პირველ ტაიმში განელებმა მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დებიუტში, ასამოა გიანის წაქცევისთვის, კაბო ვერდეს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან ვაკასო მუბარაქი მივიდა და ამ ტურნირზე თავისი მეორე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მატჩი კაბოვერდელთა უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ მინიმალური ანგარიში ლამის
არბიტრის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კაბო ვერდემ კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა და მთელი გუნდით (მეკარის ჩათვლით) მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. განელებმა ბურთი მოიგერიეს და ვაკასო ცარიელ კართან დატოვეს. "ვილიარეალის” ყოფილ ფეხბურთელს გოლის გატანა, რა თქმა უნდა, აღარ გასჭირვებია და მატჩიც აქვე დასრულდა.
მეოთხედფინალის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დურბანში, სამხრეთ აფრიკასა და მალის შორის გაიმართა. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. გუნდებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში, მაგრამ თითო ბურთის მეტი ვერ გაიტანეს. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების შესრულება გახდა საჭირო.
როგორც ჩანს, მასპინძლებზე საშინაო კედლების ფაქტორმა დამთრგუნველად იმოქმედა, რადგან სამხრეთაფრიკელებმა ოთხი პენალტიდან სამი ვერ გაიტანეს. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონდა, სიფივე ჩაბალალა გახლდათ. ფურმანის და მაჰლანგუს 11-მეტრიანები სუმბელია დიაკიტემ მოიგერია, გადამწყვეტი პენალტი კი ლეჰლოჰონოლო მაჯორომ კარს ააცილა (დიაკიტემ დარტყმის კუთხე აქაც გამოიცნო).
11-მეტრიანების სერიისთვის უჩვეულო ანგარიში, 1:3 მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მასპინძელი ტურნირს გამოეთიშა, სეიდუ კეიტას მალი კი 1/2-ფინალში გავიდა.
კვირას, კოტ დივუარის ნაკრებმა ნიგერიასთან წააგო და გავარდა. როგორც ჩანს, დიდიე დროგბას ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება არ უწერია. შარშან სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა ფინალში, პენალტების სერიაში წააგეს; წელს კი, აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, ასპარეზობა 1/4-ფინალში დაასრულეს.
ანგარიში ემანუელ ემენიკემ 43-ე წუთზე გახსნა და ტაიმი ნიგერიამ მოიგო. მეორე ტაიმის დებიუტში "ნიუკასლელმა” შეიკ ტიოტემ წონასწორობა აღადგინა და თითქოს საბრი ლამუშის გუნდს ლოგიკური გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა სანდეი მბა, რომელმაც 78-ე წუთზე ისევ ნიგერია დააწინაურა.
მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე დიდიე დროგბა, ლასინა ტრაორე, მარკ-ალან გრადელი, ჟერვინიო და იაია ტურე იყვნენ (სალომონ კალუმ 69-ე წუთამდე ითამაშა, ვილფრედ ბონი, არუნა კონე და დიდიე ია კონანი კი საერთოდ არ გამოსულან), კოტ დივუარმა დარჩენილ წუთებში ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
ნიგერიის ნაკრები 1/2-ფინალში მალის ნაკრებს შეხვდება.
აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. 1/4-ფინალი.
განა-კაბო ვერდე 2:0
გოლები: 1:0 ვაკასო (54-პენ), 2:0 ვაკასო (90).
ს. აფრიკა-მალი 1:1 პენ. 1:3
გოლები: 1:0 რანტიე (31), 1:1 ს. კეიტა (58).
პენალტების სერია: 1:0 ჩაბალალა, 1:1 დიაბატე, 1:1 ფურმანი (მეკარე), 1:2 ტამბურა, 1:2 მაჰლანგუ (მეკარე), 1:3 მ. ტრაორე, 1:3 მაჯორო (ააცილა).
კოტ დივუარი-ნიგერია 1:2
გოლები: 0:1 ემენიკე (43), 1:1 ტიოტე (50), 1:2 მბა (78).
ბორკინა ფასო-ტოგო 1:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: კართაგენი დაინგრა