10 უდიდესი საფეხბურთო შემოტრიალება

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიას ბევრი ე.წ. ქამბექი ახსოვს, როცა სრულიად უიმედო მდგომარეობაში მყოფი გუნდი სასწაულებს ჩადიოდა. მოდი, ერთად გავიხსენოთ მართლაც გამორჩეული შემოტრიალებები და რეიტინგი გავხსნათ მატჩით, რომელიც ამ ათეულის შთაგონების წყარო გახდა...

10. გერმანია-შვედეთი 4:4 (იხილეთ ვიდეო)
2012 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
იოახიმ ლიოვის გუნდმა ხელიდან ოთხბურთიანი უპირატესობა (!) გაუშვა და შვედებთან ორი ქულა დაკარგა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ მატჩის 62-ე წუთზე გატანილი პრესტიჟისას ჰგავდა, რადგან მანამდე გერმანელები 4:0-ს იგებდნენ (კლოზეს დუბლი, იოზილი და მერტეზაკერი), თუმცა სულ რაღაც ორ წუთში მიქაელ ლუსტიგმა მეორეც
გაიტანა და როდესაც მატჩის დამთავრებამდე 14 წუთით ადრე თავი იოჰან ელმანდერმაც გამოიჩინა, მატჩს ინტრიგა გაუჩნდა.

ეს 14 წუთი ისე გავიდა, რომ შვედებს რეალური ხიფათი არ შეუქმნიათ და როდესაც ყველამ იფიქრა, რომ სტუმრები მაინც დამარცხდებოდნენ, რასმუს ელმმა მერტეზაკერის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

9. ვერდერი-ანდერლეხტი 5:3
1993 წელი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი.
ოტო რეჰაგელის გაწვრთნილი "ვერდერი" ბრიუსელის "ანდერლეხტს" მასპინძლობდა. თითქოს ჩემპიონთა ლიგის ჩვეულებრივი მატჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ ისტორიული შეხვედრა მივიღეთ.

ანგარიში ბელგიელებმა გახსნეს და 30-ე წუთისთვის 3:0-საც კი იგებდნენ. გოლები ფილიპ ალბერმა და დენი ბოფენმა (დუბლი) გაიტანეს. ბრემენელებმა სხვაობის შემცირება 66-ე წუთზე, უინტონ რუფერის გოლის წყალობით შეძლეს.

წაგება თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ "ბრემენელმა მუსიკოსებმა" სასწაული მოახდინეს და ბოლო 17 წუთში მეტოქის კარი ოთხჯერ დალაშქრეს. ნამდვილად არ იყო გასაკვირი, მარკო ბოდეს მიერ ბოლო წუთზე გატანილი მეხუთე გოლის შემდეგ ოტო რეჰაგელმა პატარა ბავშვივით ცეკვა რომ დაიწყო.

8. ჩრდ. კორეა-პორტუგალია 3:5
1966 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალი.
ტურნირის მთავარი სენსაცია, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები, რომელმაც ჯგუფში იტალია ჩატოვა, 1/4-ფინალში პორტუგალიასაც უგებდა.

მე-20 წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო, ხოლო სულ ცოტა ხანში აზიელებმა მესამეც გაიტანეს.

პორტუგალიელებმა გამოღვიძება დროულად მოახერხეს და აპენინელების ბედი არ გაიზიარეს. მატჩის შემომტრიალებელი ერთი ფეხბურთელი გახლდათ: ლეგენდარულმა ეუსებიომ პორტუგალიელთა პირველი ოთხი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს 1/2-ფინალის საგზური მოუპოვა.

7. გფრ-ინგლისი 3:2
1970 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალი.
ბევრი ინგლისელი ქომაგის აზრით, 1970 წლის ნაკრები ოთხი წლის წინანდელზე გაცილებით ძლიერი იყო. ალფ რემსის გუნდს 1/4-ფინალში წინა ტურნირის ფინალის გამეორება ელოდა.

შეხვედრა ბრიტანელების კარნახით მიმდინარეობდა და მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ინგლისელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ.

