ორივე გუნდმა სტუმრად მოიგო და წყვილში ფავორიტად მიჩნეული მეტოქე დაამარცხა.
განსაკუთრებით დაძაბული ნიუ იორკში გამართული მატჩი გამოდგა. "რედ ბულსი" ერთადერთი გუნდია აშშ-ში, რომელიც MLS-ში ლიგის დაარსებიდან მონაწილეობს და საჩემპიონო ტიტული არასდროს მოუპოვებია.
"დიდი ვაშლის" წარმომადგენლებს იმედი ჰქონდათ, რომ ტიერი ანრის, რაფაელ მარკესის, ტეემუ ტაინიოს და ტიმ კეჰილის ხელშეწყობით, ამ უიღბლო პერიოდს ბოლოს მოუღებდნენ, მაგრამ ნიუიორკელებს კიდევ მინიმუმ ერთი წლით მოუწევთ მოცდა.
საოცარი მატჩი ჩაატარა "ვაშინგტონის" მეკარე ბილ ჰამიდმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში საკუთარ კარში გაიტანა. ჰამიდს გმირობა არც ამ შეხვედრაში დასცალდა, რადგან 70-ე წუთზე საჯარიმოში კენი კუპერი წააქცია და წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თავიდან დაარტყმევინა და კუპერმა მეორე ცდით გატანა ვეღარ შეძლო.
ამ მომენტიდან რამოდენიმე წუთში მეორე ყვითელი ბარათი რაფაელ მარკესმა მიიღო და "ნიუ იორკელებიც" ათნი დარჩნენ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ნიკ დელეონმა გაიტანა. გაშვებული ბურთის შემდეგ, მასპინძელთა შვედმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ბაკემ მოედანზე კაკას ძმა დიგაო გამოიყვანა, მაგრამ "რედ ბულსს" ვერც ის დაეხმარა. საბოლოოდ 0:1 და "დი სი იუნაიტედი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ჰიუსტონ დინამოს" შეხვდება.
საკმაოდ დაძაბული იყო მეორე მატჩიც, რომელიც სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა და "სიეტლ საუნდერსის" გამარჯვებით დასრულდა.
"სიეტლი" დარჩენილ კლუბებს შორის ერთადერთია, რომელიც აშშ-ს ჩემპიონი არასდროს გახმდარა.
"საუნდერსი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში "ლოს ანჯელეს გელექსის" შეხვდება. პირველი მატჩები ჰიუსტონსა და ლოს ანჯელესში, თბილისის დროით 12 ნოემბერს გაიმართება.
აშშ. MLS. პლეი-ოფი
ნიუ იორკი-დი სი იუნაიტედი 0:1
(პირველი მატჩი 1:1)
გოლი: 0:1 დელეონი (89).
სოლტ ლეიკი-სიეტლი 0:1
(პირველი მატჩი 0:0)
გოლი: 0:1 მ. მარტინესი (81).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"