კვირა ციფრებში: პირველი, მეორე და უამრავი გოლი

AutoSharing Option
"ბარსელონას" და "გალათასარაის", მათი 10-იანის და 17-იანის გმირობები; ასევე, დაუმარცხებელი მწვრთნელი ბუენოს აირესში და ბევრი გოლი მერსისაიდში - ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი კვირის შეჯამების თემებია...

101 – წამი (სუფთა დროის) და 202 წამი ჯამში – ეს ის დროა, რაც "უიგანს" "ევერტონის" კარში სამი გოლის გასატანად ეყო. სტუმრებმა შეხვედრა 3:0 მოიგეს და ინგლისის ასოციაციის თასის 1/2-ფინალში გავიდნენ. ანგარიში 30-ე წუთზე მეინორ ფიგეროამ გახსნა, რომელმაც "უიგანში" გატარებულ 6 სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ თავი ბავშვობაში "გუდისონ პარკის"
სასეზონო აბონემენტის მფლობელმა კალუმ მაკმანამანმა გამოიჩინა, ვინც გოლი მატჩის განახლებიდან 27 წამში გაიტანა. კიდევ 74 წამის შემდეგ გოლი ხორდი გომესმაც გაიტანა და "უიგანი" თავის 81-წლიან ისტორიაში, ინგლისის თასის 1/2-ფინალში პირველად გავიდა. რობერტო მარტინესის გუნდი გახდა 78-ე კლუბი, რომელმაც თასის ამ ეტაპზე გააღწია.

"უიგანმა" ლივერპულში "ევერტონს" მერვე ცდიდან მოუგო. მერსისაიდელთა ფორვარდ ნიკიცა იელავიჩს კი სათამაშო დროის ბოლო 19 საათსა და 38 წუთში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

33 – დაუმარცხებელი მატჩი "მონუმენტალზე" – რამონ დიასი "რივერ პლეიტის" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. "რივერმა" კვირას "კოლონს" მოუგო (2:1) და დიასმა "ბოკა ხუნიორსის" დამრიგებლის, კარლოს ბიანკის შედეგიც გააუმჯობესა, რომელიც 32 წაუგებელ საშინაო შეხვედრას შეადგენდა. 53 წლის სპეციალისტი "რივერში" მწვრთნელად მესამედ მივიდა. უკანასკნელად, მისი გუნდი საშინაო მოედანზე 1999 წლის კლაუსურაში "რასინგთან" დამარცხდა (2:3). იქიდან მოყოლებული, ყოფილი ფორვარდის საშინაო შედეგია: 28 მოგება და 5 ფრე. სულ, "რივერის" მწვრთნელობისას, დიასის გუნდმა ბუენოს აირესში 71 შეხვედრა მოიგო, 25 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 12-ჯერ წააგო.

10 – მატჩი მოგების გარეშე. "ევიანმა" ხანგრძლივი მოუგებელი სერია სარეკორდო გამარჯვებით დაასრულა. დეკემბერში, "ტრუას" დამარცხების შემდეგ, ოტსავუაელებმა მომდევნო 10 შეხვედრიდან 5 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს. სედრიკ ბარბოსას და საბერ ხელიფას დუბლების წყალობით პასკალ დუპრას გუნდმა "სოშოს" 5:1 მოუგო და საკლუბო რეკორდები დაამყარა. "ევიანი" საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველად 2011 წელს გამოჩნდა და "სოშოსთან" გამართულ შეხვედრამდე ერთ მატჩში 5 გოლი არ გაეტანა. გარდა ამისა, მასპინძლებმა სამბურთიანი სხვაობით მოგება ისტორიაში პირველად შეძლეს.

6 – შედეგიანი მატჩი ზედიზედ. "გალათასარაის" ფორვარდმა ბურაქ ილმაზმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე "ბორდოს" ფორვარდ მარუან შამახს ერთპიროვნულად ეკუთვნოდა (2010 წელს). 27 წლის ფორვარდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო 4 შეხვედრაში გაიტანა, რის შემდეგაც თავი პლეი ოფშიც, "შალკესთან" გამართულ პირველ შეხვედრაში გამოიჩინა.

საპასუხო მატჩის წინ ფავორიტებად გელზენკირხენელები მიიჩნეოდნენ და მასპინძლები რომან ნოიშტედტერმა დააწინაურა, რომელიც გახდა მე-100 გერმანელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა მოახერხა. უფრო მეტი მეგოლე მხოლოდ ბრაზილიას (164), საფრანგეთს (148) და ესპანეთს (104) ჰყავთ. ჰამით ალთინთოფმა და ბურაქ ილმაზმა "გალათასარაი" დააწინაურეს, შემდეგ კი წონასწორობა მიშელ ბასტოსმა აღადგინა. სხვათა შორის, ალთინთოფი და ბასტოსი გახდნენ პირველი ფეხბურთელები, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში გოლები "შალკეს" სასარგებლოდაც აქვთ გატანილი და "შალკეს" კარშიც.

ბურაქ ილმაზმა ტურნირზე თავისი მერვე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს წამოეწია. საბოლოოდ, შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, უმუთ ბულუთმა გელზენკირხენელებს მესამე გოლიც გაუტანა. "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეორე გავიდა. ასევე, ფათიჰ თერიმის გუნდი გახდა პირველი კლუბი, რომელიც ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში გოლის გატანის გარეშე დამარცხდა და შემდეგ 1/4-ფინალში გავიდა.

1 – გუნდს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ორმატჩიანი დუელი, პირველ შეხვედრაში გოლის გატანის გარეშე, მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ. ეს ერთადერთი გუნდი "ბარსელონა" გახლავთ, რომელმაც "მილანთან" პირველ შეხვედრაში 0:2-ის შემდეგ, შინ 4:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"ნოუ კამპზე" პირველი ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელსაც იტალიური გუნდის კარში გოლი 9 შეხვედრის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.

არგენტინელმა საკუთარი რეკორდი ერთით გააუმჯობესა და ჩემპიონთა ლიგაში მე-16 დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, მესიმ რუუდ ვან ნისტელროი ჩამოიტოვა და ყველა დროის ბომბარდირებში ერთპიროვნულ მეორე ადგილზე გადავიდა – 25 წლის არგენტინელის ანგარიშზე 58 გოლია, პირველზე კი რაულია 71 გოლით.

"ბარსელონა" ასევე გახდა პირველი კლუბი, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. დავიდ ვილიას და ჟორდი ალბას ბურთების წყალობით, საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა (4:0) – ამაზე დიდი ანგარიშით "მილანს" ევროტურნირებზე (უეფას სუპერთასს არ ვთვლით) არასდროს წაუგია.

ამასობაში ჩავიმ ლიგაში 127-ე შეხვედრა ჩაატარა, იკერ კასილიასს წამოეწია და ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელებს შორის, მასთან ერთად მესამე ადგილზე აღმოჩნდა - პირველზე აქაც რაულია (142), მეორეზე კი რაიან გიგზი (133).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: გაუვალი დაცვა, პუპონე და გულგატეხილი გმირები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული