კვირა ციფრებში: სწრაფი გოლები და ბოლო წუთების დრამა

AutoSharing Option
ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სახეობაა, სადაც ერთ წუთში, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს. სწორედ ასეთი ფაქტების და შემთხვევების გამო არის ფეხბურთი ასე პოპულარული...

34 - წამი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როდესაც ემანუელ ადებაიორი იან ვერტონგენის გადაცემას გამოეხმაურა და "ტოტენჰემი" "ევერტონთან" დააწინაურა. "ტოტენჰემის" ფეხბურთელებმა ამაზე სწრაფი გოლი ბოლოს 12 წლის წინ გაიტანეს, როდესაც ლედლი კინგმა "ბრედფორდის" კარი მატჩის დაწყებიდან 10 წამში აიღო. ეს გოლი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფია. ადებაიორმა წლევანდელი სეზონის რეკორდი მაინც ვერ დაამყარა, რადგან ყველაზე სწრაფი ბურთი რობინ ვან
პერსის
ანგარიშზეა, რომელმაც 28 ნოემბერს "ვესტ ჰემის" კარი ერთი წამით ადრე (33-ე წამზე) აიღო.

"ტოტენჰემისგან" განსხვავებით, "ნიუკასლი" გოლებს მატჩის ბოლო წამებზე იტანს. პაპის დემბა სისემ "ფულჰემთან" გამართულ შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი 93-ე წუთზე გაიტანა. სენეგალელმა არბიტრის მიერ დამატებულ დროში უკვე მესამე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ამ მხრივ ის ლიგის ლიდერია. საერთოდ, "ნიუკასლმა" "სენტ ჯეიმს პარკზე" გამართული ბოლო 4 მატჩიდან სამში "3-ქულიანი" გოლი დამატებულ დროში გაიტანა.

13 - გოლი ლიბერტადორესის თასზე. ეს შედეგი არა რომელიმე ფორვარდს ან ნახევარმცველს, არამედ მეკარეს ეკუთვნის. როჟერიო სენიმ "სტრონგესტთან" გამართულ შეხვედრაში 11-მეტრიანი გამოიყენა და ლიბერტადორესის თასზე თავისი მე-13 გოლი გაიტანა. ყველაზე გასაოცარი კი ის ფაქტია, რომ ამ შედეგით 40 წლის მეკარე ლიბერტადორესის თასზე "სან პაულოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! ამ მატჩამდე 12-12 გოლით გუნდის საუკეთესო სნაიპერები სენი და ლუიშ ფაბიანო იყვნენ.

ამ გოლის მიუხედავად, ბრაზილიელებმა ის მატჩი წააგეს (1:2) და ახლა საკმაოდ დიდი შანსია, რომ "სან პაულო" ჯგუფში ჩარჩეს და ტურნირს გამოეთიშოს.

3 - გოლი გაიტანა სესკ ფაბრეგასმა "მალიორკასთან" (5:0) გამართულ შეხვედრაში და კარიერის პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა. 25 წლის ნახევარმცველი გახდა მეორე ესპანელი ფეხბურთელი, ვინც ამ საუკუნეში "ბარსელონას" მაისურით ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. პირველი იყო ლუის ენრიკე, ვინც სამი გოლი 2001 წელს ბილბაოს "ატლეტიკს" გაუტანა. "მალიორკასთან" შეხვედრაში არ უთამაშია ლიონელ მესის და აღსანიშნავია, რომ "ბარსას" არგენტინელის გარეშე უკვე 14 მატჩია, არ წაუგია.

უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 14-თვიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს ერიკ აბიდალი, ვისაც "კამპ ნოუ" ოვაციებით შეეგება.

2 - ბურთიანი სხვაობით აგებდა და მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი "ფიორენტინა" "მილანთან", რის შემდეგაც ფლორენციელები გარდაისახნენ და მილანელების კარში ორი გოლი გაიტანეს. "ფიორენტინა" გახდა მხოლოდ მეოთხე კლუბი, ვინც ამ საუკუნეში, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან, ასეთი რამ შეძლო. მსგავსი გმირობა ჩაიდინეს "მანჩესტერ სიტიმ" (2002 წელს, "ბლექბერნთან"), "სარაგოსამ" (2007 წელს, "ესპანიოლთან") და "ჩეზენამ" (2011 წელს, "პალერმოსთან"). "მილანს" თავის დამშვიდება მხოლოდ იმით შეუძლია, რომ გუნდმა გააგრძელა დაუმარცხებელი სერია, რომელიც უკვე 13 შეხვედრას მოიცავს. ასეთი გრძელი დაუმარცხებელი სერია "როსონერის" ბოლოს 2004 წელს ჰქონდა.

"მილანის" თანაქალაქელ "ინტერს" საქმეები ასე კარგად არ მისდის. "ინტერნაციონალემ" ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი წააგო. ასეთი უიღბლო საშინაო სერია მილანურ გუნდს ბოლოს 1956 წელს ჰქონდა. "ინტერი" "ატალანტას" 3:1-ს უგებდა, მაგრამ ხერმან დენისის მიერ 12 წუთში შესრულებული ჰეთ თრიქის წყალობით, 3:4 დამარცხდა. არგენტინელი ფორვარდი "ნერაძურისთან" ყოველთვის კარგად თამაშობს - ბოლო 3 შეხვედრაში 31 წლის ფორვარდმა "ინტერის" კარში 6 გოლი გაიტანა.

2 - გოლი არბიტრის მიერ დამატებულ დროში. დორტმუნდის "ბორუსიამ" საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზა - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ტურნირზე საკუთარი დაუმარცხებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა, რაც საკლუბო რეკორდია. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი გოლი ბოლოს 2005 წელს, "აიაქსმა" შვეიცარიული "თუნის" კარში გაიტანა, თუმცა მაშინ ანგარიში 2:2 იყო, შეხვედრა კი "აიაქსის" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

აი, უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც გუნდი 90-ე წუთზე აგებდა, მაგრამ დამატებულ დროში გატანილი ორი გოლით მოიგო, 1999 წელს "ნოუ კამპზე" დაფიქსირდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბაიერნს" 0:1 მოუტრიალა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სხვათა შორის, მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - "რეკორდმაისტერი" გახდა პირველი გუნდი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდა. ასევე, ამით დასრულდა იუპ ჰაინკესის ხანგრძლივი მოლოდინი, რომელმაც კარიერაში მესამე საჩემპიონო ტიტული 23-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ორ ჩემპიონობას შორის ამხელა ინტერვალი ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში არასდროს დაფიქსირებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: "წითლების" მიღწევა და ბევრი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული