კვირა ციფრებში: გაუვალი დაცვა, პუპონე და გულგატეხილი გმირები

AutoSharing Option
დღეს ფრანჩესკო ტოტის მორიგ რეკორდზე, 15 წლის დებიუტანტზე, მიუნხენის "ბაიერნის" დაცვის სტაბილურობაზე და რაიან გიგზის და ლეო მესის მიღწევებზე ვისაუბრებთ...

1000 – ოფიციალური მატჩი. სამშაბათს, "რეალთან" შეხვედრაში, რაიან გიგზმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ვეტერანმა უელსელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 932 შეხვედრა გამართა, 64-ჯერ უელსის ნაკრების ფორმა მოირგო, ხოლო კიდევ ოთხი მატჩი დიდი ბრიტანეთის ნაკრებში ჩაატარა. გიგზს ხასიათი მისი გუნდის წაგებამ გაუფუჭა, არადა, ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო: სერხიო რამოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "იუნაიტედი" დაწინაურდა. სხვათა შორის, რამოსის ეს ავტოგოლი ჩემპიონთა ლიგის
ისტორიაში მე-6000 გოლი გამოდგა.

საბოლოოდ, ნანის გაძევების, ლუკა მოდრიჩის და კრიშტიანო რონალდოს გოლების გამო, "რეალმა" 2:1 მოიგო და გახდა პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში "ოლდ ტრეფორდზე" ორჯერ იმარჯვა.

584 – წუთია, "ბაიერნს" ბუნდესლიგის გასვლით შეხვედრებში გოლი არ გაუშვია, რაც გერმანიის ახალი რეკორდია. "ბაიერნმა" სტუმრად გოლი ბოლოს მარკუს ფოილნერისგან, 17 ნოემბერს გაუშვა და მას შემდეგ კარი მშრალად ზედიზედ 6 შეხვედრაში შეინახა. ფოილნერის გოლი საერთოდ ერთადერთია, რომელიც "რეკორდმაისტერმა" წელს სტუმრად ჩატარებულ მატჩებში საკუთარ კარში მიიღო. ბოლო ტურში იუპ ჰაინკესის გუნდმა "ჰოფენჰაიმს" მარიო გომესის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო. გომესმა კარიერაში 133-ე ბუნდესლიგური გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ჯოვანი ელბერს წამოეწია.

225 – გოლი სერია A-ში. ფრანჩესკო ტოტი იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში გუნარ ნორდალს წამოეწია და მასთან ერთად მეორე ადგილს იყოფს. "რომას" კაპიტანი, რომელსაც ამდენი გოლის გასატანად 525 მატჩის ჩატარება დასჭირდა, მხოლოდ სილვიო პიოლას ჩამორჩება, ვინც თავის დროზე 274 გოლი გაიტანა.

კვირას, "ჯენოას" წინააღმდეგ, ისტორიული გოლის გატანის გარდა, ტოტიმ ორი საგოლე პასიც გააკეთა და გუნდის გამარჯვებაში (3:1) უდიდესი წვლილი შეიტანა. დანარჩენი ორიდან ერთი გოლი ლეანდრო რომანიოლიმ გაიტანა, რომელიც 18 წლის ასაკში ამ სეზონში "რომას" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში თავისი პირველი გოლი ფრანჩესკო ტოტიმ 1994 წლის 4 სექტემბერს გაიტანა, რომანიოლის დაბადებამდე 4 თვით და 8 დღით ადრე.

18 – გოლი "ელ კლასიკოში", მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" დაპირისპირებების რეკორდი გახლავთ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ალფრედო დი სტეფანო ფლობდა, ახლა კი მას ლიონელ მესი წამოეწია. 25 წლის არგენტინელმა შაბათს გამართულ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. "ბარსელონას" "რეალი" უკვე 5 მატჩია, არ დაუმარცხებია - ასეთი ცუდი სერია კატალონიურ გუნდს ბოლოს 2006-2008 წლებში, გუნდში პეპ გვარდიოლას მოსვლამდე ჰქონდა.

მესიმ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სეზონში 50-ე გოლი გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ისტორიაში, რომელმაც 50 გოლი ზედიზედ სამ სეზონში გაიტანა. გარდა ამისა, არგენტინელმა გოლი პრიმერას ზედიზედ მე-16 შეხვედრაში გაიტანა, რაც ასევე რეკორდია.

16 – არის სანთლების რაოდენობა, რომლებსაც დანიელ დე სილვა დაბადების დღის ტორტზე ჩააქრობდა. ხუთი დღით ადრე კი დანიელს ავსტრალიის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა – "პერთ გლორის" ნახევარმცველი ცვლილებაზე გამოვიდა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ("სიდნეისთან", 2:1) მონაწილეობა მიიღო.

საოცარია, მაგრამ დე სილვა A-ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი არ გახლავთ. რეკორდი ტიბოი კამარას ეკუთვნის, რომელმაც შარშან "ადელაიდას" რიგებში, პირველი შეხვედრა 15 წლის და 212 დღის ასაკში ჩაატარა.

ავსტრალიაში ერთი რეკორდი მაინც დამყარდა, უფრო სწორად, გამეორდა. "ვესტერნ სიდნეი ოუნდერერსმა", რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზე იყო, ლიდერ "სენტრალ კოუსთს" 1:0 მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. "ვესტერნ სიდნეიმ" ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო და "მელბურნ ვიქტორის" შედეგი გაიმეორა.

ზეიმის საბაბი "ვიქტორის" ფეხბურთელებსაც ჰქონდათ, კერძოდ, მარკ მილიგანმა ავსტრალიის უმაღლესი ლიგის ისტორიაში 2500-ე გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი "ნიუკასლს" 5:0 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ბრწყინვალე ბეილი, პარიზელთა მიღწევები და დიდი იმედგაცრუება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული