მხოლოდ სამჯერ გამოიძახეს და იქაც წუთები ათამაშეს.

ბუნებრივია, შანსი არც ნიკოლა ვენტოლას და დარიო ჰუბნერს მისცემიათ - არადა, ამ უკანასკნელის ანგარიშზე არც მეტი, არც ნაკლები, 262 გოლია. ჰუბნერმა "ბრეშაში" 129 მატჩი გამართა და 75 გოლი შეაგდო, რაც ფენომენალური შედეგია, ეს ყველაფერი კი სერია A-ში ხდებოდა.

კონტეს რეზიუმე
იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ჩვენი იტალიელი კოლეგა სწორედ ამ მასალის საფუძველზე დაუკავშირდა და მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა:

- რომელს წაიყვანდით ევროპის ჩემპიონატზე ამ თავდამსხმელებიდან: განცი, მუცი, სიმონე, დი ვაიო, დი კანიო?
- ყველას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რავანელი
Dock
10:03 09-01-2020
0
ფრანჩესკო ფლაკი მახსოვს კარგად უმაგრესი ფორვარდი, ბაცანისთან ერთად სამპდორიაში ფრინავდნენ
გიო
00:39 20-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული