35 - წელი ვერ ახერხებდნენ შვეიცარიული კლუბები ევროტურნირების 1/2-ფინალში გასვლას. ეს სერია წინა ხუთშაბათს "ბაზელმა" დაასრულა. "ტოტენჰემთან" ორივე მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ (2:2, 2:2), "ბაზელმა" პენალტების სერიაში იმარჯვა და ევროპალიგის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. გარდა ამისა, ის გახდა პირველი შვეიცარიული გუნდი "გრასჰოპერის" შემდეგ, რომელმაც ევროტურნირების ამ ეტაპზე გააღწია. "კალიები" უეფას თასის 1/2-ფინალში 1977/78 წლების სეზონში გავიდნენ და სხვათა შორის, გზად (მერვედფინალში) თბილისის "დინამოც" დაამარცხეს.
მურატ
კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევა ევროპალიგაზე ნიუკასლში დაფიქსირდა. მატჩის ბოლო წუთზე ედუარდო სალვიომ ანგარიში გაათანაბრა, ევროტურნირებზე "ბენფიკას" ისტორიაში მე-600 გოლი გაიტანა და გუნდი ფინალურ ოთხეულში გაიყვანა.
19 - მატჩი მოგების გარეშე. ასეთი საოცრად უიღბლო სერია დაასრულა ვლადიკავკაზის "ალანიამ", როდესაც ორშაბათს სარანსკის "მორდავიას" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა როისტონ დრენტემ - 25 წლის ფეხბურთელმა კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა და გარდა ამისა, ერთ შეხვედრაში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე "რეალში" ჩატარებულ 46 თამაშში. ჰოლანდიელი გახდა მეოთხე მოთამაშე, ვინც რუსული პრემიერლიგის ამ სეზონში ერთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. მანამდე ჰეთ თრიქი შეასრულეს სომეხმა იურა მოვსესიანმა, ბრაზილიელმა ვანდერსონმა და ჩეხმა იან ჰოლენდამ.
11 - შედეგიანი მატჩი ზედიზედ - რობერტ ლევანდოვსკი საოცარ ფორმაშია. პოლონელის ეს სერია, ხანგრძლივობით, ბუნდესლიგის ისტორიაში მეორეა. "ფიურტთან" გატანილი ბურთის შემდეგ ლევანდოვსკიმ კლაუს ალოფსს გაასწრო, ვინც "კიოლნის" რიგებში 1984 წელს გოლის გატანა ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა. საუკეთესო შედეგის მფლობელი, რა თქმა უნდა, გერდ მიულერია - "ნაციის ბომბარდირმა" 1969-1970 წლებში თავი ზედიზედ 16 შეხვედრაში გამოიჩინა.
გერმანიაში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოირჩა. 17 წლის და 251 დღის ასაკში, პიერ ჰოიბერგი მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, ხოლო მაქსიმილიან არნოლდი (18 წლის და 321 დღის) გახდა "ვოლფსბურგის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლის გატანა შეძლო.
6 - გოლი გაუშვა "ბოკა ხუნიორსმა" და გასავარდნად განწირულ სან ხუანის "სან მარტინთან" 1:6 წააგო. ხუთბურთიანი სხვაობით "ბოკა" ბოლოს 2003 წელს დამარცხდა, როდესაც "როსარიო სენტრალთან" შერცხვა (2:7). ეს შედეგი კიდევ უფრო გასაოცარია იმის გათვალისწინებით, რომ "სან მარტინმა" ამ მოგებით 16-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 105-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.
ასევე, საინტერესოა ისიც, რომ არგენტინის პრიმერადივიზიონის ეგიდით, ანგარიშით 1:6 "ბოკამ" ბოლოს 25 წლის წინ წააგო და მისი მეტოქე მაშინაც "სან მარტინი" იყო, ოღონდ არა სან ხუანის, არამედ ტუკუმანის.
3 - უპასუხო გოლის გატანის შემდეგ "სანდერლენდმა" ტაინ-უირის დერბიში, ბოლო 46 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ასეთი დამაჯერებელი სხვაობით "შავმა კატებმა" ბოლოს 1967 წელს იმარჯვეს. გარდა ამისა, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში "სანდერლენდმა" "ნიუკასლის" კარში სამი გოლის გატანა პირველად მოახერხა.
"ნიუკასლმა", 1990 წლიდან მოყოლებული, პირველად ვერ შეძლო "სანდერლენდის" კარში გოლის გატანა. ჯორდებს თავიანთი ყველაზე საძულველი მეტოქის კარში გოლი ზედიზედ 25 შეხვედრის განმავლობაში გაჰქონდათ.
"ნიუკასლი" არ იყო ერთადერთი გუნდი ინგლისში, რომლის ხანგრძლივი სერიაც შეწყდა. ასოციაციის თასის 1/2-ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსის" 2:1 მოუგო და ამ ტურნირზე "არისტოკრატების" 30-მატჩიანი (!) წაუგებელი სერია დაასრულა. ძირითად დროში თასზე "ჩელსიმ" ბოლოს 2008 წლის 8 მარტს "ბარნსლისთან" წააგო. 2009, 2010 და 2012 წლებში თასი ლონდონურმა გუნდმა მოიგო, 2011 წელს კი "ევერტონთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სწრაფი გოლები და ბოლო წუთების დრამა