გერმანელთა მხრიდან ერთი გოლი ფრანც ბეკენბაუერმა გაქვითა, რასაც რემსიმ მოედნიდან ბობი ჩარლტონის გაყვანით უპასუხა. საბოლოოდ ანგარიში უვე ზეელერმა გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში, გამარჯვების მომტანი გოლი გერდ მიულერმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ უილსონმა, რომელიც ამ მატჩიდან რამოდენიმე დღის შემდეგ არჩევნებში დამარცხდა, საკუთარი წაგება სწორედ ამ შეხვედრას დააბრალა.

6. ჩარლტონი-ჰადერსფილდი 7:6
1957 წელი, ინგლისის მეორე დივიზიონი.
ლეგენდარული ბილ შენკლის მიერ გაწვრთნილი "ჰადერსფილდი" შეხვედრის დასრულებამდე 28 წუთით ადრე 5:1-ს იგებდა, თანაც "ჩარლტონი" მოედანზე ათი კაცით იყო, რადგან მატჩის დასაწყისში, მასპინძელთა კაპიტანმა, დერეკ აფტონმა ტრავმა მიიღო; იმ წლებში კი, მოგეხსენებათ, ფეხბურთელის შეცვლა აკრძალული გახლდათ. 62-ე წუთზე, სტუმართა მეხუთე გოლის შემდეგ, მოულოდნელად ათამაშდა ჯონი სამერსი.

30 წლის გარემარბმა, რომლის ანგარიშზეც იყო "ჩარლტონის" ერთადერთი გოლი, ჯერ თანაგუნდელ ჯონ რიანს გაატანინა, შემდეგ კი საკუთარ გოლს კიდევ ოთხი დაუმატა. აღსანიშნავია, რომ სამერსი ცაცია იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხუთივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა! ფორვარდის გმირობების შემდეგ, 81-ე წუთზე ანგარიში 6:5 გახდა "ჩარლტონის" სასარგებლოდ.

"ჰადერსფილდმა" ანგარიშის გაქვითვა მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე შეძლო, მაგრამ სტუმრებმა ხასიათზე მოსული "ჩარლტონის" შეტევებს ვერ გაუძლეს და ჯონ რიანმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. საბოლოოდ 7:6 და ეს მატჩი სამუდამოდ შევიდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში.

საინტერესოა, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი, რომელიც "ჰადერსფილდის" მოედანზე გაიმართა, ასევე აღინიშნა ე.წ. ქამბექით, ოღონდ იმ შეხვედრაში გმირები "ჰადერსფილდის" ფეხბურთელები იყვნენ - "ჩარლტონი" 3:0-ს იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში 3 გოლი გაიტანეს და ქულას გამორჩნენ.

5. მილანი-ლივერპული 3:3
2005 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
ბევრის აზრით, 2005 წელს, სტამბულში, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მატჩი გაიმართა.

"მილანმა", პაოლო მალდინის გოლით, დაწინაურება პირველივე წუთზე მოახერხა, ხოლო 45-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო (დუბლი ერნან კრესპომ შეასრულა). პირველი ტაიმის შემდეგ "ლივერპულის" ბევრმა ქომაგმა სტადიონი დატოვა, რასაც მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ძალიან ინანებდნენ.

მეორე ტაიმში მერსისაიდელებს ვერ იცნობდით. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა ანგარიში 6-წუთიან ინტერვალში გაათანაბრეს. ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და დაინიშნა პენალტების სერია, სადაც "ლივერპულის" გმირად იერჟი დუდეკი მოგვევლინა.

4. საფრანგეთი-იუგოსლავია 4:5
1960 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალი.
მთელი საფრანგეთი ევროპის პირველ ჩემპიონატზე, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, გამარჯვებისთვის ემზადებოდა, მაგრამ მათ გეგმებში კორექტივები იუგოსლავებმა შეიტანეს.

"მამლები" ორჯერ იგებდნენ ორბურთიანი სხვაობით - ჯერ 3:1, შემდეგ კი 4:2, შეხვედრის დასრულებამდე კი 15 წუთი რჩებოდა. ტომისლავ კნეჟმა (ერთი გოლი) და დრაჟენ იერკოვიჩმა (დუბლი) სლავებს გამარჯვება მოუტანეს. საინტერესოა, რომ ეს 3 გოლი იუგოსლავიამ 4-წუთიან მონაკვეთში გაიტანა.

საფრანგეთს პირველ დიდ ტიტულამდე 24 წლის მოცდა მოუწია. 1984 წელს, ასევე საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მასპინძელთა შეჩერება ვერავინ შეძლო, მათ შორის ვერც იუგოსლავიამ, რომელთანაც "სამფეროვნებმა" რევანში აიღეს და მეტოქე დაამარცხეს.

3. ბაიერნი-მან. იუნაიტედი 1:2
1998 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "უიმედო მატჩის შემოტრიალება", თითქოს სინონიმებია, განსაკუთრებით სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში. "ბაიერნთან" გასამართი ფინალის წინ "წითელმა ეშმაკებმა" კიდევ ერთი დაპირისპირების ბედი შემოატრიალეს, როდესაც 1/2-ფინალში "იუვენტუსთან" ტურინში 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 3:2 მოიგეს.

"ნოუ კამპზე" "ბაიერნი" უკეთეს გუნდად გამოჩნდა. გერმანელებმა გოლი თავიდანვე გაიტანეს და შემდეგ რამოდენიმე კარგი მომენტიც გაანიავეს.

ყველაფერი მიუნხენელთა ტრიუმფისკენ მიდიოდა, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ წუთებში ჯერ ტედი შერინგემმა, შემდეგ კი ოლე გუნარ სოლსკიაერმა ორი გოლი გაიტანეს და "მანკუნიანელებს" ჩემპიონთა თასი 31-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინეს.

2. ინტერი-სამპდორია 3:2
2005 წელი, იტალიის ჩემპიონატი.
"ინტერი" შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 0:2-ს აგებდა. "სამპას" მეორე გოლის შემდეგ მასპინძელთა ბევრმა ქომაგმა სტადიონი დატოვა და ალბათ ძალიანაც ინანა. ცვლილებაზე შემოსული ალვარო რეკობას წყალობით "ინტერმა" შეუძლებელი შეძლო.

ჯერ იყო და ურუგვაელის პასით ობაფემი მარტინსმა იხეირა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ანგარიში კრისტიან ვიერიმ გაათანაბრა. შეხვედრას წერტილი კი თავად ალბარო რეკობამ დაუსვა, რომელმაც ბოლო წამებზე, საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაარტყა და საკუთარ გუნდს საოცარი, დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანა.

რაც შეეხება ქომაგს: ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტადიონი მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ უნდა დატოვო.

1. უნგრეთი-გფრ 2:3
1954 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი.
"ბერნის სასწაული" - სწორედ ასე მოინათლა ეს შეხვედრა. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უძლეველი უნგრეთის ნაკრები გფრ-ს ხვდებოდა, რომელსაც მანამდე ჯგუფში 8:3 მოუგო. მიუხედავად ტრავმისა, მოედანზე გასვლა და თამაში შეძლო ფერენც პუშკაშმა. სწორედ მან დააწინაურა თავისიანები. რამოდენიმე წუთში კი ზოლტან ციბორმა მეორეც გაიტანა.

ისედაც ფავორიტი უნგრეთი ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ გერმანელები არ დანებდნენ და ანგარიში უკვე პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. თავი მაქს მორლოკმა და ჰელმუტ რანმა გამოიჩინეს.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჰელმუტ რანი უნგრელების საჯარიმოში შეიჭრა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მადიართა უძლეველი გუნდი დაეცა, გერმანია კი მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდე ერთს დავამატებდი:
2012 წელი, დავით ყიფიანის თასი
ზესტაფონი-ტორპედო 2:1
90 წუთისთვის ზესტაფონი 0-1 აგებდა, მაგრამ დამატებულ 4 წუთში 2 გოლის გატანა შეძლო ( ტორპედოს ფეხბურთელების დახმარებით :D )
janorhus
16:13 19-10-2012
0
ერთი მატჩი დაგავიწყდათ საფრანგეთი-გერმანიის მატჩი 1982 წლის მსიფლიო ჩემპინატზე
zviadi
18:07 19-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული